x
image
მანჩო 777
შნობელის პრემიის ლაურეატები ანუ რატომ უნდა ვიმგზავროთ ტყიბული-ქუთაისის მატარებლით
მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ მკვლევარები და სენსაციური აღმოჩენების მაძიებლები პლასტმასსაც ჭამენ, ატრაქციონებითაც სეირნობენ, მაკარონებსაც ტეხავენ, რვაფეხებს მუცელში და კენგურუებს ჩანთებში უძვრებიან და კიდევ უამრავ უცნაურ საქციელს სჩადიან შნობელის პრემიის მოსაპოვებლად.



image



ნუ გგონიათ, რომ სათაური შემეშალა და ხელი ნუ გაგექცევათ სტატიის დასაბლოკად (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით).... დიახ, ნამდვილად შნობელის პრემია ვახსენე და ტყუილუბრალოდ არა. ასეთი პრემია მართლაც არსებობს და მისი შესაბამისი ორდენიცაა გამოშვებული, რომელსაც ზუსტად ასე აწერია: "ალფრ. შნობელ".




image




ყოველი წლის სექტემბერში ჰარვარდის უნივერსიტეტში გადასცემენ ეგრეთ წოდებულ შნობელის პრემიას ყველაზე უცნაური და უაზრო სამეცნიერო გამოგონებისათვის. არც გასული წელი ყოფილა გამონაკლისი.

შნობელის პრემიაზე, იგივე ანტინობელის პრემიაზე პრეტენზიას რამდენიმე მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფი აცხადებდა. მათი გამოგონებების დიდი ნაწილი ალბათ სულელურ ბოდვად მოგეჩვენებათ, თუმცა ვინ იცის, იქნებ ათწლეულების შემდეგ ისინი სასარგებლო და მისაღებიც კი გახდეს ადამიანებისათვის.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა გასული წლის შნობელის პრემიის ლაურეატობის პრეტენდენტები.



მესამე თაობის შორი კონტაქტები


image



ამ გამოგონების, უფრო სწორად მეცნიერთა ვარაუდის ტყუილ-მართალს ზუსტად 78 წლის შემდეგ შევიტყობთ და აი რატომ: მეცნიერთა ჯგუფმა ცოტაოდენი ხნის წინ მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ TRAPPIST-1 -ის მზის სისტემის რამდენიმე პლანეტაზე შესაძლებელია ცხოვრება. უფრო მეტიც, მათზე უკვე ცხოვრობენ გონიერი არსებები. მზის ეს სისტემა დედამიწიდან საკმაოდ დიდი მანძილით - 39 სინათლის წლითაა დაშორებული. რადგამ ამ სიშორეზე გაფრენა ჯერჯერობით არ გვძალუძს, ამიტომ ამ პლანეტებზე მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს უნდა მივცეთ სიგნალი ჩვენი არსებობის შესახებ. მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ამ სიგნალის გაგზავნა საჭიროა 1, 2 მეგავატიანი ლაზერის ფოკუსირებული სხივით. ასეთი " ფარანის' სინათლე ათჯერ უფრო ინტენსიური იქნება მზის სინათლეზე. უცხოპლანატელები აუცილებლად შეამჩნევენ სიგნალს და თუ ისინი მთლად ბრიყვები არ არიან, მიხვდებიან, რომ ის გონიერი არსებების მიერაა გაგზავნილი. TRAPPIST-1 -მდე სინათლის სხივი მისვლას მოანდომებს 39 წელს, საპასუხო სიგნალის მოსვლას დედამიწაზე კიდევ 39 წელი დასჭირდება და საერთო ჯამში გამოვა 78 წელი. მეცნიერთა მეორე ჯგუფი კი ფიქრობს, რომ სულაც არაა საჭირო უცხოპლანეტელების ყურადღების მიპყრობა და უმჯობესია, თუ პირიქით, დავიმალებით და ჩვენ არსებობას არ გავამჟღავენებთ. საინტერესო იქნებოდა მკითხველის აზრი- თქვენ რომელ თეორიას ემხრობოთ: გავუგზავნოთ სიგნალი უცხოპლანეტელებს თუ ვიყოთ ჩვენთვის წყნარად და არ ავიტკიოთ აუტკივარი თავი?



