x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
წყლის დათვი: ბუნების დაცინვა ადამიანების მისამართით
წყლის დათვისურათზე: წყლის დათვი


წყლის დათვი (Tardigrada) – ეს ცხოველი ყველაზე ექსტრემალურ პირობებს უძლებს, რისი წარმოდგენაც კი ადამიანის გონებას ძალუძს: რადიოაქტიური გამოსხივების ძალიან დიდ დოზებს, კოსმოსში მოგზაურობას, მინუს 270 გრადუსამდე ტემპერატურას და 10 წლის მანძილზე გვალვასაც კი, რა დროსაც მისი სხეული შიგნიდან მინას ემსგავსება. სწორედ ამიტომ ის დღემდე მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს და თავსატეხს წარმოადგენს.


მკვლევარებს სურთ, ჩასწვდნენ წყლის დათვის სხეულის სტრუქტურას, მის გენურ აგებულებას. მიზანი? ადამიანის უკვდავებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა.


ხომ ფაქტია, რომ წყლის დათვი არსებობს? ჰოდა, რადგან ის არსებობს და რადგან ის ასეთი სიცოცხლისუნარიანია, მაშასადამე, ადამიანიც შეიძლება გახდეს ანალოგიურად სიცოცხლისუნარიანი.



ჩვენ მხოლოდ გვმართებს, ჩავწვდეთ წყლის დათვის საიდუმლოებებს.


წყლის დათვისთვის პრობლემა კოსმოსის ვაკუუმიც კი არ არის.


ჩააგდეთ ის თხევად ეთანოლში და შემდეგ ამოიღეთ: იცოცხლებს.


ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმი "უცხო" – სიგურნი უივერის პერსონაჟი ფილმის სხვადასხვა ეპიზოდებში კოსმოსის ვაკუუმში ორჯერ აგდებს უცხოს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იღუპება. წარმოიდგინეთ, სუპერარსება, რომელსაც სისხლის ნაცვლად მჟავა აქვს და რომელიც იდეალური მტაცებელია, რომლის გენოტიპზე გიგანტური კორპორაცია სასოწარკვეთილი ნადირობს, მარცხდება კოსმოსის ვაკუუმთან დაპირისპირებაში, იმ ვაკუუმთან, რომელსაც ადამიანი მომენტალურად შეუძლია, შიგნიდან გახეთქოს და ყინულის უფორმო გროვას გადააქციოს და სწორედ ეს ვაკუუმი, აი სწორედ ეს ბნელი და უსასტიკესი ვაკუუმი მინუს 270 გრადუსი ტემპერატურით არანაირი პრობლემა არ არის წყლის დათვისთვის.


წყლის დათვის ტვინს შეუძლია, ბრძანება გასცეს, რის შემდეგაც სხეულის უჯრედები ნივთიერებათა ცვლას წყვეტენ, უკეთესი დროის დადგომის მოლოდინში.


წარმოიდგინეთ, ადამიანს რომ შეეძლოს იგივე: მილიონობით ადამიანი (მათ შორის, ბავშვი) გარდაიცვალა მე-20 საუკუნეში ლეიკემიით. ამ ადამიანებს წყლის დათვის გენები და სხეულის სტრუქტურა რომ ჰქონოდათ, ისინი შეძლებდნენ, თანამედროვე მედიცინას მშვიდად დალოდებოდნენ, როცა ლეიკემია შემთხვევათა 92 %-ში იკურნება (მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ლეიკემიით იღუპებოდა 10-დან 9 ადამიანი, თანაც დიაგნოზის დასმიდან პირველივე 3 თვის ვადაში).


ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ამ პატარა არსებათა ორგანოთა უჯრედები – უძლებენ რა სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებს – დაუზიანებელნი რჩებიან მავნე გარემოს ზეგავლენისგან. გარემოს ექსტრემალური პირობების ზეგავლენით ისინიც იღუპებიან, მაგრამ...


მეცნიერებმა რაც უკვე ზუსტად დაადგინეს, არის ის, რომ წყლის დათვები განსაკუთრებულ პროტეინს ფლობენ, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ რეგენერაცია და მკვდრეთით აღდგომა განიცადონ.
წყლის დათვის საიდუმლო მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის პროტეინი, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, ხელსაყრელი და სასიცოცხლოდ ვარგისი პირობების დადგომის შემდეგ აქტიურდება, დადის უჯრედებში და ახდენს მისი დაზიანებული ნაწილების იდეალურ რეგენერაციას ისე, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს.


ანუ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, მინუს 270 გრადუს ცელსიუსზე გაყინვის შემდეგ წყლის დათვი იღუპება. ხოლო რაც შემდეგ ხდება – როცა ის "იღვიძებს" და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, სხვა არაფერია, თუ არა... მკვდრეთით აღდგომა.


ადამიანის ორგანიზმი საუბედუროდ მსგავს პროტეინს არ ფლობს. ამიტომ გაყინვის შემდეგ ჩვენი გაცოცხლება არის შეუძლებელი (ყოველ შემთხვევაში, ასეა მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე, ხოლო მომავალში რა მოხდება, ეს ჯერ არავინ არ იცის).


მეცნიერებმა უკვე შეძლეს და ამ სრულყოფილი პროტეინის ძალიან სუსტი ასლი უკვე შეიყვანეს ადამიანის ორგანიზმში, რის შედეგადაც საოცარ შედეგს მიაღწიეს: ცდის პირის ორგანიზმი ძალიან მედეგი გახდა რადიოაქტიური დასხივების მიმართ.


მოკლედ: ბუნების მხრიდან ადამიანთა მოდგმის ნამდვილი დაცინვა და ამავდროულად, უდიდესი გამოწვევაა წყლის დათვი: მართლაც, რას აღარ ცდილობს ადამიანი, რომ სიკვდილს გაექცეს; ზოგი 24 ქიმიოთერაპიას იკეთებს, სხივურ თერაპიებს იკეთებს, იცავს დიეტებს, დარბის, უარს ამბობს ყველაზე სანუკვარ გატაცებებზე, რათა თუნდაც რამდენიმე კვირა მაინც იცოცხლოს – ადამიანი, ყველაზე განვითარებული არსება მთელ სამყაროში აი ამგვარად იტანჯება და ამ დროს არსებობს პრიმიტიული ცხოველი, რომელსაც შეუძლია, საოცრად ხანგრძლივი დროის მანძილზე ანაბიოზში გაძლოს და სიცოცხლე შეინარჩუნოს კოსმოსის ვაკუუმში ან საჰარის უდაბნოშიც კი, თანაც, ძალიან მარტივად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

წყლის დათვი

სურათზე: წყლის დათვების მიკროსკოპული გამოსახულება

0
270
3-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0