x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
რევოლუციური ხასიათის სიახლე კიბოს წინააღმდეგ

ტიზოტუმაბ ვედოტინი

კიბოს შემსწავლელი ბრიტანული ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს ძალიან ეფექტური მედიკამენტი, რომელსაც გადატრიალების მოხდენა შეუძლია 6 სახეობის ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც "ბი ბი სი" იუწყება, აღნიშნულმა მედიკამენტმა უკვე განვლო კლინიკური გამოცდის ეტაპი და მზად არის მასობრივ წარმოებაში დასანერგად.


რევოლუციური ხასიათის მქონე ახალი თერაპია ეფუძნება "ტროას ცხენის" პრინციპს: მკვლევარებმა შეძლეს, ტოქსიკური მოლეკულები შეენიღბათ უწყინარი ანტისხეულების მიღმა. ამგვარი გზით ტოქსიკური მოლეკულები დაუბრკოლებლად ხვდებიან სიმსივნის შიგნით და ანგრევენ მას.


ახალი პრეპარატის გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს ≥18 ასაკის პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნდათ ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიების შორსწასული ფორმები და რომლებსაც მკურნალობის სხვა სახეობები უკვე ვეღარ ეხმარებოდა.


ყველაზე საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა შარდის ბუშტის და საშვილოსნოს ყელის კიბოს მქონე პაციენტებში: 4 ადამიანს ან ზომაში შეუმცირდა კიბო, ან კიდევ, კიბომ შეწყვიტა ზრდა, 6-დან 9, 5-მდე თვის მანძილზე.


გარდა ამისა, თერაპია აღმოჩნდა ეფექტური საჭმლის მომნელებელი სისტემის, ფილტვის (მსხვილუჯრედოვანი), პროსტატის და საკვერცხეების კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.


წამალი, რომელსაც მკვლევარებმა ტიზოტუმაბ ვედოტინი დაარქვეს, არის ქიმიო და იმუნოთერაპიების სინთეზი.


ტიზოტუმაბ ვედოტინის მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ტოქსიკური ნივთიერება მაგრდება ანტისხეულის ბოლოში, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს ბმას CD142 პროტეინთან (CD142 პროტეინი ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვება ავთვისებიანი სიმსივნის ზედაპირზე). ამის შედეგად სიმსივნე "ყლაპავს" ციტოტოქსიკურ პრეპარატს, რომელიც უშუალოდ სიმსივნის შიგნით, უჯრედულ დონეზე იხსნება და ახორციელებს კიბოს მოწამვლას.


აღნიშნულ თერაპიას გვერდითი ეფექტებიც გააჩნია, ძირითადად ისეთები, როგორებიცაა გულისრევის შეგრძნება, მომატებული დაღლილობა და სისხლდენა ცხვირიდან, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები უმრავლეს შემთხვევაში სრულებით ასატანია.


მედიკამენტის გამოცდაში პირველ ეტაპზე მონაწილეობა 150-მდე პაციენტმა მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა მკურნალობა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მკვლევარებმა ძალიან სწრაფად დაიწყეს გამოცდის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებს უკვე რამდენიმე ასეული პალიატიური მზრუნველობის ეტაპზე მყოფი უკურნებელი პაციენტი.


ჯოან დე ბონოს სიტყვებით, რომელიც ამ კვლევებს უდგას სათავეში, ახალი მედიკამენტი განსაკუთრებით ეფექტური იქნება ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ყელის და თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში.


ტიზოტუმაბ ვედოტინის შემქმნელების სიტყვებით აღნიშნული პრეპარატი მასობრივ წარმოებაში უკვე მაქსიმუმ 2024 წლისთვის ჩაეშვება.


თეორიულად იგივე ეფექტი მომავალში სხვა სახეობის მედიკამენტებისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული და უჯრედულ დონეზე სიმსივნეში შეიგზავნოს არამარტო ციტოტოქსიკური, არამედ ციტოსტატიკური პრეპარატებიც და როცა სიმსივნური უჯრედი რეზისტენტური გახდება ერთი სახეობის მედიკამენტის მიმართ, მასში დაუყოვნებლივ მეორე სახეობის მედიკამენტი შევგზავნოთ "ტროას ცხენის" მსგავსად და ამით ძალიან მნიშვნელოვნად (თუნდაც წლობით) გავუხანგრძლივოთ პაციენტს სიცოცხლე.


ამრიგად, ტიზოტუმაბ ვედოტინს ყველაზე შთამბეჭდავი და რევოლუციური რაც გააჩნია, "ტროას ცხენის" ეფექტია, რაც სამომავლოდ უამრავი განსხვავებული და ძალიან ეფექტური პრეპარატის ან პრეპარატების ერთობლიობის (კომბინირებული თერაპია) უჯრედში შესატანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0