x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა არის კატასტროფა

ბრექსიტის საწინააღმდეგო აქცია ლონდონშიფოტოზე: ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა აქცია ლონდონში


"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი, " თქვა ზურაბ ჟვანიამ, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა და როცა მას, ზურაბ ჟვანიას, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს, საზეიმოდ მოულოცეს ეს გამარჯვება.


დიახ, გამარჯვება! რადგან ევროსაბჭო არის გამარჯვება. ევროკავშირიც გამარჯვებაა. ევროსასამართლოც გამარჯვებაა. ევროპარლამენტიც. ყველა ევროპული სტრუქტურა გამარჯვებაა.


ევროპული ინტეგრაციის თითოეული ნაბიჯი, ევროპული ინტეგრაციის თითოეული დღე გამარჯვებაა.



ყველაფერი, რაც ევროპელებს ერთმანეთთან გვაახლოებს, გამარჯვებაა.


ჩვენი, ევროპელების საერთო გამარჯვება.


არამარტო ევროპის და ევროპელების, დასავლეთის საერთო გამარჯვება.


დასავლური ცივილიზაციის საერთო გამარჯვება.


ადამიანთა მოდგმის საერთო გამარჯვება.


სიცოცხლის გამარჯვება.


რადგან ჩვენ: ქართველები, ლიტველები, ამერიკელები, კანადელები, გერმანელები, ფრანგები, უკრაინელები, მოლდოველები, რუმინელები, ხორვატები, ნორვეგიელები, შვეიცარიელები, ჰოლანდიელები, ესპანელები, იტალიელები, ალბანელები, პორტუგალიელები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, ბელგიელები, ლუქსემბურგელები, დანიელები, შვედები, ფინელები, ლატვიელები, პოლონელები, ესტონელები, ჩეხები, ბულგარელები, სლოვაკები, სლოვენიელები, ჩრდილოეთი მაკედონიელები, ბერძნები, კვიპროსელები, მალტელები, სან-მარინოელები, მონაკოელები, ვატიკანელები, ლიხტენშტაინელები, უნგრელები, ისლანდიელები და სხვა და სხვა ევროპული და დასავლური ერების წარმომადგენლები რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით ერთმანეთს, მით უფრო ძნელად დაგვამარცხებს ომის ღმერთი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, კიბო, ჰეპატიტი c, შიდსი, უსიყვარულობა, უგზობა, უშუქობა, შიმშილი, გაუნათლებლობა, დიქტატურა, ძალმომრეობა, უსამართლობა, სიბერე, მარტოობა და ყველა ის სხვა უბედურება, რისი მოფიქრება და გააზრებაც ადამიანის გონებას ძალუძს, რადგან ძალა არის ერთობაში და ერთობა არის ჩვენი ძალა.


"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი."


ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ ამ ფრაზის უდიდესი მნიშვნელობა, ხოლო მერე, როცა გავიაზრებთ, უნდა ვცადოთ, რომ დანარჩენი ევროპა და დანარჩენი დასავლეთი ბევრად უფრო აქტიურად დაეხმაროს საქართველოს და საქართველოც ბევრად უფრო აქტიურად დაეხმაროს დანარჩენ ევროპას და დანარჩენ დასავლეთს. ჩვენ არ უნდა დავიმორცხვოთ. ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს არც მეტი ევროპული ინტეგრაციის მოთხოვნის, არც მეტი დასავლეთის მოთხოვნის, არც მეტი ევროპის მოთხოვნის და არც თუნდაც მეტი დახმარების მოთხოვნის.


ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა განსაცდელების წინაშე ვდგავართ და რამხელა განსაცდელების წინაშე დგას ჩვენი არცთუ ისე მყარი დასავლური ერთიანობა დღეს.


რადგან დღეს პუტინი ბევრად უფრო მეტ ინტეგრაციას სთავაზობს ევრაზიულ კავშირში მყოფ ქვეყნებს, ვიდრე ჩვენ, ამერიკელები და ევროპელები ვთავაზობთ ერთმანეთს და ეს არის უდიდესი შეცდომა, რისი ჩადენაც კი ჩვენ შეგვიძლია.


კატასტროფა იყო, დონალდ ტრამპმა ევროკავშირის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები რომ გაამკაცრა. ბრექსიტიც კატასტროფაა. კატასტროფაა, ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში მუშაობის, განუსაზღვრელი ვადით დარჩენის და უძრავი ქონების შეძენის უფლება რომ არ გვაქვს. კატასტროფაა, ამერიკელებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის, განუსაზღვრელი ვადით დარჩენის და უძრავი ქონების შეძენის უფლება რომ არ აქვთ. კატასტროფაა, რომ არც ევროკავშირის მოქალაქეები არ სარგებლობენ ამერიკაში ანალოგიური უფლებებით. კატასტროფაა, რომ არც ამერიკის და ევროკავშირის მოქალაქეებს არ აქვთ საქართველოში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების, მიწის შეძენის და მუშაობის უფლება.


