x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86263
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
სიზმრის ფსიქოლოგია

image
რა არის სიზმარი? როგორ ჩნდება ის ჩვენს ქვეცნობიერში? როდის და რატომ ვხედავთ მას? რეალურია თუ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი? ამ კითხვებზე პასუხი ადამიანებს უძველესი დროიდან აინტერესებდათ და საუკუნეების განმავლობაში მისი “საიდუმლოებების“ ამოხსნას ცდილობდნენ. სიზმარზე უამრავი მოსაზრება არსებობდა. ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმიტიული აზრი სიზმრის ზებუნებრივ ძალებზე. ისინი მას „სულის" თავგადასავლად თვლიდნენ, რომელიც თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. დროთა განმავლობაში შეიცვალა წარმოდგენები სიზმარზე, მის ზებუნებრივ ბუნებაზე. შემდეგ წლებში გამოთქვა აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის და ის წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ივანე სეჩენოვმა მას “არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია უწოდა“.

ძილისა და სიზმრების შესახებ წარმოდგენებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებებმა. სწორედ მისი წყალობით რადიკალურად შეიცვალა სიზმრის ახსნისადმი მიდგომა. 1900 წელს გამოიცემულ მონოგრაფიაში “სიზმრის ახსნა" ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მასში განმარტებულია სიზმრის ზოგადი მნიშვნელობა. ფროიდი წერდა, რომ “ყოველი სიზმარი ასახავს რომელიმე დათრგუნული ან განდევნილი მოთხოვნილების ასრულებას“. იგი თავის კლასიკურ ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ ამ მოვლენას „არაცნობიერებისკენ მიმავალ სამეფო გზად“ თვლიდა. ფროიდმა სიზმრები გამოიყენა თერაპიული ჩარევის დროს და ამ მოვლენას მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრა. ის წერდა, რომ სიზმრებით ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ყველაზე დაფარულ, ცნობიოერებისთვის მიუღწეველ სურვილებსა და ფანტაზიებს.

მანამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ითვლებოდა ცნობიერება, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებები და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ჩვენს ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებები. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. თუ სურვილები სიზმარში შენიღბული, დაფარული სახით გვეძლევა ცენზურა ახორციელებს დაფარული მნიშვნელობის გარდასახვას ხოლულ შინაარსად, რომელიც დამახინჯების პროცესის შედეგად იმ სახის სიზმრად ყალიბდება, რომელსაც ხედავს მძინარე ადამიანი. შინაარსის დამახინჯების ამ პროცესს ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებს (Freud, S. 1900).

ფროიდის მიხედვით, სიზმრის ინტერპრეტაცია უკუმიმართულებით მუშაობს ხილულიდან ფარული შინაარსისკენ.

ფარული შინაარსი გულისხმობს სიზმრის დაფარულ აზრებს.

ხილული შინაარსი - სიზმრის შინაარსის ზედაპირული მხარე, რომელიც მოწოდებულია სიზმრის რეალობის შესანიღბად.

სიზმრის მუშაობა - პროცესი, რომელთაც შინაგანი ცენზურა სიზმრის ფარულ შინაარს ხილულად გარდაქმნის.

გეშტალტ თერაპიის მიხედვით, სიზმარი პიროვნების შემოქმედების ნაყოფია, სხვა ადამიანის ან უცნობი ობიექტის სიზმარში ხილვა ამავე პიროვნების წარმოდგენაა. გეშტალტთერაპევტები მთავარ არსს გადმოსცემენ სიტყვებით-“განასახიერე შენი სიზმარი და გაიგებ როგორი ხარ შენ".

ადამიანები ძილში უამრავ სიზმარს ვხედავთ, მაგრამ ხშირად გაღვიძების შემდეგ დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ მათ გახსენებას. გვემახსოვრება თუ არა სიზმარი ეს გაღვიძების ტიპზეცაა დამოკიდებული. რადგან სიზმრების დიდ ნაწილს ვერ ვიმახსოვრებთ ადამიანებს უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, ვაცნობიერებდეთ რომ სიზმარს ვხედავთ, როდესაც სიზმარს ვხედავთ? არსებობს გააზრებული სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ამას ლუციდურ სიზმრებს უწოდებენ. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს.

