x
image
ლანა92
მეგრული მითოლოგია: დღესასწაულები მარტვილის მუნიციპალიტეტში

image

საქართველო უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა და მას დღემდე შენარჩუნებული აქვს რწმენის გამოხატვის უძველესი ტრადიციები, რომლებიც კი არ უპირისპირდება, არამედ შერწყმულია ქრისტიანულ ყოფასთან. გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით რომ ითქვას, "ქრისტიანობამ წარმართობა კი არ მოსპო, არამედ შინაგანად შეიზარდა იგი". ამის დასტურია სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მარტვილში არსებული დღესასწაულები, რომლებიც სათავეს იღებენ ჯერ კიდევ წარმართული სამყაროდან და დღემდე ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფონზეც დაცულია. მარტვილის მუნიციპალიტეტში ასეთი ადგილობრივი დღესასწაულებია:

=1.მოსკეწაჩხურობა (შემოკლებით წაჩხურობა);

=2.ილიაობა//ელიობა, მეგრელიობა(ქეჯვარობა);

=3.ალერტობა;

=4.ბარბარობა;

=5.გაძღიკობა;

6.=ხარება;

აქვე უნდა ითქვას, რომ ცალსახად ადგილობრივი დღესასწაულებია მოსკეწაჩხურობა, ელიობა (ქეჯვარობა), ალერტობა და გაძღიკობა, ხოლო ბარბარობა და ხარება საერთო ქრისტიანულია, თუმცა მარტვილის მუნიციპალიტეტში აისახა თავისებურად, განსხვავებული ელემენტებით და ამ მხრივაა საყურადღებო.

1.მოსკეწაჩხურობა, ან შემოკლებით წაჩხურობა ილიაობის (ქეჯვარობის) მსგავსი დღესასწაულია.

imageმოსკეწაჩხურობის დღესასწაულ

მისი სახელწოდება მომდინარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წაჩხურუდან. კერძოდ, სოფელ წაჩხურუში მთის ფერდობზე აღმართულია მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომელიც ოდითგანვე მიჩნეულია უნაყოფოთა შემწედ და მფარველად. მოსკე მეგრულიდან ითარგმნება, როგორც შვილიერების მიმნიჭებელი და სწორედ ამიტომაც ეწოდება დღესასწაულს მოსკეწაჩხურობა, ხოლო იმ ადგილს, სადაც მდებარეობს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ეკლესია, - მოსკე წაჩხურუ.

imageმოსკე წაჩხურუ

გივი ელიავას მიხედვით, მოძევე, მოსკე ნაყოფიერების ღვთაებაა, რომელიც ცის მბრძანებელმა მოავლინა სამყაროში მეძევედ, შვილოსნობის, ნაყოფიერების წყაროდ. იგი მეშვიდეა და მისი სალოცავი დღეა ცის დღე, "ცააშხა", "ცაშდღა" ანუ ხუთშაბათი.

image

მოსკეს ღვთაება, ხატი აკვნებით ხელში მოსკეს აღმართზე ასულ მლოცველ მანდილოსნებს სასწაულს უვლენს შვილოსნობის მადლის ძალით და ანიჭებს ნაყოფიერებას.

imageმოსკე წაჩხურუს აღმართი

მოსკეს სალოცავი ხატი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალტეტის სოფელ წაჩხურუში(იგივე წაჩხურაში) და წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოსკეწაჩხურობა იმართება ყოველ წელიწადს, აღდგომიდან მეორე ხუთშაბათ დღეს.

საოხვამუროდ ამ დღესასწაულს ადგილობრივები სახლშიც მართავენ.აღდგომის ხუთშაბათს სოფლების: წაჩხურუსა და ნობულის მოსახლეობა ვალდებულია, სუფრა გაშალოს მოსკე წაჩხურუს საპატივცემლოდ, ხოლო მომდევნო ხუთშაბათს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში შეიკრიბოს სალოცავად.

imageწაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ადგილობრივ მეგრულ ოჯახებში წარმართული დროიდან მოყოლებული მოსკეწაჩხურობისას იკვლებოდა მამალი, ანთებდნენ თაფლის სანთელს, გობზე დაწყობილი კვერებითა და საზედაშე ღვინოთი მოსკეს ხატს შესთხოვდნენ ოჯახის ნაყოფიერებასა და ძეობას.