ჩვენი ინტეგრაციის ტემპები აბსოლუტურად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ასე თუ გავაგრძელეთ, ვერაფერი ვეღარ გადაგვარჩენს. დავიღუპებით! რადგან პუტინი არ არის ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგე.


ჯანდაბა! არ არის!


და არც, ადამიანმა რომ თქვას, ჩინეთის კომპარტიაა ვანილმოყრილი ფუნთუშა.


მოვა დრო, ისევ გაძვირდება ნავთობი და გაზი, რუსეთს ექნება ბევრი, ძალიან ბევრი ფული და აი მაშინ კი სამუდამოდ დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც, ლიბერალიზმსაც, დემოკრატიასაც და სიცოცხლესაც. რადგან სადმე დანიიდან, შვედეთიდან ან ამერიკიდან დეპორტირებული და გამწარებული ქართველები, მოლდოველები, სერბები თუ უკრაინელები წავლენ რუსეთში, სადაც მათ სიხარულით მიიღებენ და აცხოვრებენ უმდიდრეს რუსულ ქალაქებში. ამ ადამიანებს სამუდამოდ შეერყევათ რწმენა დასავლური ფასეულობების მიმართ და ისინი თანდათან პუტინის მარიონეტები გახდებიან.


არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უკვე დაკარგული გვაქვს სომხეთი, ეს უძველესი ევროპული ქვეყანა. სომხები, უყურებენ რა იმას, თუ რა ამაზრზენად ექცევა დასავლეთი მსოფლიოში ყველაზე პროდასავლურად განწყობილ ერს – ქართველ ერს, უყურებენ რა იმას, თუ რამდენად მომხმარებლურად ვუყურებთ ერთმანეთს და რამდენად გვძულს ერთმანეთი ამერიკელებს და ევროპელებს, არც კი ფიქრობენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, რადგან სომხები უკვე ინტეგრირებულები არიან რუსულ სივრცეში, სადაც მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი შრომა თუ სხვა სახის რესურსები. სომხებს უპრობლემოდ შეუძლიათ, საკუთარი პასპორტებით იცხოვრონ რუსეთის ნებისმიერ წერტილში და არ ჰქონდეთ შიში, რომ არალეგალური შრომისთვის ან ცხოვრებისთვის ვინმე დააჯარიმებთ და დასჯით.


ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ სანქციების მიუხედავად მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 5000 დოლარით აჭარბებს უმდიდრესი გერმანული რურის ოლქის ანალოგიურ მაჩვენებელს, შეადგენს რა 46 000 დოლარს.


ჩვენ ერთადერთი, რაც რუსეთს შეგვიძლია დავუპირისპიროთ, არის მეტი ღიაობა, მეტი ლიბერალიზმი, მეტი დემოკრატია, მეტი ინტეგრაცია, მეტი ჰუმანიზმი და მეტი სოლიდარობა. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ გისოსებს ვამაგრებთ და კედლებს ვაშენებთ, რათა სხვა ევროპელი თუ ამერიკელი, რომელსაც ჩვენზე 2 ევროთი ნაკლები შემოსავალი აქვს ან ოდნავ უფრო ღია თუ ოდნავ უფრო მუქი ფერის კანი, არ გვესტუმროს. ჩვენ ერთმანეთი გვეზიზღება, პუტინს კი არავინაც არ ეზიზღება. და არც უყვარს. მას ჩვენი დაჩოქება და დამონება სურს მხოლოდ. მას სურს, რომ ევროპელებს და ამერიკელებს საკუთარი ბინძური მუშტი ზედ ტუჩებთან მოგვიტანოს, ხოლო ჩვენ ვუყნოსოთ და ვაკოცოთ მის მუშტს, რომელსაც სისხლის სუნი ასდის, უდანაშაულო ადამიანების სისხლის სუნი.


და ის ამას ძალიან მალე ძალიან დიდი წარმატებით გააკეთებს, გონს თუ არ მოვეგებით.


საკუთარ მუშტს ის ყველას ბოლომდე ჩაგვთხრის იდიოტურად გახსნილ-დაღებულ პირებში.

აგვისტოს ომიფოტოზე: 2008 წლის აგვისტოს ომი

1
67
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
67
  
2019, 18 თებერვალი, 17:34
დედბს მოვუკითხავ ყველას: პუტინსა და ტრამპს, ქალბატონ მეისა და მერკელს, ბატონ მარკონსა თუ ჩინეთის კომპარტიის მდივანს(მაგის სახელი ვერ დავიმახსოვრე), მოკლედ ყველას, ვინც დღევანდელ პოლიტიკას ჰქმნის და რაც მთავარია: მე ვარ ქართველი და ვარ კავკასიელი! "ყოველი ნამდვილი პატრიოტი - კოსმოპოლიტია ისევე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია" - აი ჩემი კრედო!
0 1 1