x
image
მადამ ფისუნია
სიკეთის დედოფალი

image

ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როდესაც ღმერთებიც კი ჯერ არ დაბადებულიყვნენ, პატარა პრინცესა ცხოვრობდა. მას ღრუბლების პრინცესა ერქვა, რადგან სულ მოწყენილი იყო, ღრუბლებზე იჯდა და ტიროდა, . მისი შემქმნელი დედა ღრუბელი დიდი ხნის წინ შეჯახებოდა სხვა ღრუბელს და გამქრალიყო. პატარა პრინცესა სხვა კეთილმა ღრუბლებმა შეიფარეს და გაზარდეს.
სწორედ მისი ცრემლებისა და მოწყენილობის გამო სამყაროში გამუდმებით ბნელოდა და წვიმდა. ერთხელ პრინცესა ღრუბლიდან გადმოვარდა და თავისსავე უნებლიედ წყვდიადმოსილ სამყაროში დაიკარგა. მაშინ მიხვდა, რომ არ მოსწონდა ბინდით მოცული სამყარო და პირველად შეწყვიტა ტირილი.
მოწყენილი სიბნელის გასაფანტად ღრუბლების პრინცესამ მზე შექმნა. სურდა საუკუნეების მანძილზე საკუთარი ცრემლითა და სევდით დაბურული სამყარო გაენათებინა, თუმცა ვერ შეძლო.
მზე ძალიან პატარა აღმოჩნდა ამხელა პასუხისმგებლობისთვის.


