x
image
მანანა თურმანიძე
დამნაშავეების უღირსი ბრბო თუ ღირსეული საზოგადოება
image

ბოლო ხანს გაზის გამონაბოლქვით დაღუპულთა რაოდენობამ და სიხშირემ უკვე კატასტროფული ხასიათი მიიღო, თუმცა არანაკლებ შემაშფოთებელი და თავზარდამცემია ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლის განცხადება, რომ გარდაცვლილის ოჯახი დაკრძალვის დროს გაქურდეს. აქ უკვე დანაშაულის მატება კი არა, ზოგადად საზოგადოების მორალური სტანდარტები, მისი ფასეულობები და ეთიკური ნორმები დგება დღის წესრიგში.



როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში ზნეობა პლინტუსზე დაბლა დაეცა, უზნეო ადამიანი კი უღირსი არსებაა, რადგან ზნეობა და ღირსება სიამის ტყუპებივით ერთად მოიაზრება. პირადი ღირსება კეთილშობილური საქციელით, კეთილი საქმეებით მიიღწევა და პირიქით, ილახება უღირსი, უზნეო, სულმდაბალი ქმედებისას. ჩვენ ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანებმა ურთიერთპატივისცემა დაკარგეს და "მგლებად გადაიქცნენ". არ შეიძლება უღირსი ადამიანი სხვას სცემდეს პატივს, თუკი მას საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება არ გააჩნია, თუკი მისთვის არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ არსებობს, ის ნიჰილიზმის ჭაობში ეშვება და მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია.



რამდენიმე დღის წინ ავტობუსში 3 მოზარდის საუბარს შევესწარი, ერთმანეთთან ტრაბახობდნენ, თუ როგორ დაუბრუნათ შეცდომით გამყიდველმა მაღაზიაში ხურდა იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნოდათ და ვიდრე მათ გადაიხადეს შეძენილ პროდუქტში. ისინი ამით ძალიან ამაყობდნენ და ითვლიდნენ რამდენი ლარის მოგება დარჩათ. თავდაპირველად ბავშვურ გულუბრყვილობად მივიჩნიე და გამეღიმა, მაგრამ შემდეგ შევნიშნე, რომ ეს მათთვის ქცევის მისაღები მოდელი იყო, გმირულ საქციელად მიაჩნდათ და სხვების მაგალითებიც კი მოჰყავდათ. ყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს, თუ როგორ გაუწოდა მათმა მეგობარმა 5 ლარიანი გამყიდველს, როგორ დაუბრუნა მან 20 ლარიანის ხურდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმით, თუ რა მოგება ნახა იმ მეგობარმა! მეუცნაურა, არც კი ეუხერხულებათ ამის ასე ხმამაღლა, საჯაროდ მოყოლა. დავფიქრდი, როგორ ოჯახებში და რა ფასეულობებზე იზრდებიან ეს ბავშვები, ნუთუ ზნეობრივ მაგალითებს არავინ აძლევს? ამ დროს სულაც არ გამოვრიცხავ, რომ დედა ყოველ შაბათ-კვირას ტაძარში თავწაკრული დგას, მორჩილად თავდახრილი აღსარებას ამბობს და სათნო გამომეტყველებით, გულზე ხელებდაკრეფილი ელის ზიარებას; მამა კი ალბათ სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, ამაყად და რიხიანად წარმოთქვამს საქართველოს სადღეგრძელოებს. მინდოდა მეთქვა, შვილო, ეგ თაღლითობა და თვალთმაქცობაა, ადამიანი, რომელიც დააზარალე შენი უწესო ქმედებით, სწორედ საქართველოა, რომელსაც ყოველდღიურად ვყვლეფთ, ვატყუებთ და ვგლეჯთ და ამიტომაც ვართ ამ დღეში, რადგან ყველაფერი სამყაროში ბრუნვადი და კანონზომიერია, რასაც გასცემ, ის გიბრუნდება. მაგრამ თავი შევიკავე, გუმანით მივხვდი, რომ წყლის ნაყვა იქნებოდა, ამას ვერაფრით ვერ გაიგებდნენ!