LEGO-ს დიეტა


image


ავსტრალიელი და ბრიტანელი მეცნიერების ეს ერთობლივი გამოგონება უეჭველად მიიღებს თავის შნობელს, თუმცა ჯერჯერობით მათ მხოლოდ LEGO-ს ბინძური დეტალები ''მიიღეს''. მოკლედ, ამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ რა დროა საჭირო ლეგოს დეტალების გადაყლაპვიდან მისი უკანა ტანიდან გამოსვლამდე. რა თქმა უნდა, გონებამახვილმა სწავლულებმა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარეს, ამიტომ მათ არაერთხელ მოუწიათ ლეგოს დეტალების გადაყლაპვა და შემდეგ მათი ძებნა საკუთარ განავალში. კუბიკები თავისუფლებაზე აღმოჩნდნენ საშუალოდ 1, 7 დღე-ღამის განმავლობაში. კვლევების შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში. მეცნიერები ამ ექსპერიმენტის საშუალებით ცდილობდნენ დაემშვიდებინათ ის მშობლები, რომელთა შვილები ხშირად ყლაპავენ ლეგოს პატარა ნაწილებს. ახლა დედიკოებმა და მამიკოებმა ზუსტად იციან, რომ გადაყლაპული დეტალი უწინდელ ადგილს 1, 7 დღე-ღამის შემდეგ დაუბრუნდება და კვლავ შეავსებს ძვირადღირებული სათამაშოს კონსტრუქციას.



მაკარონის საკითხი


image


ასაჩუსეტსის ტექნოლოგური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დევიზით "გავტეხოთ, კი არ ვაშენოთ" გადაწყვიტეს ატომური ბომბის გამომგონებლის რიჩარდ ფეინმანის ამოცანა. ფეინმანმა დასვა კითხვა: როგორ გავტეხოთ ორ თანაბარ ნაწილად გრძელი მაკარონი. ამის გაკეთება რომ არც ისე იოლია, ადვილად დარწმუნდებით, თუ სამზარეულოში გახვალთ, მაკარონს მოძებნით და ეცდებით მის გადატეხვას ორ თანაბარ ნაწილად. ამბობენ, რომ ლეგენდარულმა ფიზიკოსმა მთელი საღამო გაატარა მაკარონების მტვრევაში და ვერაფრით ვერ გაიგო, თუ რატომ არ სურდათ მათ ზუსტად შუაზე გატეხვა. 2006 წელს ფრანგებმა გამოარკვიეს, თუ რატომ იმსხვრევა მაკარონი და არ ტყდება შუაზე, ხოლო შარშან ამერიკელებმა ბოლოს და ბოლოს ამოხსნეს, თუ რ არის საჭირო მის შუაზე გადასატეხად. მოკლედ, 3 მმ/წმ სიჩქარით უნდა გადავღუნოთ მაკარონი და დავატრიალოთ 270 გრაუდუსით.. აი სულ ეს იყო, რამეს უფრო რთულს ელოდით? ახლა უკვე შეგიძლიათ თავდაჯერებულად გახვიდეთ სამზარეულოში, აიღოთ მაკარონი, შეარჩიოთ კუთხე, სიჩქარე და ხელის ერთი სხარტი მოძრაობით გატეხოთ ორ თანაბარ ნაწილად. ისე, კაცმა რომ თქვას, არათანაბარ ნაწილებაად რომ გატეხო და ისე მიირთვა, გემრიელი აღარ იქნება?



თავად სრულყოფილება


image



ანატომიის პროფესორმა ალისა რობერტსმა გადაწყვიტა მომავლის ქალებს ცხოვრებაა გაუიოლოს, თუმცა ის სულაც არ გამოსულა გენდერული თანასწორობის შესახებ მყვირალა ლოზუნგებით და არც ვარდისფერი ქუდი დაუხურავს სქესთა თანასწორობის ნიშნად. ალისამ უბრალოდ შექმნა მომავლის ქალის მოდელი. ერთი სიტყვით, მეცნიერმა აიღო ყველაფერი საუკეთესო, რაც ამა თუ იმ არსებას გააჩნია და "ჩატენა" ისინი ქალის სხეულში. ფეხები აიღო ქათმისგან, რომ ქალებმა სწრაფად სირბილი შეძლონ, საუკეთესო სმენისათვის ყურები ღამურასგან ითხოვა, ხოლო კანი-ბაყაყისგან- ამგვარ კანს არ ემუქრება ნაადრევი დაბერება და დაცულია კიბოს რისკისაგან. კენგურუსგან ალისამ ჩანთა ინათხოვრა, რომ მასში იოლი იყოს ბავშვების ტარება, მკერდი მომავლის ქალს საერთოდ არ აქვს, რომ მან ხელი არ შეუშალოს სხვადასხვა საქმიანობაში.. საბოლოოდ ალასამ მიიღო ფოტოზე წარმოდგენილი ქალის მოდელი. თქვენ როგორ მოგწონთ 3000 წლის "მის სრულყოფლება? ჩემდა თავად დავამატებდი, კიდევ კარგი, რომ 1000 წლის შემდეგ არ დავიბადე, თორემ ვიდგებოდი ასეთ ''შხვართ'' ფეხებზე.



