x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86264
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
როგორია სიყვარულის „გენეალოგია”...

რაც კაცობრიობა არსებობს, სიყვარულის არსის ახსნის უამრავი „ფორმულა” გაჩნდა, მაგრამ ფსიქოლოგები მაინც იმაზე „შეთანხმდნენ”, რომ სიყვარული არის ჰარმონიული შეთანხმება მოთხოვნილებებსა და სულიერ კომფორტს შორის.

აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი, როდიდან იწყებს სიყვარულის ინტენსივობა კლებას და რა ხდება მაშინ, როდესაც შეყვარებულ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია.

image


სიყვარულს ასაკი არ აქვს – ეს არის გავრცელებული თეზა, რომელსაც მეც ვიზიარებ. სიყვარულს არ აქვს ასაკი, მაგრამ, აქვს ინტენსივობა: 35 წლამდე ასაკში ადამიანს უფრო ხშირად უყვარდება, ვიდრე შემდეგ. ფსიქოლოგიური განმარტებით, სიყვარული არის ჰარმონიული შეთანხმება მოთხოვნილებებსა და სულიერ კომფორტს შორის, სხვადასხვა ასაკში სიყვარულის განცდის სპეციფიკა სხვადასხვაა.

სიყვარულის ერთ-ერთი საფუძველი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ზრდასრულ ასაკში ადამიანი ინტიმურ ურთიერთობებს აღიქვამს როგორც ფიზიკური სიამოვნებისა და სულიერი კომფორტის ერთიანობას, რაც სხვა მახასიათებლით ხასიათდება მოზარდობისა და თინეიჯერულ ასაკში. მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით გოგონებში, ფსიქოლოგიურ-ემოციური ასპექტები სრულიად განცალკევებულია ფიზიკური მოთხოვნილებებისგან.

მათთვის სიყვარულის ემოციური ნაწილი გაიდეალებულია, ფიზიკური – ინტერესის მიუხედავად, მაინც შედარებით სუსტი, რაც არაა დაკავშირებული ამაღლებულ განცდებთან. ეს, ზოგადად, აღზრდისა და კულტურის შედეგია. ბიჭების შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში, ეს პირიქით ხდება – მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ფიზიკური მოთხოვნილების მიმართ, ცოტა უფრო „აგდებული” – სიყვარულის ემოციური მხარის მიმართ.

მოზარდობის ასაკში სიყვარული სოციალური გრძნობაა. მოზარდებს ახასიათებთ კომფორმისტული დამოკიდებულება სოციუმის მიმართ, რომელშიც ტრიალებენ. ამ ასაკში მოზარდები ძირითადად ამოირჩევენ ხოლმე პოპულარულ, გამორჩეულ თანატოლს და ყველას ის უყვარდება, რაც იმითაც არის გამოწვეული, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სოციუმის, საზოგადოების აღიარება. თინეიჯერულ ასაკში პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია „მონადირულ” ინსტინქტზე. ასეთ დროს, როცა ახალგაზრდა გამოსულია ბავშვობის ასაკიდან, აღარ ემორჩილება მშობლებს, ეძებს თავგადასავლებს, რაც ძირითადად სიყვარულს უკავშირდება. ამ ასაკში სიყვარული ექსპერიმენტულია.


გოგონაც და ვაჟიც ცდილობენ, საწინააღმდეგო სქესის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი „მოინადირონ”, რადგან ამ ასაკში არჩევნის მრავალფეროვნების შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველია. ეს ხდება გულწრფელად, გაუაზრებლად; ყველა სიყვარული ჰგონიათ, რომ ის არის ნამდვილი სიყვარული; შეიძლება ითქვას, ეს ასაკი ყველაზე მძაფრი სიყვარულით არის გამორჩეული და, ცხოვრების სხვა ეტაპებთან შედარებით, ძალიან გულწრფელია. რაც შეეხება სიყვარულს სრულწლოვან ასაკში, როდესაც ადამიანს უკვე აქვს მიღებული დიდი გამოცდილება, მისგან გამოწვეული აღმაფრენა და ტკივილი, რაც ახასიათებს სიყვარულს, ეს გრძნობა უკვე გაცნობიერებულია. როცა ადამიანმა იცის, რა უნდა, შეგნებულად ეძებს ისეთ ფსიქოტიპს, ვინც მისთვის არის საინტერესო; რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, სიყვარული მეტად გაცნობიერებულია და გრძნობა ხდება უფრო „ბრძენი”. ადამიანმა იცის, რა შინაარსის არის მისი მოთხოვნილებები და, შესაბამისად, იყვარებს მისთვის შესაბამის ობიექტს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ემოციის გაჩენას სჭირდება 90 წამიდან 4 წუთამდე დრო – ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიყვარული, თუმცა, არის მისი წინაპირობა.



0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0