x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვითარდება თუ არა საქართველოს ეკონომიკა საკმარისად სწრაფად?

ეკონომიკის ზრდა

1994 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 167 დოლარს შეადგენდა.


მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით თუ ვიმსჯელებთ, 1994 წლიდან 30 წლის თავზე, ანუ 2024 წელს იგივე მაჩვენებელი ჩვენთვის დაახლოებით 7200 დოლარის ეკვივალენტი გახდება.


ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 1994 წელთან შედარებით 4300 %-ით გაიზრდება და გახდება ისეთივე, როგორიც იყო ირლანდიის ეკონომიკა 1986 წელს ან პოლონეთის ეკონომიკა 2005 წელს.



ახლა მოდით, შევადაროთ ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იმ სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს, რომლებმაც ჩვენსავით განსაკუთრებით დიდი სოციალური ძვრები განიცადეს. იქნებ, ასე მაინც დავასკვნათ, სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა საქართველო.


იმავე 1994 წელს ევროკავშირის წევრი და ჩვენსავით სსრ-დან გამოცალკევებული ლატვიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იყო 1720 დოლარი. ლატვია 2024 წლისთვის იქნება დაახლოებით ისეთივე მდიდარი, როგორიც იყო ამერიკა 1990 წელს, შვედეთი 1988 წელს ან ავსტრალია 2002 წელს და ექნება დაახლ. 24 000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. მაგრამ ლატვიისთვის ეს იქნება ეკონომიკის მხოლოდ 1400 %-იანი ზრდა.


ამრიგად, ლატვია ვერ განვითარდება ჩვენსავით სწრაფად. ჩვენი ტემპებით რომ განვითარებულიყო, ბალტიისპირეთის ამ სახელმწიფოს 73 960 დოლარი უნდა ჰქონოდა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2024 წელს.


ბულგარეთს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 1994 წელს ჰქონდა 895 დოლარი. 2024 წელს კი - დაახლ. 12 400 დოლარი ექნება. ანუ ბულგარეთსაც ლატვიასავით 1400 %-იანი ზრდა აქვს.


ტაჯიკეთს 147 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ჰქონდა 1994 წელს. 2023 წელს ექნება 980 დოლარი. ანუ 30 წელიწადში ტაჯიკეთის ეკონომიკა დაახლ. 6, 6-ჯერ გაიზრდება.


1950-1973 წლებში (მეორე მსოფლიო ომიდან ნავთობის კრიზისამდე) ევროპაში ყველაზე უკეთ ვითარდებოდა საბერძნეთის ეკონომიკა: უახლესი ისტორიის ამ მონაკვეთში ბერძნული ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა იყო საშუალოდ 6, 2 %-ის ფარგლებში.

იმავე პერიოდში გერმანული ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5 %-ით ვითარდებოდა.


საქართველო თავისი საშუალო 6, 5 %-იანი ზრდით ომისშემდგომ საბერძნეთსაც კი უსწრებს.


ასე და ამრიგად ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპებს ანალოგი არ მოეპოვება: ჩვენ 30 წელიწადში ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოების ფლობის გარეშე ვახერხებთ, მსოფლიოს უღატაკესი ქვეყნების რიგიდან საშუალოდ განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ და ეს არის არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის, არამედ მთელი ქართველი ერის დამსახურება.


თუმცა, რასაკვირველია, არ უნდა გადავეშვათ საკუთარი თავით ტკბობაში და მითუმეტეს, რაღაც ავადმყოფურ თეორიებში ქართველი ერის "გამორჩეული გენის" თაობაზე. გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, რასაც მივაღწიეთ და რასაც 2024 წლისთვის მივაღწევთ, ესეც ძალიან ცოტაა. ჩვენ დავუშვით უმძიმესი დანაშაული წარსულ დროში, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება რომ დავამხეთ და ქვეყანა დავაქციეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, 2024 წლისთვის საქართველო მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანათა შორის აღმოჩნდებოდა და ყველას იმდენი ფული გვექნებოდა, ახლა რომ ვერც კი ვიოცნებებთ.


უმთავრესი, რაც წარსულმა გვასწავლა და მომავალში ყველაზე მეტად რაც გვმართებს, კონფლიქტების და სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირებების თავიდან აცილებაა. ამას თუ მოვახერხებთ და ათასგვარ ვიგინდარათა ლამაზ-ლამაზ სატყუარებს არ წამოვეგებით, თუ უარს ვეტყვით ფობიებს და სიძულვილს, საქართველო შეძლებს, მსოფლიო გააოცოს სიმდიდრით, ცხოვრების დონით და სიკეთით. ჩვენ ეს შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ლიდერები ვიყავით ყოველთვის და ლიდერები უნდა ვიყოთ მომავალშიც.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0