x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?
როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?


საქართველო მთელი თავისი არსებობის მრავალათასწლეულის განმავლობაში ომის ქარ-ცეცხლში ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე. ქართველები უმეტესწილად თავიანთი ჯიშის, შთამომავლობის თავისუფლების და ღირსეული მომავლის დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფებოდა მტრულ გარემოში, რაც ქმნიდა მუდმივ საბრძოლო საფრთხეს. თანაც იმ სიტუაციაში, როცა რიცხობრივად მტერი ყოველთვის სჭარბობდა ადგილობრივ ქართველებს. სწორედ ამის გამო ქართველი კაცების მეომრად გამოზრდა ადრეული ბავშვობიდანვე იწყებოდა. არსებობს ცნობები, რომ საქართველოში არსებობდა სამხედრო სკოლები, სადაც მეომრებად ზრდიდნენ უმეტესად დაობლებულ ბავშვებს (გოგონებსაც და ბიჭებსაც). სხვა ბავშვებს კი სოფლის, დაბის თუ ქალაქის მოედანზე ავარჯიშებდნენ მამები, უფროსი ძმები, გამოცდილი მეომრები, დაქირავებული ოსტატები და ა.შ. ქართულ საბრძოლო სულს კარგად გამოხატავს ქართული ცეკვა, სადაც უამრავი საბრძოლო მოძრაობაა ჩადებული ხრიდოლიდან და სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკებიდან.


ხევსური



როგორ წვრთნიდნენ ბავშვებს


ბავშვის წვრთნა იწყებოდა 3 წლის ასაკიდან, ამ ასაკში ბავშვი სუნთქავს სწორად, ბუნებრივად, დადის და მოძრაობს სხეულის ყველა კუნთის თანაბარი დაძაბვით და რაც მთავარია, ახალ ცოდნას და უნარებს ითვისებს შედარებით სწრაფად. ამ ასაკის ბავშვებს პირველ რიგში ფსიქიკურად ავარჯიშებდნენ. აჩვევდნენ იარაღს, ყვირილს, ჭრილობების ყურებას, ტკივილის ატანას, გამძლეობას და ა.შ. 6 წლის ასაკამდე ბავშვი უკვე შეჩვეული იყო ამ ყველაფერს.



ხევსური მეომარი. ავტ. იაკობ ნიკოლაძე. 1900 წ.


6 წლიდან უკვე ასწავლიდნენ ცურვას (ძველი ქართული სამხედრო მეთოდებით, ჯერ ხელშეკრული, შემდეგ ფეხებშეკრული, შემდეგ ხელ-ფეხშეკრული, მორევიდან გამოსაცური, შეჭურვილად ცურვა, წყალში ტვირთის ზიდვა, შორ მანძილებზე ცურვა, ფონების პოვნა-ამოცნობა, ყვინთვა და სხვ.), პარალელურად ბავშვი ითვისებდა სხვადასხვა საბრძოლო თუ არასაბრძოლო იარაღის გამოყენებას (არასაბრძოლო მაგ. სამეურნეო იარაღი: თოხი, ბარი, ფიწალი, შოლტი, ცელი, ნამგალი, ურო, სარი, ქვა და ა.შ.) ცხენზე ჯირითს (უბელოზე, გაუხედნავზე, ცხენის ზურგზე ფეხით დგომას, ცხენიდან ცხენზე გადახტომას, ცხენიდან ხმლის და მშვილდის ოსტატურ ხმარებას, კლდეზე და გლუვ ზედაპირზე ცოცვას, ჩუმად, შეუმჩნევლად სიარულს, გარემოს დაზვერვას, ღამით ხედვას (ამისთვის ბავშვს რამდენიმე კვირა ბნელ გამოქვაბულში ან ციხე-კოშკში კეტავდნენ და სპეციალური ვარჯიშებით შედეგსაც აღწევდნენ), ჭრილობების და ავადობის განკურნებას, ანუ საექიმო ხელოვნებას - მედიცინას.


ხევსური მეომარი. 1878 წ.


ხევსურეთში ძალიან გავრცელებული იყო საჯილდაო ქვა, იგივე "ხელის ქვა". თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა საერთო თავშეყრის ადგილებში (საფიხვნო და სხვ.) სპეციალურად შერჩეული, სწორკუთხედის ფორმის ბრტყელი ქვა, საშუალოდ ერთ ფუთამდე წონის. ამ ქვის ტყორცნით - სარევით, იმართებოდა სისტემატური შეჯიბრი დასვენების ჟამს და აგრეთვე საერთო ხალხობაში (ჭირ-ლხინის დღეებში)


ვაჟ-სავაჟიოს მამაც კაცად მომზადებისას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა სულიერ-მორალურ აღზრდას. მკაცრი აღზრდის პროცესში ყველა ზომა მიმართული იყო მომავალ მამაკაცში სიმტკიცის, სიმარდის დანერგვა-გამომუშავებისთვის. ვაჟის უპირველეს ღირსებად ითვლებოდა არა ფიზიკური ძალა, არამედ სიმამაცე, ყველაზე დიდი ნაკლი კი მშიშრობა, სიმხდალე ითვლებოდა. მთავარი სახელი კაცისა ომში, ბრძოლაში სიმარჯვე, უშიშრობა და მტრის განადგურება იყო.