ამ მანათობელი ბურთის შექმნამ პატარა პრინცესას დიდი ენერგია წაართვა, და (თუმცა სცადა), მან ვეღარ შეძლო მეორე, მზის შექმნა. მის სანაცვლოდ პრინცესამ პატარა მზეები შექმნა რომლებსაც ვარსკვლავები უწოდა და ცაზე ქაოტურად გააბნია.
მერე გადაწყვიტა სამშობლო შეექმნა და დედამიწა გააჩინა. ეს სახელიც მშობელი დედის სიყვარულით დაარქვა, მშობელი დედის, რომელიც მას არასოდეს ჰყოლია. პრინცესა ისევ თავის ღრუბელზე შემოჯდა და ბნელი, უკუნითი სამყაროდან მზეებით განათებულ დედამიწაზე პირველი ემიგრანტი თავად გახდა.
პრინცესამ, დედამიწაზე ადამიანები შექმნა და მათ სიყვარული ასწავლა.
მაგრამ ადამიანებს რაღაც მაინც აკლდათ, როგორც გემრიელ ცრემლს მარილი, ამიტომ პრინცესამ მათ განათლება უსაჩუქრა ინტელექტბანკის სახით. პრინცესა ყველაფერს გასცემდა, რასაც ადამიანები მოისურვებდნენ. მტირალა ღრუბლების პრინცესა ჭეშმარიტ შემოქმედად და ღირსეულ ქველმოქმედად იქცა.
ღრუბლების პრინცესას სამშობლო, რომელიც ბნელით იყო მოცული, ციოდა და გამუდმებით ატირებდა მოენატრა. მონატრებით შეპყრობილმა პრინცესამ უნებლიედ კვლავ დაიწყო ტირილი და ნახევარი დედამიწა დააბნელა. მიხვდა, თუ ტირილს არ შეწყვეტდა სიბნელე ისევ მოიცავდა სამყაროს და მზესაც ჩააქრობდა. პრინცესამ საკუთარი თავი მზის, დედამიწის, ვარსკვლავებისთვის და ყველა იმ ახლად სიცოცხლეშთაბერილი რამისთვის, რაც შექმნა სახიფათოდ მიიჩნია და დედამიწას გაშორდა. ცას გამოეკიდა. იმ ორ სამყაროს შორის გაიჭედა რომელშიც გაჩნდა და რომელის შექმნამაც ის ბედნიერი გახადა. პრინცესას ენერგიის წყარო საკუთარი ცრემლები იყო, მათი შეკავების გამო დასუსტდა და გაუძნელდა ადამიანებისთვის ყველა დანარჩენი საჭიროებისა თუ ფუფუნების საგნის შექმნა.
ადამიანები მრავლდებოდნენ…
იზრდებოდნენ…
ჭკვიანდებოდნენ…
და უფრო მეტს მოითხოვდნენ…
ადამიანები გაბევრდნენ და დედამიწა მოიცვეს.
ნახევარ დედამიწაზე ბნელოდა.
შეეცოდა პრინცესას ბნელში მცხოვრები ადამიანები, მან ხომ საუკუნეები ასეთსავე წყვდიადში გაატარა?! ღრუბლების პრინცესა სიბრალულისაგან უნებლიედ ატირდა და დაასველა დედამიწა. ტირილის შეწყვეტა არ შეეძლო, ადამიანებმა დახრჩობა დაიწყეს, პრინცესამ დედამიწის ერთ პატარა ნაგლეჯს ცხვრის ტყავი გადააფარა, რომ ისინი მაინც ეხსნა განადგურებისაგან. ასე გაჩნდა საქართველო, ამიტომაცაა ორ ზღვას შუა მოქცეული და ამიტომაც წააგავს ეტრატს ფორმით. ამბობენ, დედამიწასაც შეებრალა სხვა ადამიანები და რომ არ დაეხრჩო ისინი, პრინცესას ცრემლების ნახევარი შეიწოვაო, მაგრამ მთლიანად ვერ შეძლო. დედამიწაზე მიმოფანტული ყველა წყლის ნაგლეჯი ღრუბლების პრინცესას ცრემლთა გუბეებია თურმე, მათ შორის მიწის ქვეშა წყლებიც.
პრინცესამ ამ მიწაზე მყოფ ადამიანებში საკუთარი ნაწილი ჩადო და ხელობა, ხელოვნება, შემოქმედის ნიჭი უბოძა, რადგან სწამდა რომ იმ პატარა სიყვარულით შექმნილ ბურთს, რომელსაც დედამიწა დაარქვა, მხოლოდ ხელოვნება გადაარჩენდა, ცოტაოდენი სიყვარულის არომატით…
ადამიანები გადარჩნენ, მაგრამ დედამიწა ცრემლით გაიჟღინთა და მისი მიწები აღარ იყო ისეთი ნაყოფიერი როგორც ადრე, მხოლოდ ერთი ციცქნა ადგილი დარჩა სადაც ყველაფერმა იხარა. ამიტომაც გადაწყვიტეს სხვა ხალხებმა მისი დაპყრობა, ყველა მხრიდან ჩამოაგლიჯეს მიწები, მაგრამ მაინც გადარჩა და გაძლიერდა განადგურების ნაცვლად. როცა სხვებს შიოდათ, მათ – არა. როცა სხვებს სწყუროდათ, მათ – არა… სხვებმა ბევრი ეცადეს ახალი ტექნოლოგიებით გაეწმინდათ პრინცესას ცრემლის გემოსაგან საკუთარი წყალი, მაგრამ ვერ შეძლეს.
პრინცესას დაცული მიწიდან ზოგი ნებით გადასახლდა უცხო მხარეში, ზოგიც ძალით წაიყვანეს, მაგრამ ყველა მათგანმა ასახელა ეტრატის ქვეყანა, გააოცა სხვები და გააცნო საკუთარი ციცქნა ქვეყანა მათ. ზოგიერთმა სიმღერით და ცეკვით, ზოგმა – საბრძოლო ხელოვნების ნიჭით, ზოგიერთებმა საკუთარი მზრუნველობისა და სიყვარულის განსაკუთრებული უნარით… ხალხი ამბობდა, ქრისტეფორე კოლუმბის კარტოგრაფი მაგ მიწიდან იყოო. როდესაც ეტრატის მიწაზე მტრულად მოდიოდნენ, ლეგიონებით და დიადი საჭურველით, ერთი მუჭა იქაურები მიწის საჩიჩქნი თოხებით ერეოდნენ და აგდებდნენო. ხოლო, როდესაც მეგობრულად მივიდოდა ვინმე მას საკუთარ ოჯახის წევრივით იღებდნენ და საკუთარი ხელით მოწეულ საუკეთესო ღვინოსა და პურ-მარილს უბოძებდნენ ხოლმეო.
პატარა პრინცესას დაცული მიწა დღემდე ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობით და თვითგადარჩენის საოცარი უნარით. მიუხედავად მრავალი ჭირისა და ვარამის ეს ციცქნა მხარე ყოველთვის ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგება ხოლმე და აოცებს გიგანტურ სახელმწიფოებს.
ღრუბლების პრინცესას სურდა სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა. ვერ შეძლო მიწა საკუთარი ცრემლით გაჟღენთილი, ისევ ნაყოფიერი და ისეთივე კარგი გაეხადა, ამიტომ გადაწყვიტა დედამიწის დაბნელებულ მხარეში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ეჩუქებინა სინათლის ხილვის ბედნიერება, უკანასკნელი ძალები მოიკრიფა და დედამიწას ხელი ჰკრა, რათა სამუდამოდ ეტრიალა და ებრუნა მზის გარშემო, რომ ყველას ენახა როგორც სინათლე ასევე სიბნელეც. პრინცესას სურდა ადამიანებს ესწავლათ ბნელი და ნათელი მხარის გარჩევა.
ის ადამიანებს ასწავლიდა სიკეთეს და სიყვარულს, ანიჭებდა ბედნიერებას, ხელოვნებისა და მისით ტკბობის უნარი უბოძა…
ამ ყველაფერმა პატარა, სევდიანი, მტირალა ღრუბლების პრინცესა ერთიორად გაზარდა და ნამდვილ სიკეთის დედოფლად აქცია.
ადამიანებისათვის ასეთმა თავგანწირვამ პრინცესას ენერგია მთლიანად გამოაცალა და გააქრო. მისმა გაქრობამ აღმზრდელი ღრუბლები დაასევდიანა და აატირა. ამბობენ, როდესაც დედამიწაზე წვიმს – პატარა პრინცესას გლოვობენ ღრუბლებიო…
0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0