x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86260
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
ეგოს დაცვის მექანიზმების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში

image
ეგოს დაცვის მექანიზმები წარმოადგენენ ფსიქიკურ სტრატეგიებსა და ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ეგო ცხოვრების მიმდინარეობისას განცდილი კონფლიქტებისგან იცავს თავს. ეგო (იდთან და სუპერეგოსთან ერთად) არის პიროვნების ერთ-ერთი ასპექტი, "რეალური მე", განსჯის, იდსა და სუპერეგოს შორის კონფლიქტის რაციონალურად მოგვარების ფუნქციით. ახლა კი გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს ეს მექანიზმები და როგორ გვეხმარებიან ისინი ყოველდღიური სტრესისაგან გათავისუფლებაში.

1. პირველი და უმთავრესი მექანიზმია რეპრესია (განდევნა) - პროცესი, რომელიც იცავს ინდივიდს გამოხატვისთვის მიუღებელი და სახიათო იმპულსების გამო განცდილი შფოთვისა და დანაშაულის გრძნობისაგან. ამ დროს ადამიანი ცდილობს ცნობიერებიდან განდევნოს მოვლენა, რომელმაც ის დიდ სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდო და ტკივილი მიაყენა.

2. რეალობის უარყოფა - თავდაცვა არასასურველი რეალობისგან მასზე უარის თმის პრინციპით. ასე, მაგალითად, ზოგი ადამიანი უარს ამბობს საყვარელი ადამიანის დაკარგვის აღიარებაზე.

3. ფანტაზია - აქ იგულისხმება ნებისმიერი ოცნება, წარმოსახვა, წარმოდგენა თქვენს გონებაში იმ სასურველი რეალობისა თუ მომავლისა, რომელშიც გსურთ ცხოვრება, რომელშიც ხედავთ საკუთარ თავს. ეს მეტწილად დაგეხმარებათ თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებასა და მიზნების მიღწევაში. ასე რომ, იოცნებეთ, გახადეთ თქვენი წარმოსახვითი სამყარო უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამის მიუხედავად არ უნდა დაკარგოთ რეალური აღქმის უნარი

4. იდენტიფიკაცია - საკუთარი თავის გაიგივება იმ ადამიანთან, რომელიც სამაგალითოა ჩვენთვის, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს დედა, რომელიმე სხვა ოჯახის წევრი თუ ცნობილი პიროვნება. სამაგალითო ადამიანი არის მაქსიმალურად იდეალურთან მიახლოებული ხატი. ამას თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს. იდენტიფიკაცია გვეხმარება ჩვენში ახალი დადებითი თვისებების აღმოჩენასა და ნაკლოვანებების გადახარისხებაში.

5. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაცვით მექანიზმს წარმოადგენს პროექცია - სხვა ვინმესთვის ან რამესთვის იმ გრძნობებისა თუ აკრძალული სურვილების მიწერა, რომლებიც თავად ამ ადამიანშია - იგივე გადაბრალება.

6. იზოლაცია - შფოთვის გამომწვევი ასპექტების ფსიქიკიდან განცალკევება. უნარი, როცა ადამიანს შეუძლია საზიანო სიტუაციიდან ემოციური მუხტის მოშორება და, შესაბამისად, მეტად ადეკვატური ქცევა. ადამიანები ხშირად სტრესულ მოვლენებს აღწერენ ისე, თითქოს ის ვიღაც სხვას, მესამე პირს გადახდა. იზოლოციის მექანიზმს აქტიურად იყენებს მრავალი პროფესიული სფერო, სადაც გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა და ამის საფუძველზე მიჯაჭვულობა არასასურველია, მაგ: ექიმი, ფსიქოლოგი, იურისტი და სხვ.

7. რეგრესია - განვითარების ადრეულ ეტაპზე ან ბავშვობაში დაბრუნება რაიმე ქმედებით შფოთვის შემცირებისა და რეალურ აზროვნებაზე უარის თქმის პრინციპით. რეგრესია შეიძლება ასახავდეს ცნობიერიდან ბავშვობაში განდევნილ აკრძალვებს. რეგრესიის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბავშვობის საყვარელ თოჯინასთან ერთად დაძინება, ბავშვურად ამეტყველება და ა.შ

8. ჩანაცვლება - მიუღებელი იმპულსებისა და სახიფათო ობიექტის შედარებით უფრო მისაღები და ნაკლებად სახიფათო ობიექტით შეცვლა. ჩანაცვლება შეგვიძლია რაიმეს ან ვინმეს მიმართ "ჯავრის ყრასაც" ვუწოდოთ.

9. რაციონალიზაცია - ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი აზრებისთვის ახსნის, მიზეზების მოძიება. რაციონალიზაცია ეხმარება ადამიანს ლოგიკურად და მორალურად მისაღები ახსნა მოუძებნოს თავის ქცევას. ამის მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის მდგომარეობა, როდესაც რაიმე კონკრეტულ, წინასწარ დაგეგმილს ვერ განვახორციელებთ, თუმცა შემდგომ იმის გამო, რომ ძალიან არ განვიცადოთ, ვუძებნით შესაძლო გამართლებას, ანდა უარყოფით მხარეებს, რომელიც მოსალოდნელ გეგმას თან ახლდა.

10. რეაქციის ფორმაცია - სახიფათო ქცევებისა და გრძნობების შეჩერება რადიკალურად საწინააღმდეგო ქცევების განხორციელებით. რეაქციის ფორმაცია ხშირია ბავშვებში, როდესაც გაღიზიანებისა თუ დაღლილობის ნიადაგზე დედასთან ჩახუტების სურვილის მიუხედავად ისინი აგრესიულად ხელს კრავენ დედას.

11. დაბოლოს, ყველაზე მასშტაბური და წარმატებული დაცვის მექანიზმია სუბლიმაცია - მძლავრი
ლტოლვების შემოქმედებით ხასიათად გარდაქმნა. ეს შეიძლება იყოს ხელოვნება, კულტურა, სოციალურად ღირებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელშიც ადამიანი მთლიანად ჰპოვებს განტვირთვასა და დაძაბულობის რედუქციას (შემცირებას).

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0