ახალგაზრდებთან ვერანაირი შეგონება და აღზრდის მეთოდები ვერ გაჭრის ისე, როგორც პირადი მაგალითი, რომელსაც ოჯახში და შემდეგ უკვე საზოგადოებაში იღებენ. თუკი ოჯახში, სკოლაში, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, ნაცნობებთან ქცევის ეს მოდელი, რომ 5 ლარიანის ნაცვლად 20 ლარიანი კუპიურის ხურდას როცა გიბრუნებენ ხმა არ უნდა ამოიღო მისაღებია, რადგან მოგებაში ხარ; თუკი იმ უფროსებს არ ესმით, რომ ეს თაღლითობაა, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივად ისჯება, არამედ იმ უზენაესი კანონებითაც, რომელსაც ყველა რელიგია აღიარებს; თუკი არ ესმით, რომ ღმერთთან ერთგულების დასამტკიცებლად ტაძარში სანთლების დანთება და მორჩილ პოზაში დგომა არ არის საკმარისი, მაშინ ამ ბავშვებისთვისაც ნორმა ხდება თაღლითობა, რადგან ის საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის ჩვეული მოდელია. მგონი უფროსებს არ ესმით, რომ პირველ ყოვლისა ადამიანის სიყვარული, წესიერება და გულმოწყალება მოეთხოვება კარგ ქრისტიანს, გარეგნულ ეფექტებს კი, რა გაცვია, თავი როგორ გაქვს წაკრული და როგორ გამოიყურები, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და ეს ღმერთს კი არა, თავად ადამიანებს აღელვებთ.



ადამიანი ღირსების გარეშე პირუტყვზე უარესია, ხოლო საზოგადოება, რომელმაც ღირსება დაკარგა - ბრბოს ემსგავსება. ჩვენი გადასაწყვეტია დამნაშავეების უღირსი ბრბო გვინდა ვიყოთ, თუ ღირსეული საზოგადოება. მხოლოდ ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ გამოჩნდება სწორი გზა, მანამდე კი სოციალური ფონის გაჯანსაღება წარმოუდგენელია, რადგან კორუფციის და თაღლითური სქემების ტყვეობაში ვიქნებით და საბჭოეთის პრეცედენტიდან შორს ვერ წავალთ, როდესაც მავანნი ყვლეფდნენ სახელმწიფოს და ამით თავიც კი მოჰქონდათ. ბოლოს კი წაიქცა ის მეწველი ძროხა, რომელიც წველეს უზომოდ და უწესოდ და ახლა მისტირიან სწორედ ისინი, ვინც წააქცია და ვისი წყალობითაც უძლიერესი სახელმწიფოს ეკონომიკა ბოლოს ნოლზე დაეცა. სამწუხაროდ მომავალ თაობებშიც ასე გაგრძელდება, თუკი რაიმეს არ შევცვლით ჩანასახშივე, ანუ მოზარდების აღზრდის დონეზე.



მომავალი თაობის გადასარჩენად და სწორ გზაზე დასაყენებლად აქტიურად უნდა იყოს აღმზრდელობით პროცესში ჩართული ოჯახი, სკოლა, საზოგადოება და მათ პირადი მაგალითით უნდა დაანახონ ახალგაზრდებს, თუ რას ნიშნავს იყო ღირსეული ადამიანი, რომლისთვისაც ეთიკის ნორმები ის ფასეულობებია, რომელთა ხელშეუხებლობასაც სოცოცხლის ფასადაც კი არ დათმობენ. ღირსეული ადამიანი წესიერი, მართალი, გუმოწყალე და ზნეობრივად ამაღლებული პიროვნებაა მორალური პრინციპებით, განსხვავებით ქურდებისგან, თაღლითებისგან და პირმოთნეებისგან, რომელთა ფასიც გროშია ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების პირობებში.



ნათქვამია, ბავშვი ოჯახის სარკეაო, თუმცა, ვთვლი, რომ ბავშვი საზოგადოების სარკეც არის, არა მხოლოდ ოჯახის, რადგან ოჯახი სწორედ საზოგადოების ერთ-ერთი რგოლია; ის მცირე სოციალური ჯგუფია, სოციალურ-ბიოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც ურთიერთკავშირშია საზოგადოების სხვა ჯგუფებთან. საზოგადოება კი ერთმანეთთან სხვადასხვა ურთიერთობით ან ტერიტორიით დაკავშირებულ ადამიანთა დიდ ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც ახასიათებს სოციალური ურთიერთობები ინდივიდებს და პატარა ჯგუფებს შორის, რომელთაც საერთო კულტურა აერთიანებთ.



ოჯახის ინსტიტუტი უდიდეს როლს ასრულებს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში და მის განვითარებაში. სოციუმში ინტეგრირებამდე ბავშვი ყალიბდება ოჯახში, მისთვის ყველაფერი, რასაც მშობელი ამბობს ან მოიმოქმედებს, მისაბაძი მაგალითია. ბავშვს გარკვეულ ასაკამდე ყველაფრის სჯერა, რასაც მშობლისგან ისმენს. ამდენად, ოჯახის როლი პიროვნების ფორმირების და თვითრეალიზაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია, რადგან ბავშვი არსებობის პირველივე დღეებიდან ყალიბდება ოჯახში და სწორედ მშობლებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მისი ცხოვრებისეული პოზიცია; სწორედ ეს ადრეული განვითარების პროცესი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აეწყობა მოზარდის ცხოვრება. მშობლები განაპირობებენ იმას, თუ ვინ იქნებიან მათი შვილები, ქურდები, მოძალადეები, თაღლითები თუ წესიერი, პატივსაცემი და ღირსეული მოქალაქეები.