რვაფეხა მეცნიერების სამსახურში


image


მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ რვაფეხები მიდრეკილი არიან ნარკოტიკებისადმი. მათ ამ საბრალო მოლუსკებზე მეთამფეტამინით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გამოირკვა, რომ რვაფეხებს აქვთ გენი, მიახლოებული ადამიანის გენთან. საცდელი რვაფეხა მოათავსეს სამგანყოფილებიან აკვარიუმში. პირველ განყოფილებაში ასევე მოათავსეს რაიმე საგანი, მეორეში-მამალი რვაფეხა და მესამეში - მამალი ან დედალი რვაფეხა რიგრიგობით. ნარკიტიკების მიღების გარეშე მამალი რვაფეხა გამუდმებით ტრიალებდა დედალი რვაფეხას ირგვლივ და მასთან ახლოს ატარებდა ძირითად დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მესამე განყოფილებაში მამალი რვაფეხა იყო მოთავსებული, საცდელი მამალი რვაფეხა მას არაფრად აგდებდა და დროის უმეტეს ნაწილს ან პირველ განყოფილებაში მოთავსებული საგნის გამოკვლევაში ატარებდა, ან მარტოობაში. როცა რვაფეხას ნარკოტიკი მისცეს, ის გულგრილი გახდა საგნის მიმართ და მამალი რვაფეხას ირგვლივ დაიწყო ტრიალი. აქედან მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ნარკოტიკების ზეგავლენით რვაფეხები სოციალურად უფრო აქტიურები ხდებიან. თუმცა შეიძლება სხვა დასკვნის გამოტანაც: ნარკოტიკების მოქმედების ქვეშ რვაფეხები ბისექსუალები ხდებიან.



სექსისტური დახმარება


image



ამერიკელმა მეცნიერებმა ანალიზი გაუკეთეს გულის გაჩერების დაახლოებით 20 ათას შემთხვევას, როცა ის ადამიანს ემართება სახლში ან ქუჩაში. სახლის შემთხვევაში პირველადი დახმარება მამაკაცებმა და ქალებმა თითქმის ერთნაირად მიიღეს-36% და 35%, ქუჩაში კი გამვლელები მამაკაცთა 45% და ქალების 36%-ს დაეხმარნენ. ამ სტატისტიკის მიხედვით მამაკაცებს 35%–ით მეტი შანსი აქვთ გადარჩნენ, ვიდრე ქალებს. მაინც რაშია პრობლემა?- აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ერიდებიან უცნობი ქალებისათვის მასაჟის გაკეთებას, რათა შემდგომში ისინი ქალის შევიწროებაში ან სექსუალურ ზეწოლაში არ დაადანაშაულონ. ქალები კი იმიტომ ერიდებიან ქალს გაუკეთონ გულის მასაჟი, რომ ეშინიათ არ დაუზიანონ მას მკერდის კუნთები. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აბსოლუტურად ყველა მანეკენი, რომელზეც გულის მასაჟის გაკეთებას სწავლობენ, მამაკაცია.


ქათმები კიბოს წინააღმდეგ

image



იაპონელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმის ჯიში, რომელიც დებს ინტერფერონის შემცველ კვერცხებს. ამ მომენტისათვის სწავლულებს უკვე ჰყავთ სამი ქათამი, რომლებიც სწორედ ასეთ "ოქროს კვერცხებს" დებენ. ჯერჯერობით კვერცხის ცილაში ინტერფერონის შემცველობა არც ისე დიდია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ მის გაზრდას 100 მილიგრამამდე. ინტერფერონი საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატია. ის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.


ჭკვიანი ჩანგალი

image


იაპონელების შედარებით სერიოზული გამოგონებიდან უსარგებლოსა და კურიოზულზე გადავინაცვლოთ. ამომავალი მზის ქვეყანაში ძალიან უყვართ ატრიის მირთმევა და სულაც არ ერიდებიან მის გადასანსვლას ხმაურისა და სრუტუნის თანხლებით. საბედნიეროდ, მეცნიერებმა გამოიგონეს ჩანგალი, რომელიც არასასიამოვნო ხმებისაგან დაიცავს იმ ადამიანების ყურებს, რომლებიც იძულებული არიან ატრიის მოყვარული იაპონელის გვერდით ისადილონ. კომპანია Nissin-ის მიერ შექმნილი ჩანგალი აღჭურვილია მიკროფონით და ბლუთუსით შეერთებულია სმარტფონთან. ჩანგალი აფიქსირებს ატრიის გადაყლაპვის დროს წარმოქმნილ უსიამოვნო ხმებს. მტვერსასრუტის მეთოდით ტელეფონი გამოსცემს ხმას, რომელიც ელექტრონულ მუსიკას წააგავს. უნდა ვაღიაროთ, რომ სრუტუნის ჩამხშობი ხმა სინამდვილეში უნიტაზის ჩარეცხვის ხმას წააგავს და დიდად სასიამოვნო მოსასმენი არც ისაა, თუმცა სარეკლამო ვიდეოს თუ დავუჯერებთ, ამ ჩანგლის მფლობელები სრულ ბედნიერებას განიცდიან. კომპანიამ ჯერჯერობით ასეთი ჩანგლების საცდელი მცირე პარტია გამოუშვა. მათ ფასი არც ისე მცირეა-130$.