მოსკეწაჩხურობა, მართალია, ტარდება კონკრეტულ სოფელში, წაჩხურუში, მაგრამ გაცილებით მასშტაბური დღესასწაულია, სადაც დღეისათვის უკვე მიდიან არა წაჩხურუსა და ნობულის, ან მარტვილის სხვა სოფლის მცხოვრებნი, არამედ სამეგრელოს დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც კი ჩამოდიან.

მოსკეწაჩხურობაზე მლოცველს მიაქვს სანთელი, ხოლო უშვილო დედებს ააქვთ პატარა, სიმბოლური აკვნები და მოსკე წაჩხურუს შესთხოვენ ნაყოფიერებას.უშვილო მლოცველებს მტკიცედ სწამთ, რომ მთავარანგელოზის ხატი შეისმენს მათ თხოვნას.

image

ადამიანებს, რომლებიც მოსკეწაჩხურობაზე მიდიან ავადმყოფობისაგან განკურნების თხოვნით ან მადლობის შესაწირად, წაჩხურუს მთავარანგელოზთა ეკლესიაში მიაქვთ თავიანთი სიგრძის სანთელი.

მოსკეწაჩხურუს აღმართზე ზოგი აკვნით ხელში ადის, ზოგი-თავისტოლა სანთლით, ზოგიც ფეხშიშველა.მლოცველი სანთელს კედელზე მიწებებულად ანთებს, რადგან მიჩნეულია, რომ ლოცვისათვის ასე უფრო მისაღებია.ასევე, მტკიცედ სწამდათ ისიც, რომ მოსკეწაჩხურობაში ნამყოფი მლოცველი ის კვირა სახლიდან არ უნდა გამოსულიყო, თორემ ლოცვა წყევლად ექცეოდა.მოსკეწაჩხურობის დღესასწაული აღდგომის მეორე ხუთშაბათს ტარდება და ამ დღეს მიცვალებულის დაკრძალვაც დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ცეცხლში დაიწვა, ან წყალში დაიხრჩო.

90-იან წლებამდე (საბჭოთა მმართველობის პერიოდი)მოსკეწაჩხურობაზე მთავარანგელოზისადმი მიძღვნილ ლოცვას ასრულებდა მახვამერი (გამომლოცველი), რომელიც საკურთხეველთან გამობმული ჯაჭვის ქვეშ ატარებდა მლოცველს და გასამრჯელოსაც მიათმევდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დაცული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ბოლო მახვამერი (გამომლოცველი) ყოფილა შოთა თოდუა.

წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისა და მოსკეწაჩხურობის თავისებურება იყო ისიც, რომ ტაძრის წინ მდგარი დიდი ჭადრის ხის წინ მლოცველს შეეძლო, მტერი ხატზე გადაეცა დაეწყევლა.ამისათვის ხეს არჭობდნენ დიდ ლურსმანს, მასზე კიდებდნენ შავ ნაჭერს, წარმოთქვამდნენ წყევლას რწმენით, რომ მათი მტერი სასჯელისაგან თავს ვეღარ დაიხსნიდა, ღმერთი უცილობლად დასჯიდა.

2.ილიაობა, ელიობა, ქეჯვარობა(იგივე მეგრელიობა), "ნაჭყებიეფიში ხვამა"

image

იმართება ხსნილში, 2 აგვისტოს (ძველი სტილით 20 ივლისს) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ანუ ქეჯვარში. ილიაობა, მეგრელიობა ანუ ქეჯვარობა "ნაჭყებიეფიში ხვამა"-ადაც ("ნაჭყებიების ლოცვა") იწოდება, რადგან ესაა ძირითადად ნაჭყეპიების (//ნაჭყებიების) გვარის სალოცავი. წლების წინ ქეჯვარობას აღნიშნავდნენ არა 2 აგვისტოს, არამედ მის მომდევნო კვირას.

