x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2028 წელს საქართველო რუსეთს გაუსწრებს?

მოსახლეობა

სრულიად შესაძლებელია, ასეც მოხდეს და 2028 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს გაუსწროს. უფრო მეტიც: მოულოდნელი სწორედ საპირისპირო შედეგი იქნება.


ამის მტკიცების საფუძველს ის რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს, რაც 2018 წლამდე ვერ მოხვდა "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პროგნოზში, რომლის მიხედვით საქართველოს მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 2023 წელს $ 6670 გახდებოდა და რასაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების მკვეთრი დაჩქარება შეუძლია. ეს ფაქტორებია:


1. მოსახლეობის რაოდენობის დროებითი კლება



2004 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 14 %-ით შემცირდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ და ეს ტენდენცია არ იკლებს. ეს ადამიანები სტატისტიკაში ვეღარ ხვდებიან, სამაგიეროდ, ფულს გზავნიან საკუთარ სამშობლოში, რაც ეკონომიკისთვის ორმაგი სტიმულია. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება საზღვარგარეთ. საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ერთის მხრივ, ეს ადამიანები სამუდამოდ არ დავკარგოთ (მაგ. შესთავაზოს მათ საკონსულო აღრიცხვის გამარტივებული პირობები, მოქალაქეობის დაკარგვის ან მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში კი – რეპატრიაციის შეღავათიანი წესები), ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით, მივცეთ მათ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების, ჯანდაცვის სერვისებში ჩართვის და განათლების მიღების უკეთესი შესაძლებლობები და ასევე შანსი, რომ ამ ადამიანებმა მარტივად შეძლონ წელიწადში რამდენჯერმე საქართველოში დაბრუნება და გარკვეული დროის გატარება საკუთარ სამშობლოში, რათა საზღვარგარეთ დასაქმება მათთვის ციხედ და სამშობლოსგან მოწყვეტად არ გადაიქცეს.


2. სულ უფრო მეტ ქვეყანასთან გაფორმდება შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებები, რაც ქართველებს საზღვარგარეთ კარგ პირობებში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, სანამ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდებოდეს, რომ ქართველები სამუშაოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღარ მიდიოდნენ.


ესეც სრულიად შესაძლებელია. ტენდენცია ამ მხრივ ძალიან პოზიტიურია. როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 2018 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იშვიათ პროფესიებს ფლობენ, ექნებათ შესაძლებლობა, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში. საფრანგეთის შემთხვევაში ეს უკვე რეალობაა. ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომითი ბაზრების ლიბერალიზაცია რაც დრო გავა, სულ უფრო აქტიური ტემპებით მოხდება.


3. 3, 4 მილიარდი ევრო, რაც ევროკავშირმა სულ ახლახანს გამოყო ქართული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად


ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება უპრეცენდენტოა: ჩვენი ქვეყნისთვის საჩუქრად გადმოცემული თანხა სულ რაღაც 1 მილიარდი ევროთი ჩამორჩება 13-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას (!) და მრავალჯერ აჭარბებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.


ესეც ორმხრივი სარგებელია: ერთის მხრივ, მშენებლობის პროცესში დასაქმდება ქართველი მუშახელი, ხოლო მეორეს მხრივ, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა დააჩქარებს ეკონომიკის ზრდის ტემპებს.


4. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-სთან


ეს სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს. ამ ხელშეკრულების მეშვეობით (თუ ის გაფორმდა) საქართველოს მშპ დამატებით 12-15 %-ით გაიზრდება.


5. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება


თუ ეს ასე მოხდა და 20-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ (რაც გამორიცხული სულაც არ არის), ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მიმართ ნდობას ინვესტორების თვალში და ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა.


6. MAP-ის მიღება


2028 წლამდე MAP-ის მიღება არ არის მაინცდამაინც რეალისტური, მაგრამ თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობები ოპტიმისტური გზით წარიმართა, ესეც დამატებითი ბერკეტი იქნება, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან როცა ინვესტორს ეცოდინება, რომ ის დებს ფულს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაცია არ ემუქრება, ის უფრო მეტი ენთუზიაზმით დააბანდებს თავის კაპიტალს საქართველოში. მეორეს მხრივ კი, შევძლებთ, რომ ის უზარმაზარი სახსრები, რასაც თავდაცვისთვის ვხარჯავთ, მნიშვნელოვნად შევამციროთ და ეკონომიკურ წინსვლას და სიღარიბის აღმოფხვრას მოვახმაროთ.


7. ლარის გამყარება / რუბლის გაუფასურება


შესაძლოა, ლარი გამყარდეს, რუბლი გაუფასურდეს ან ორივე ეს პროცესი ურთიერთპარალელურ რეჟიმში განხორციელდეს, რაც გამორიცხული არ არის.


8. შეცდომა დღევანდელ საპროგნოზო მონაცემებში


იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული ეკონომიკა დღეს უკვე არსებული შესაძლებლობების გამოყენებითაც უფრო სწრაფი ტემპებით გაიზრდება, ვიდრე ამას "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" ვარაუდობს.


ხოლო რუსეთს რაც შეეხება: მას აქვს ძალიან ცუდი ეკონომიკური პროგნოზები (მაქსიმუმ წლიური 1, 8 %-იანი ზრდა 2024 წლამდე), რუსეთში ბიზნესის კეთება არ არის მარტივი, რუსეთი არის ძალიან ავტოკრატიული და ძალადობაზე დამყარებული ქვეყანა. რუსეთის ხელისუფლება, მისი არადემოკრატიულობიდან გამომდინარე ბევრ შეცდომას უშვებს და კიდევ უფრო მეტს დაუშვებს მომავალში. გარდა ამისა, 2028 წლამდე უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გადავა ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგომატარებლების მოხმარებაზე და რუსულ გაზსა და ნავთობზე უარს იტყვის. ესეც ორმაგი სარგებელი ჩვენთვის: პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ რუსეთს კიდევ უფრო ნაკლები კაპიტალი ექნება ქართულ და ზოგადად, ევროპულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ კიდევ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გათავისუფლდება რუსეთის შანტაჟის და ზეწოლისგან და ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ტემპებს.


ამრიგად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ გავუსწრებთ და სამარადჟამოდ უკან მოვიტოვებთ. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ გაქრება ჩვენი ქვეყნის და ხალხის რუსული უღლის ქვეშ დაბრუნების მცირედი პერსპექტივაც კი. თუმცა, მხოლოდ ეკონომიკური ზრდა ვერ გვიშველის, თუ ბევრად უფრო ენერგიული ნაბიჯები არ გადაიდგა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და მეტი სოციალური თანასწორობის მისაღწევად, რათა ქვეყნის წინსვლა ყველა ადამიანმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს და საქართველოში დამღუპველი საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგია არ გაძლიერდეს.




2
811
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
811
  
2019, 4 თებერვალი, 0:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 თებერვალი, 23:09
უფრო მალე გავასწრებთ რეალურად. აი გაკეთდეს ეხლა ეს ორი დიდი პროექტი, ანაკლიის პორტი და ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი და ეგაა.
0 1 2