თირკმლის კენჭი და ამერიკული მთები



image



როგორ ფიქრობთ, რა კავშირია თირკმლის კენჭებსა და ''ამერიკულ გორაკებს'' შორის? - მიჩიგანის უნივერსიტეტის ოსტეოპათიის კათედრის საპატიო პროფესორმა დევიდ ვარტინგერმა და ამავე კათედრის რეზიდენტმა მარკ მიტჩელმა დაამტკიცეს, რომ თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას აჩქარებს გასართობი ატრაქციონი ''ამერიკული გორაკები''. დევიდ ვარტინგერმა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა: მან 20-ჯერ გაისეირნა ამერიკული გორაკებით და თან ჰქონდა 3D ფორმატზე დაბეჭდილი თირკმლის მოდელი კენჭებით. 20-დან 16 შემთხვევაში თირკმელიდან კენჭი გამოიდევნა. მეცნიერმა აგრეთვე გამოარკვია, რომ კენჭების გამოდევნისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაგონის რიგით ნომერს: ბოლო ვაგონში ჯდომა 64%-ით ზრდის კენჭის დაბადების შანსს, ვიდრე პირველ ვაგონში. აღსანიშნავია, რომ დევიდ ვარტინგერს ამ კვლევის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პაციენტებმა ამერიკულ მთებზე გართობის შემდეგ კენჭების გამოდევნის შესახებ მოუთხრეს.

"მე ერთმა პაციენტმა ისიც კი მითხრა, რომ რამდენიმე ცდით სამი სხვადასხვა ზომის კენჭი გამოდევნა, "- განაცხადა ვარტინგერმა. ასე რომ, თუ თირკმლის კენჭების პრობლემა გაწუხებთ, თამამად შეგიძლიათ ეს ექსპერიმენტი საკუთარ თავზე გამოსცადოთ, თუმცა აქ ერთი პრობლემაა: ჯერჯერობით ამერიკული მთები საქართველოში არ არის და "სამკურნალოდ" ამერიკაში ან მინიმუმ, საფრანგეთში მოგიწევთ წასვლა. თუ კენჭს ვერ დაბადებთ, არ იდარდოთ, გასეირნება ხომ მაინც შეგრჩებათ. კიდევ ერთი სათადარიგო ვარიანტი: თუკი ასე შორს წასასვლელად ფინანსები არ გყოფნით, აგერ, ბატონო, ტყიბული-ქუთაისის მატარებლით გაისეირნეთ. რაც მთავარია, ახლოსაა და იაფია. თუ ხტუნაობით ვერა, ჰაერში ნახევრად გამოკიდებული ლიანდაგების დანახვაზე შიშისაგან მაინც დაბადებთ მაგ ოხერ კენჭებს.



imageფოტოზე: შნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალი


მართლაცდა რას გაუგებ ამ უცნაურ, ნახევრადშეშლილ მეცნიერებს - ეს ჩვენ გვეღიმება ამ სასაცილო, კურიოზულ ექსპერიმენტებსა და გამოგონებებზე, თორემ მათ რომ ჰკითხოთ, დიდი აღმოჩენებისთვის რისკზე მიდიან და სიცოცხლესაც კი სწირავენ. უნებურად გამახსენდა ჩემი ქიმიის მასწავლებელი-პატივცემული ერმალო (ცხონებულს სახელიც რომ უცნაური ჰქონდა)... სიახლის მაძიებელ მასწავლებელს ძალიან უყვარდა უცნაური ექსპერიმენტების და ცდების ჩატარება სკოლის ლაბორატორიაში. ერთ-ერთი ასეთი წარუმატებელი ცდისას მომხდარმა "აფეთქებამ" ლამის მთელი სკოლა შეაზანზარა. ხმაურისგან შეშინებული სკოლის დირექტორი გულგახეთქილი შემოვარდა ლაბორატორიაში და დამფრთხალმა იკითხა, აქ რა ხდებაო? უსათვალოდ დარჩენილმა, სახეგამურულმა ერმალო მასწავლებელმა იხტიბარი არ გაიტეხა და რიხიანად უპასუხა : " ჟანგბადს ვღებულობთ, ჟანგბადსო"...

0
586
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0