დღესასწაულის სახელწოდებებს რაც შეეხება, ქეჯვარობა მოდის სოფელ კურზუს დასახელებიდან "ქეჯვარი", მეგრელიობა გულისხმობს მეგრელთა დღესასწაულს, ხოლო ილიაობა (ელიობა) უკავშირდება ილია წინასწარმეტყველის სახელს, რომელიც ამინდის მფარველ ღვთაებად მოიაზრებოდა მეგრულ წარმართულ ყოფაში.

გივი ელიავას მიხედვით, ქიაჩი, ქიაჩის ხატი ადამიანთა სიმშვიდისა და სიკეთის მფარველი ღვთაებაა თავისი ჯვარსახით, ჯვარსალოცავით და ქეჯვარობა მისადმი მიძღვნილ დღესასწაულადაც მოიაზრება.

imageქიაჩი

ქიაჩისა და ქეჯვარის სალოცავები ნაჭყებიების (ნაჭყეპიების) გვარის "ჯინჯის" სალოცავია და ეძღვნება ჯვარს, მზის დღეს და აღინიშნება კვირას, "ბჟაშ დღას", "ჟაშხას".

გივი ელიავას თანახმად, ქეჯვარობის დღესასწაული თავიდანვე გამორჩეული იყო იმით, რომ გვარს ქიაჩისა და ჯვარის ამ სალოცავზე წყევლა თავიდანვე არ დაუწესებია, ქეჯვარი და ქეჯვარობის დღესასწაული იყო მხოლოდ ლოცვის, ღმერთისათვის სიკეთის თხოვნის ადგილი და დღესასწაული, განსხვავებით ალერტობის წამართული ტრადიციებისაგან ( ამ დღესასწაულის ძირითადი დანიშნულება წყველა, ხატზე გადაცემა იყო, თუმცა ზოგი ბარაქასაც მიაწერდა ალერტის წმინდა გიორგის).

ქეჯვარობისათვის მახვამერი (გამომლოცველი), რომელიც უნდა ყოფილიყო აუცილებლად ნაჭყებიათა (ნაჭყეპიათა) გვარიდან, სოფელში, მთელ ქეჯვარში შეგროვებული ფულით ყიდულობდა საქონელს, გამყიდველთან შეუვაჭრებლად (ელია ასეთს არ შეიწირავს), ილიაობაზე გამოიყვანდა ქეჯვარის სასაფლაოსთან, ლოცვას წარმოსთქვამდა და შემდგომ მსხვერპლს შესწირავდა ანუ დაკლავდა ნაყიდ საქონელს. ქეჯვარის უბანში მცხოვრები ყველა ოჯახი მიდის შეწირული საქონლის ხორცის ნაჭრის სახლში წამოსაღებად. მას თან მიაქვს სანთელი.გამომლოცველი (მახვამერი) სანთელს თავზე გადაავლებს, დალოცავს და ერთ ნაჭერ საქონლის ხორცს ატანს. ქეჯვარობაზე სხვა სოფლიდან მოსული აუცილებლად ნაჭყებია უნდა იყოს, ან ნაჭყებიების შთამომავალი, დანარჩენებს, უცხოებს უფლება არ აქვს.

სოფელ კურზუში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით წების წინ ეკლესიაც გახსნეს, მახვამერად დანიშნეს მრევლის წევრი, ქეჯვარობის "ხვამაც" (ლოცვა) უშუალოდ ილიაობის დღეს დანიშნეს.

ილიაობა, იგივე მეგრელიობა, ქეჯვარობა უპირველესად ნაჭყებიების გვარისა და ქეჯვარის (სოფელი კურზუ) უბანში მცხოვრებთა დღესასწაულად მოიაზრება.მისი წარმოშობა, ადგილობრივთა ცნობით, უკავშირდება წმინდა ელიას სახელს. კერძოდ, ქეჯვარელთა (მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს მცხოვრებნი) წინაპრებს ელია შეუპყრიათ და შეუწირავთ: "ჩვენს სოფელში ქარი მაშინ იცის, როცა აგვისტოა. ჩვენს წინაპრებს ვიღაც ელია შეუპყრიათ და სოფლის სახელით შეუწირავთ, თან უთქვამთ: ყოველ წელს საქონელს დავკლავთო".. - მთქმელი კარლო ნაჭყებია (მარტვილის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით).