შემდგომ ამ პროცესში ერთვება სახელმწიფო, ანუ საგანმანათლებლო სისტემა, კერძოდ ბაღი, სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, იქნება ეს კოლეჯი თუ უნივერსიტეტი. ამ შემდეგ ეტაპზე მოზარდი უკვე ექცევა ბაღის, სკოლის, კოლეჯის თუ უნივერსიტეტის და მეგობრების გავლენის ქვეშ. იმდენად, რამდენადაც მოზარდი სკოლაში ატარებს ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს, სკოლის როლი და ზეგავლენა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში, ვიდრე ოჯახი.



საერთაშორისო მასშტაბით გამოქვეყნებულია დიდი რაოდენობით ლიტერატურა, რომელიც ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქცევაში ოჯახური გავლენის როლზე მიუთითებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს საკითხი კვლავ რჩება შესწავლის საგნად და ამ ფენომენის კვლევა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, წინა კვლევების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ, ოჯახის ზეგავლენა დაკავშირებულია ახალგაზრდების კანონდამრღვევად ჩამოყალიბებაში და დანაშაულებრივი მენტალიტეტის ფორმირებაში.



ცხადია, სოციო-ეკონომიკური პირობები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს დანაშაულებრივი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. მშობლები, ოჯახი, საცხოვრებელი პირობები, თითოეული ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ახალგაზრდების ქცევის ფორმირებაზე. მშობელი არაპირდაპირ გავლენას ახდენს ახალგაზრდის დანაშაულებრივი ქცევის და კანონდამრღვევად ჩამოყალიბების პროცესში. ბავშვის აზროვნება, მისი ქცევისა და ეთიკის ნორმები პირველ ყოვლისა ყალიბდება სწორედ ოჯახში. ცხადია, საზოგადოება და გარემოც ასევე ახდენს ზეგავლენას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წამყვანი ადგილი ამ საკითხში მაინც მშობელს, ოჯახს და შემდეგ ეტაპზე კი საგანმანათლებლო სისტემას, კერძოდ სკოლას ეკუთვნის. იქ, სადაც ოჯახი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას მოზარდის სწორად, კანონმორჩილ და წესიერ მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესში, სკოლას აწვება ამ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე.



ჩვენ ყველანი ვოცნებობთ უკეთეს მომავალზე და მოტივირებული ვართ დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობაზე, თუმცა ოცნება ოცნებად დარჩება, თუ მის მისაღწევად არაფერს იღონებ, კონკრეტულ სტრატეგიას არ შეიმუშავებ და შესაბამის ტაქტიკას არ აამოქმედებ. სახელმწიფო ვერ იქნება ცივილური, თუ მისი მოქალაქეების დიდი ნაწილი ღირსებას მოკლებული, უზნეო ადამიანები არიან და ვერც კორუფციას დაამარცხებ, თუ ამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქურდობა, თაღლითობა და ყაჩაღობა ქცევის მისაღები ნორმაა. ამდენად, ოჯახის და განათლების როლი უმნიშვნელოვანესია ცივილური, დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების საკითხში, რაც ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის წინაპირობაა. არადა ჩვენს საზოგადოებას რომ გაჯანსაღება ესაჭიროება, ეს უკვე აქსიომაა, რომელსაც დიდი მტკიცება აღარ სჭირდება, თავად ფაქტები ღაღადებენ ამ ჭეშმარიტებაზე.



როგორც აღვნიშნეთ, მოზარდი სკოლაში ატარებს მისი ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, როდესაც ხდება მისი სოციუმში ინტეგრირება და მოქალაქედ ფორმირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიროვნების აქტიური სოციალიზაციის პროცესი სწორედ სკოლაში მიმდინარეობს. ამიტომ, სკოლა უნდა იყოს ორიენტირებული თავისუფალი, ზნეობრივად გამართული და მოაზროვნე პიროვნების აღზრდაზე, რომელიც ამავე დროს განათლებული იქნება. განათლება კი ზნეობის გარეშე უკანმიდევნებული ლამპარივითაა, ანათებს, მაგრამ არა იქ, სადაც საჭიროა. ჩვენი ქვეყნის, თანამედროვე დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პედაგოგის, ბ-ნი შალვა ამონაშვილის სიტყვები მახსენდება ხშირად: "ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ. მასწავლებელს ვეკითხებით - როგორ სწავლობს ჩვენი შვილი? არადა, უნდა ვეკითხებოდეთ - როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?"




0
243
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0