x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
კოგნიტური განვითარება შუა ხანში - ფლუიდური და კრისტალური ინტელექტი

კოგნიტური



ლონგიტუდური კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის კოგნიტური ფუნქციები შუა ხანში რამდენადმე მცირდება, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე ეს იყო მიჩნეული ჯერ კიდევ 20 წლის წინათ. შაის აზრით, ზოგიერთი გონებრივი უნარები შუა ხანში უმჯობესდება კიდევაც, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონე პირებთან, რომლებიც აგრძელებენ აქტიურ გონებრივ შრომას. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ინტელექტუალური განვითარება პიკს აღწევს ჭაბუკობის პერიოდში, ზოგიერთი უნარი განაგრძობს განვითარებას მთელი შუა ხანის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია შრომით აქტივობასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.


ერთ-ერთი თეორიის თანახმად, არსებობს 2 ტიპის ინტელექტი, რომელიც იზომება IQ ტესტებით. ეს არის ფლუიდური და კრისტალური ინტელექტი.



ფლუიდური ინტელექტი - ეს არის ის უნარები, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვსწავლობთ ახალ ინფორმაციას. აქ შედის დამახსოვრების სისწრაფე და პროდუქტულობა, ინდუქციური მსჯელობა, სივრცითი ხატებით ოპერირება, ახალი მიმართებებისა და კავშირების დამყარება. მიჩნეულია, რომ ფლუიდური ინტელექტის განვითარება პიკს აღწევს ჭაბუკობის პერიოდში, ხოლო მოზრდილობის პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს მის თანდათანობით შემცირებას.



კრისტალური ინტელექტი - ეს არის უნარი, რომელიც ეყრდნობა ცოდნასა და გამოცდილებას. აქ შედის მიმართებების დამყარების უნარი, მსჯელობების ფორმულირება, პრობლემების ანალიზის უნარი და დედუქციური მსჯელობა. ადამიანი იძენს კრისტალურ ინტელექტს განათლებისა და კულტურულ გარემოსთან ურთიერთობის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ინტელექტის ეს ფორმა პროგრესირებს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე.



მიჩნეულია, რომ ზოგიერთი სახის ტესტი (მაგალითად, ვერბალური მსჯელობის, სიტყვათა მარაგის, სოციალური მოთხოვნების გაგების ტესტები) ზომავს, ძირითადად, კრისტალურ ინტელექტს. ლონგიტუდური კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ხდება ტესტების მეშვეობით იმ კოგნიტური უნარების გაზომვა, რომელიც ეყრდნობა კრისტალურ ინტელექტს, 50 წლის რესპოდენტები აჩვენებენ უფრო მაღალ შედეგებს, ვიდრე აჩვენებდნენ 20 წლის ასაკში. სწორედ ამიტომაა რომ მეცნიერები, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულად შრომობენ 40-50 წლის ან თუნდაც 70 წლის ასაკში.


მოზრდილი ადამიანის კოგნიტური განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფუნქციონალური ცვლილებები. შაის თანახმად, მოზრდილობის ასაკში იცვლება ინტელექტის ფუნქცია და არა ბუნება.


  • ადრეულ მოზრდილობას შეესაბამება მიღწევის სტადია.აქ ინტელექტი გამოიყენება რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც განაპირობებს ადამიანის შემდგომ ცხოვრებას.

  • შუა ხანს შეესაბამება სოციალური ვალდებულებების შესრულების სტადია. ამჯერად, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ მეუღლის, შვილების, კოლეგების და მთელი საზოგადოების ინტერესები.

  • გვიან მოზრდილობაში ინტელექტის ფუნქცია კვლავ იცვლება. რეინტეგრაციის სტადიაზე ადამიანი კვლავ უბრუნდება საკუთარ ინტერესებს, ღირებულებებს და განწყობებს.


1
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
17
  
12 თებერვალი, 9:02
გადასარევი სტატიაა!
0 1 1