მეგრელ ხალხს ილია წინასწარმეტყველი ამინდის მფარველად მიუჩნევია. ბიბლიის თანახმად, ილია წინასწარმეტყველის ლოცვით სამ წელიწადს არ უწვიმია. სამეგრელოში იგი ხან ღვთაებად იხსენიება, ხან - ადამიანად, კაცად, თუმცა ქეჯვარში (სოფელ კურზუში) ღრმად სწამთ, რომ იმ დღეს უნდა, ილოცონ ელიას საპატივცემლოდ და სახლშიც უხვად ჰქონდეთ პურმარილი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ მასალებში ილიაობის//ელიაობის დღესასწაულის შესახებ საინტერესო ცნობას ვაწყდებით მარტვილის სხვა სოფლის მცხოვრების, გრიშა ცაავას მონათხრობის სახით: "ახლა ელიობაა, ელიობის წინა დღეს ეზოში ყველგან იელის რტო უნდა დარჭო, თმაზე სანთელი მიიწებო, თორემ ეშმაკები გაგთვალავენ. კურზუს დაწყევლილი ნაჭყებიები ისე ლოცულობენ, მათ ქარი არ ავნებთ, ჩვენთან კი ყველაფერი უნდა მოისპოს".

image


image

მცენარე იელი

ეს სიტყვები ასახავს ელიობის, ილიობის დღესასწაულის ნამდვილ არსს. მართლაც, ელიობის რიტუალს (იელის რტოს ეზოში ჩასობა, ბავშვებისათვის თმებზე სანთლის მიწებება ეშმაკის თვალისაგან დასაცავად) მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში აუცილებლად ასრულებდნენ უახლოეს წარსულში (ერთი ათეული წელი თუ იქნება, რაც ამ წეს-ჩვეულებას მასობრივად აღარ ასრულებენ, მივიწყებას ეძლევა, თუმცა ზოგი ოჯახი, ალბათ, დღესაც არჭობს იელის ტოტს ეზოში ელიობის წინა ღამეს).გრიშა ცაავას ნაამბობი მიუთითებს იმაზე, რომ ელიობის დღესასწაულს მარტვილის დანარჩენ სოფლებში განსხვავებულად უყურებდნენ, ვიდრე ქეჯვარში (კურზუში) - ქეჯვარში სალოცავი აქვთ და შესაწირავსაც კლავენ, ხოლო სხვა სოფლებში იელის ტოტისა და თმებზე სანთლების მიმაგრების რიტუალით შემოიფარგლებოდნენ. საინტერესოა გრიშა ცაავას ის აზრიც, რომ ნაჭყებიებს ილიაობის დღესასწაული ქარისაგან, სიმშრალისაგან თავის დასაცავად დაუწესებიათ, ამ დღეს ისინი მადლობას სწირავენ ელიას, ამინდის ღვთაებას. ყურადღებას იქცევს სიტყვები "დაწყევლილი ნაჭყებიები", რომელიც უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კურზუს მცხოვრებნი, ქეჯვარელები ელიობის გამართვით, ლოცვის აღვლენით, შესაწირის დაკვლით ინანიებენ წინაპართა მიერ ილიას შეწირვის ფაქტს, ცდილობენ, აირიდონ მისი წყევლა(გვარი "ნაჭყებია" //ნაჭყეპია დაწყევლილს ნიშნავს).