დაკვირვებადი სიზმრების თეორიის მომხრეების აზრით, ცნობიერების შენარჩუნება სიზმრის ხედვის პროცესში სწავლებადი და რეგულარული პრაქტიკით გავარჯიშების უნარია. ეს მძინარეს სიზმრის მიმართულების კონტროლის საშუალებას აძლევს. დაკვირვებადი სიზმრების გამოწვევის მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, მძინარე ადამიანებს უკეთებენ სპეციალურ სათვალეს, რომელშიც ძილის დაფიქსირებისას წითელი სინათლე ინთება. ცდის დაწყებამდე მონაწილეებმა ისწავლეს, რომ წითელი სინათლის გამოჩენისას უნდა გააცნობიერონ, რომ სიზმარს ხედავენ. როცა აცნობიერებენ რომ სიზმარს ხედავენ ცდის პირები დაკვირვებადი სიზმრების მდგომარეობაში გადადიან, რომელშიც შეუძლიათ თავიანთი სიზმრების გაკონტროლება, მათი შინაარსების წარმართვა პიროვნული მიზნების შესაბამისად და თავიანთი სურვილების შესაბამისად სიზმრის დასრულება. სიზმრის ნახვის შესაძლებლობა მატულობს, თუ მძინარე ადამიანს სჯერა ასეთი სიზმრების და რეგულარულად იყენებს მათ გამომწვევ ტექნიკას(Brogaard, 2012)

სიზმრის რამდენიმე კატეგორია არსებობს. ესენია:

  • კომპენსატორული­- ეს ის სიზმრებია, რომელშიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახორციელებთ და მასზე ვოცნებობთ. ასეთი ტიპის სიზმრის ფუნქციაა დააბალანსოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, მისცეს გასაქანი დაუკმაყოფილებელ სურვილებს, აზრებს თუ ემოციებს. ასეთი ხერხით ნერვული სისტემა ინარჩუნებს წონასწორობის მდგომარეობას.

  • შემოქმედებითი - ამ ტიპის სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. ეს პროცესი ძილშიც გრძელდება იმის გამო, რომ არაცნობიერი მეტად რეალიზდება ძილში, სადაც უფრო თავისუფალია ვიდრე ღვიძილის დროს. როგორც წესი, ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. ცნობილია, რომ პოლ მაკარტნიმ სიზმარში მოისმინა “ბიტლზის“ ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “Yesterday“.

  • განმეორებადი - იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად მეორდება, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რაღაც პრობლემა გადაუჭრელი გვრჩება. არაცნობიერი ყოველ ჯერზე გვაძლევს სიგნალს, რომ რაღაც დაუმთავრებელია.

  • სიტუაციური - ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. როგორც წესი, ისინი გარემო ზემოქმედების შედეგად გვესიზმრება. მაგალითად: საათის წიკწიკი, კარის ხმა და ა.შ. ამ სიზმრებს არ გააჩნიათ აზრობრივი დატვირთვა თუ ისინი არ განეკუთნებიან განმეორებადი სიზმრების კატეგორიას.

  • სიზმარი გაგრძელებით ანუ “სერიალი“ - იმ შემთხვევაში, როდესაც გვესიზმრება სიზმრები, რომელთაც აქვთ გაგრძელებები მომდევნო სიზმრის ნახვისას, ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამ შემთხვევაში საჭიროა მოხდეს ამ ნაწილების კომპლექსური ანალიზი, რომ ნათლად დავინახოთ რაზეა ჩვენი “ფილმი", რა კონკრეტულ პრობლემას უკავშრდება ეს სიზმარი და რა არის მისი არსი.

  • ფიზიოლოგიური - ამ სიზმრების შინაარსი განპირობებულია გარემო პირობებით, რაც იმ მომენტისთვის ძილში ყოფნის დროს ჩვენზე მოქმედებს. მაგალითად: სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს. შგრძნება იმისა, რომ მაღლიდან ვარდებით სინამდვილეში საწოლიდან ჩამოვარდნაა.

  • გამაფრთხილებელი - ეს სიზმრები, როგორც წესი, დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის შეხსენებასაც ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით. მაგალითად: ნახულობ სიზმარში, რომ მანქანის მუხრუჭი გიფუჭდება. სინამდვილეში შენმა არაცნობიერმა იცოდა, რომ მანქანის მუხრუჭი გამოსაცვლელი იყო, მაგრამ ყოველდღიური საქმეები არ გვაძლევდნენ ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას, ამიტომაც ხდებოდა ისე, რომ ვდევნიდით ამ სიტუაციას არაცნობიერში და ვივიწყებთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

Brogaard, B. (2012). Lucid Dreaming and Self-Realization. ინტერნეტი: https://www.psychologytoday.com/us/blog/the-superhuman-mind/201212/lucid-dreaming-and-self-realization; ბოლო ნახვა, 11 თებერვალი, 2019

Freud, S. (1900). The Interpretation of Dreams; Germany

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0