ქართველი მეომარი


14-15 წლის ასაკში ბავშვებს უკვე ათვისებული ჰქონდათ 15-20 სახეობის იარაღით ბრძოლა. ამის მერე მათ უშვებდნენ მხოლოდ ერთი ხელი თხელი ტანსაცმლით. მას ასე უნდა გადაეტანა ზამთარი, ებანავა მთის გაყინულ მდინარეებში და მოეხერხებინა მარტოს თავი გამოეკვება ნადირობით თუ სხვა ნებისმიერი გზით.


17-19 წლის ქართველი კაცები უკვე სრულფასოვანი მეომრები იყვნენ. ეს მეთოდები უფრო ფხოვის და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხალხებისთვის იყო დამახასიათებელი, (ფშავლებისთვის, ხევსურებითვის, მოხევეებისთვის, მთიულებისთვის, თუშებისთვის...) ამის შემდგომ ახალი მეომარი ირიცხებოდა მეფის, ფეოდალის ან საეკლესიო სპა-გვარდიაში და განუწყვეტლად ხვეწდა თავის შესაძლებლობებს უკვე უშუალოდ ბრძოლებში.


ქართველი მეომარი


უცნობი არაბი ისტორიკოსი წერს: "ქართველი მეომრები არიან წვეროსანნი, პირქუშნი, ზორბა ტანისანი და სარდლის ერთგულნი, მათ სხვა მეომრებთან ისეთივე უპირატესობა აქვთ, როგორც მტაცებელ ცხოველებს სხვა სუსტ ცხოველებთან. ომში საოცრად იბრძვიან, შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე. ქართველები ომშიც კი მღერიან და საბრძოლოს უკრავენ, რაც მათ დიდ მხნეობას მატებთ. ქართული ლაშქარი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის ერთობის შემთხვევაში, მისი დამარცხება შეუძლებელი ხდება."





ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. ბერძნული ღმერთების ოჯახი (+160 სამეცნიერო სტატია)

3. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

4. სტალინი ქართველების შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
6363
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
6363
  
2020, 30 აპრილი, 20:51
აი აქაც ჩემი ნახატი დევს სტატიაში "როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს". ჩემი ნახატი აღებულია საიტიდან Fine Art America. ...ასე, რომ როცა მაგ ნახატს იღებდი (მეომრის სახე მუზარადში და უკან ქართული დროშით) , იმ საიტზეც მითითებული იყო ავტორი: Kakha KOLKHI, კარგი იქნება აქაც თუ მიუთითებ ვინაა მაგ ნახატის ავტორი.
2020, 27 აპრილი, 0:55
რა კარგი ნახატია ის, მეომრის პორტრეტი, უკან ქართული დროშით, შენ დახატე?
2019, 19 ივნისი, 1:51
თვალს ვადებნებ თქვენს სტატიებს და პირდაპირ კატასტროფაა აკადემიური კუთხით, სად არის ისტორიული წყაროები, დამოწმებები, გამოყენებული ლიტერატურა. რომელი პერიოდის და რომელი კუთხის საქართველოზე საუბრობთ, ეგ აბსოლუტური აბსტრაქტია და კონკრეტიკის უგულვებელყოფა. თქვენი თითოეული სტატია არის სადღეგრძელო და ,,ფეისბუკის" მასალა. მეცნიერება ფაქტებს ეყრდნობა, ფაქტებს. სტატიათა უმეტესობაში სურათები აბსოლიტურად უკონტექსტოდ და მცდარადაა გამოყენებული. და თქვენს პოსტებში სიმყაყემდე ეთნოცენტრიზმი გამოსჭვივის. მოძველდა ეს თვითაპოთეოზი, რამე სხვა მოსინჯეთ. სამშობლოს სიყვარული სულაც არ საჭიროებს მისი ისტორიის შელაზებას, რომანტიზებას და გაყალბებას. ერთი ჩვეულებრივი პოპულისტი ხართ. ის ფაქტი მახარებს, რომ ამ სვლით და ამ ხედვებით ქართული სამეცნიერო წრეების დაცინვას დაიმსახურებთმხოლოდ, ფეისბუქ აუდიტორია ღმერთმა მშვიდოვაში მოგახმაროთ.
2019, 8 თებერვალი, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 7 თებერვალი, 10:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5