3.ალერტობა (ალავერდობის დარი) მოსკეწაჩხურობის მსგავსი დღესასწაულია და იმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

imageალერტის წმინდა გიორგის მონასტერი

წარმართულ ეპოქაში ალერტი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში ყოფილა ერთ-ერთი ღვთაება. სოფელს სახელი დღემდე შემორჩა, თუმცა სალოცავი წმინდა გიორგისაა. მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით, წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უძველესი დროიდანვე არსებობდა, ხოლო სხვათა აზრით, წმინდა გიორგიმ უბრალოდ კოპალასა და პირიმზის კულტი ჩაანაცვლა.

imageალერტის წმინდა გიორგის ხატი

ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია მოსკე წაჩხურუსაგან აბსოლუტურად განსხვავებული სალოცავია იმ თვალსაზრისით, რომ მოსკე წაჩხურუ მალევე შეისმენს ხოლმე უშვილოთა ვედრებას ნაყოფიერების შესახებ, ხოლო ალერტის წმინდა გიორგი, ხალხის რწმენით, უმცირეს დროში შეისმენს წყევლას და დასჯის მტერს. ამიტომაც მაწყევარნი უფრო ალერტის დღესასწაულზე მიეშურებოდნენ, ვიდრე მოსკეწაჩხურობაზე.

"წელს ოთხი ღორი მომპარეს, ღორის ქურდი ისედაც დაწყევლილია, მაგრამ მე მაინც წავალ წმინდა გიორგის ეკლესიაში და გადავცემ, წმინდა გიორგი სურვილს მალე ამისრულებს", - ვკითხულობთ მარტვილის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ მასალებში.

image

ალერტის წმინდა გიორგი, ზოგის რწმენით, ბარაქის მომცემიცაა და ხშირი იყო შემთხვევები იმისა, როცა ალერტობის დღესასწაულზე მლოცველი ფულს სწირავდა და სჯეროდა, რომ ეს მისი მატერიალური კეთილდღეობის გარანტი იყო.

მოსკეწაჩხურობაზეც და ალერტობაზეც დაუშვებელია შავი ტანსაცმლით მისვლა, მლოცველებს სწამთ, რომ ამით ღმერთი გაბრაზდება.

image

ეკლესიის გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი ემსხვერპლა რომის იმპერატორის მიერ ქრისტიანთა დევნას, ის აწამეს. წმინდა გიორგი სინამდვილეში პირველი მებრძოლია ჯადოქრებისა და მაწყევართა წინააღმდეგ და არა წყევლის შემსმენელი, როგორც ალერტის წმინდა გიორგის მიაწერენ. წმინდა გიორგის " დაუჯდომელში" წერია: "გიხაროდენ, გძეულ ათანასეს მძლეველო". გრძენული ათანასე ის პიროვნებაა, რომლისთვისაც დაუვალებიათ წმინდა გიორგის მოჯადოება, თუმცა მას ეს ვერ მოუხერხებია და ამიტომაც პირიქით, მოუნანებია თავისი შეცოდება და ქრისტიანად მონათლულა.

4.ბარბარობა ქალწულმოწამე ბარბარესადმი მიძღვნილი საერთო ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავენ 17 დეკემბერს (ძველი სტილით 4 დეკემბერს) არა მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოში. ქალწულმოწამე ბარბარე მიიჩნევა ჩვილი ბავშვების მფარველად და სნეულებათა მკურნალად. ცნობილია, რომ თუ წმინდა გიორგი იმპერატორის ბრძანებით მოკლეს, წმინდა ბარბარე საკუთარმა მამამ გამოასალმა სიცოცხლეს. იგი ტროპარში იხსენიება, როგორც "სენთ და ბუგრთა მკურნალი".

image

წმინდა ბარბარე

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მის ყველა სოფელში, წარმართული ტრადიციის გავლენით, დღემდე 17 დეკემბერი, ბარბარობა მოიაზრება ქათმების ფეხობად, მეკვლეობად.ამიტომაც ამ დღეს არ შეიძლება სხვის სახლში სტუმრად მისვლა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა გადაჰყვება. მეფეხური ოჯახის წევრი დილაადრიანად დაუვლის ეზოს, პირუტყვის სადგომზე თხილის ტოტსა და სუროს მიაკრავს; მერე ყველა საქმე მეფეხურმა უნდა შეასრულოს ოჯახში ამ დღეს, ასევე, ერთი და იმავე სკამზე უნდა დაჯდეს სულ, თორემ ქათმები ვერ მოიკრუხებენ და შესაბამისად, ვერ გამრავლდებიან.ზოგადად საქართველოში ბარბარობა დაკავშირებულია ლობიანებს რიტუალათან.

