x
image
ლანა92
სიკეთის იდეა: მზე, წრფე და მღვიმე პლატონის ფილოსოფიაში

image

პლატონი თავის ცნობილ ნაშრომში "სახელმწიფო" წერს, რომ იდეალური სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია, მას მართავდნენ ფილოსოფოსები. მისი აზრით, მხოლოდ ფილოსოფოსს აქვს ღრმად გაცნობიერებული იდეების არსი, განსაკუთრებით კი სიკეთის იდეისა.

სიკეთის იდეის გადმოსაცემად პლატონი იყენებს სამ შედარებას, მზის, წრფისა და მღვიმის შედარებებს.

1.მზესთან შედარება

image

პლატონის თანახმად, ხილული სამყაროს პარალელურად არსებობს მიღმური სამყარო, იდეების სფეროც, რომელიც საერთოა, გამაერთიანებელია ცალკეული ფენომენებისათვის, თუმცა თითოეულში განსხვავებულად ვლინდება.იდეის აღქმა მზერითა და გრძნობის ორგანოებით შეუძლებელია, მას ადამიანი ვერც თვალით დაინახავს და ვერც ხელით შეეხება. იდეის გაგება მოითხოვს საგნის არსის აზროვნებით წვდომას. ყველა იდეის საერთო საფუძველია სიკეთე, სიკეთის იდეა.

პლატონი სიკეთის იდეას ადარებს მზესთან, რამდენადაც, ისევე, როგორც ხილულ სამყაროში არსებულის დანახვა ადამიანს შეუძლია მხოლოდ მზის, სინათლის, ნათელის საშუალებით, გონითსაწვდომი, მიღმური სამყაროს აღქმაც შესაძლებელია სიკეთის იდეის დახმარებით.

2.წრფესთან შედარება

image

პლატონი მთელ არსებულ რეალობას წარმოაჩენს 4 ნაწილად დანაწევრებული წრფის სახით. წრფის ორ არათანაბარ ნაწილად დაყოფა მიანიშნებს გრძნობადი, მატერიალური სამყაროსა და მიღმური, გონითსაწვდომი სამყაროს არსებობაზე. პლატონის მიხედვით, წრფეზე ასახული არსებული რეალობის ორი სფერო, თავის მხრივ, იყოფა ორ-ორ სეგმენტად და ჯამში წრფე ქმნის ოთხგანზომილებიან რეალობას:გრძნობადი, მატერიალური სამყარო მოიცავს გრძნობად საგნებსა და მათ ანარეკლებს, ხოლო გონებითსაწვდომი სამყარო -მათემატიკურ ფიგურებსა და იდეებს.

პლატონის წრფეში ყველაზე მცირე სეგმენტი უკავია მატერიალურ საგანთა ანარეკლებს, რადგანაც მათში ძალიან სუსტად გაკრთება ჭეშმარიტი რეალობა; მეორე ადგილზეა მატერიალური, ნივთების სამყარო; სიდიდით მესამე ადგილს იკავებს მათემატიკური ფიგურები (კვადრატი, ოთხკუთხედი, სამკუთხედი), რამდენადაც ისინი გადიან ნივთების სამყაროდან და ისწრაფვიან იდეალურისაკენ;პლატონის წრფეზე ყველაზე დიდი სეგმენტი უკავია იდეების სფეროს, სიკეთის იდეას, რამდენადაც, ფილოსოფოსის აზრით, სწორედ ის ასახავს ყველაზე მეტ სინამდვილეს, ჭეშმარიტ რეალობას.

3.მღვიმის ალეგორია

image

პლატონისათვის რეალური სამყარო მღვიმე, სადაც ადამიანები ჯაჭვით დაუბამთ და მათ უკან დანთებული ცეცხლის სინათლის მეშვეობით მხოლოდ საგანთა ჩრდილებს, ანარეკლებს ხედავენ, მაგრამ, თუ ისინი თავს დააღწევენ ბორკილებს და გამოქვაბულიდან ზევით ამოვლენ, დაინახავენ თვით ამ საგნებსაც.ამით პლატონი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს, ერთი შეხედვით, მთელი არსებული რეალობა მხოლოდ მატერიალური, ნივთობრივი სამყაროს სახით წარმოუდგენია, მაგრამ თუ აზროვნებას მიმართავს გონითსაწვდომისაკენ, იდეებისაკენ, სიკეთის იდეასაც შეიცნობს.პლატონის მიხედვით, როგორც გამოქვაბულის ტყვეებმა მოახერხეს, ანარეკლების, ჩრდილების ნაცვლად, ნამდვილი საგნების აღქმა მზის სინათლის მეშვეობით, ისე გონით წვდომით, საგნების ნამდვილი არსის ძიებით შესაძლებელია იდეის და ბოლოს სიკეთის იდეის გაგებაც.

image

"მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს ედარება. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს მიღმა.. გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი, მაგრამ, საკმარისია, ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ, რომ აქედან უშუალოდ გამოგვაქვს დასკვნა:სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი, ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს, გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც, რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება" [პლატონი, "სახელმწიფო"].

პლატონის მიხედვით, იდეები მზის სინათლეა, რომელიც ასახავს ჭეშმარიტ რეალობას, ხოლო მზე თვით სიკეთის იდეაა, უმაღლესი პრინციპი არსებული რეალობისა.

0
2038
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
2038
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0