x
მოპედის სამართავად შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო, ნასვამობაზე კი ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს
image

მოპედის სამართავად შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო, ნასვამობაზე კი ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს.


ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ შს სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამკაცრებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტში წარდგენილი გეგმით, შს სამინისტრო 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს კანონპროექტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირების გამკაცრებას გულისხმობს.



მათ შორის, ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ.


გარდა ამისა, პროექტის თანახმად, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.


„ერთ-ერთი თემა ისიც არის, რომ მოპედის აღრიცხვიანობა და რეგისტრაცია მოხდეს. კერძოდ, მართვის მოწმობა ან რაღაც დოკუმენტი იყოს საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი მოპედს მართავდეს. შეიძლება ითქვას, რომ მოპედი დღეს უმართავი ტრანსპორტია, ისიც კი არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენია. ამასთან, მზარდია მოპედის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამინისტრომ ამ საკითხზე რეაგირება.


ასევე მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება ნასვამობაზე. მაგალითად, თუ მძღოლი ნასვამობის გამო, ერთხელ ჩაიდენს სამართალდარღვევას, განმეორების შემთხვევაში უკვე გამკაცრებული სანქცია უნდა არსებობდეს, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობა, რადგან 1 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა არასაკმარისია, “-აღნიშნა ლალიაშვილმა.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0