5.გაძღიკობა იგივე აღდგომის მარხვის შუაზე გაყოფა, განზოგადებაა. ამ დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები ამზადებდნენ ბოსტნეულის მხალს, მწვანილს და მირთმევამდე ყველა კუთხეში ისროდნენ სიტყვებით: "გაჯობე, გაძღიკიავ".გაძღიკობის რიტუალი დიდი ხანია, რაც მარტვილში აღარ სრულდება.

image

6.ხარებას მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) და ეძღვნება მთავარანგელოზი გაბრიელის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი იესოს დაბადების წინასწარმეტყველებას.

image

ხარება ემთხვევა აღდგომის მარხვას და იგი ხსნილია თევზით (ვნების კვირას თუ არ დაემთხვა). ხალხის წარმოდგენაშიც ასეა, ოჯახებს სწამთ, რომ ხარება დღეს აუცილებლად უნდა მიირთვან თევზი, თორემ მთელი წელი გაუხარებელნი იქნებიან. მიუხედავად იმისა, ხარება ხსნილს დაემთხვევა თუ მარხვას, იგი უქმეა, დაუქმებულია და არ შეიძლება ამ დღეს მუშაობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ მასალებში დაცულია ცნობა, თუ როგორ მძიმე გავლენას ახდენს უქმეს დარღვევა ხარება დღეს, ხალხის თქმით, "ერთ-ერთმა ქალმა, გვარად ხარებავამ, თქვა: მეც ხარებავა ვარ, შენ ხარება ხარ, რომ მოვქსოვო, რას მავნებს, ჩვენ ერთი და იგივე ვართო და მიჯდომია საქსოვ დაზგას.. როგორც კი ძაფის დაწყობა დაუწყია, ხელებიც გაყინვია. ვინც მუშაობას დაიწყებს, იმასაც იგივე დაემართება".

დღეისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში "მახვამერის ინსტუტუტი" საკმაოდ სუსტადაა შემორჩენილი, ყველა სოფელშია ეკლესია და მოძღვარი და წარმართული ელემენტებიც გარკვეულწილად დავიწყებულია, თუმცა დაცულია წარმართული აზროვნების ის ძირითადი ნაწილი, საუკეთესო ტრადიციები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსკეწაჩხურობის დღესასწაული ყველა თავისი აუცილებელი ატრიბუტით არა თუ იკარგება, არამედ ყოველ წელს სულ უფრო მასშტაბური ხდება თავისი სასწაულმოქმედი ბუნების, ნაყოფიერების მინიჭების უნარის გამო, რაც დრო გადის, მით უფრო წაჩხურობის დღესასწაულზე მოსკეს აღმართზე აღარ არის ტევა აკვნით ხელში მიმავალი უშვილო მანდილოსნებისა და ზოგადად, მლოცველებისა.

image

მარტვილის მუნიციპალიტეტში თავისთავად შენარჩუნებულია ბარბარობა და ხარება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთო ქრისტიანული დღესასწაულებია. ასევე, ყოველ წელს იმართება ქეჯვარობა, "ნაჭყებიეფიში ხვამა", რადგან გვარის სალოცავია, ხოლო ელიობის რიტუალები მარტვილის სხვა სოფლებში თითქმის მივიწყებულია. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტში დღემდე მრავლად ადიან მლოცველები, რადგან ქრისტიანული და წარმართული გავლენითაც ალერტის წმინდა გიორგი მოიაზრება ბარაქის, სიუხვის, სიკეთის მომნიჭებლად. რაც შეეხება გაძღიკობას, იგი მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია, რაც აღარ აღინიშნება.

ძირითადი წყაროები:

1.ხაჭაპურიძე რამაზ, დღესასწაულთა არსი ხალხური წარმოდგენებით - III (მარტვილის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), ქართველური მემკვიდრეობა XX, 2016, 334-337

2.ელიავა გივი, სამეგრელო ჩემს თვალსაწიერში, ნაწილი 1, თბილისი, 1996

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0