x
image
პროფესორი
არსებობს სამყაროში ჩემზე უიღბლო ადამიანი?-პასუხის სანახავად წაიკითხეთ სტატია
შენ! ჰო, შენ! ვერ დავიჯერებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აგიხედავს ცაში და არ გიფიქრია: ვინ ვარ? რა ვარ? რა მინდა? არსებობს სამყაროში ჩემზე უიღბლო ადამიანი?

პირველ სამ კითხვაზე პასუხი ცამ გაგცეს, აი ბოლო კითხვას კი მე ვუპასუხებ. დიახ, არსებობს და მე შენ მის ისტორიას მოგითხრობ. პოპკორნი მოიმარაგე მეგობარო:

მას გიომ ლეჟანტილი ჰქვია. ეს ეპიკურად უიღბლო ჯენტლმენი 1725 წლის 12 სექტემბერს დაიბადა საფრანგეთში, ქალაქ კუტანსში. ფულიანმა მამიკომ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო შვილში განათლების და ფიზიკური განვითარების კუთხით, თუმცა გიომს არ გაუმართლა და მისი სამხედრო კარიერა ვერ აეწყო.

რას აკეთებს ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად საერო საქმეში ვერ აღწევს წარმატებას? მართალია, სასულიეროს ეკედლება. გიომმა იმდენი იჩალიჩა, რომ აბატიც კი გახდა, მაგრამ ერთ დღესაც შენსავით ახედა ცას და იკითხა: ვინ ვარ? რა მინდა?


image


შენგან განსხვავებით, გიომს ცამ გასცა პასუხი: მიატოვე ყველაფერი და მე შემისწავლე ცუნცულ!

გიომიც ადგა, ეკლესიას განუდგა და მყარად გადაწყვიტა, რომ მეცნიერი, უფრო ზუსტად კი ასტრონომი უნდა გამხდარიყო.

გიომმა საკმაოდ დიდი ნიჭი გამოავლინა, მთელი “სქილ ფოინთები” ასტრონომიის შესწავლას დაახარჯა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიისგან ეპიკური “ქვესტი” მიიღო: გაემგზავრე ინდოეთის ქალაქ პონდიშერში, ვენერას მოძრაობის ტრაექტორია და დრო ჩაინიშნე მზესთან მიმართებაში, შემდეგ კი უკან დაბრუნდი.


გიომის მოგზაურობა 1760 წლის 26 მარტს დაიწყო. ევროპაში შვიდწლიანი ომი მძვინვარებდა, ვიღაც ვიღაცას რაღაცის გამო ებრძოდა, სწორედ ამიტომ, გემის მოძრაობის მარშრუტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ გეგმებში ხომ ნამდვილად არ შედიოდა მტრის გემებთან შეტაკება.

მავრიკიის კუნძულებამდე მიღწევას სამი თვე დასჭირდა. გიომმა გაიხარა, ინდოეთი უკვე ხელის გაწვდენაზეაო, მაგრამ ოჰ როგორ შეცდა... ინდოეთში ისეთი ბრძოლები მიდიოდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. გემს, უსაფრთხოების მიზნით ინდოეთისკენ მგზავრობა აუკრძალეს და მხოლოდ 9 თვის შემდეგ დართეს მავრიკიის პორტიდან გასვლის ნება.

გიომი ისე ჩქარობდა, ლამის სულს უბერავდა იალქნებს მალე ჩასასვლელად და აი გამოჩნდა ნანატრი ნახევარკუნძული და ქალაქი პონდიშერი.

სანამ გემი მავრიკიაში იდგა, პონდიშერი ინგლისელებმა დაიპყრეს.

მოვიდა ასტრონომიული დაკვირვების დღე, მაგრამ გემი სანაპიროს ვერ მიუახლოვდა, გიომმა კი ტალღებზე მოთამაშე გემზე, ვერ შეძლო ზუსტი გამოთვლების გაკეთება.

ახლა ფიქრობთ, მერე რა, როცა მოუნდება მაშინ გამოთვლის. ჰოდა შეცდებით. შემდეგი “ასტრონომიული ფანჯარა” დაახლოებით რვა წელში გაიხსნებოდა.



გიომს არ სურდა დამარცხებულად დაბრუნება და გადაწყვიტა ინდოეთში დარჩენილიყო, ვენერას დალოდებოდა რვა წელი და ეპიკური მისია წარმატებით შეესრულებინა.

ბედის ასეთ უკუღმართობას ბევრი ადამიანის გატეხვა შეუძლია, მაგრამ გიომი მყარი ბაგეტისგან იყო ნაძერწი. რვა წლის განმავლობაში ის ადგილობრივ ფლორას და ფაუნას იკვლევდა.



და აი გავიდა რვა წელი... დადგა ნანატრი დღე... გიომმა ტელესკოპი, ფურცელი და ფანქარი მოიმარჯვა... და ცა ღრუბლებმა დაფარეს!

გიომმა ყველა ღმერთი, დემონი და საკუთარი დედაც კი დაწყევლა მისი ასეთ უიღბლო ადამიანად გაჩენისთვის და ის-ის იყო მორიგი რვა წლისთვის უნდა მომზადებულიყო მორალურად, რომ ხმა მიუვიდა, ესპანელებმა დაგასწრეს გამოთვლების გაკეთებაო.

რა უნდა ექნა, არ გაუმართლა... გუდა-ნაბადი მოიგდო და საფრანგეთისკენ გაემგზავრა. 1771 წლის 8 ოქტომბერს ის პარიზში ჩავიდა.


მოგეხსენებათ, მეთვრამეტე საუკუნეში წერილები ან მიდიოდნენ დანიშნულების ადგილამდე, ან არა, მესენჯერი და ინტერნეტი კი ისე ჭედავდა, რომ ვერაფერს გაუგზავნიდი მეგობრებს. აღმოჩნდა, რომ გიომის წერილები ვერ აღწევდა საფრანგეთამდე.

გიომი გარდაცვლილად ჩათვალეს, მისი სახლი და ქონება ნათესავებმა დაინაწილეს და გაფლანგეს, გიომს მეცნიერებათა აკადემიის წევრობა გაუუქმეს და რაც მთავარია, მისი ცოლი სხვაზე გათხოვდა.

ეს უიღბლო ჯენტლმენი მაინც არ დანებდა და სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა საყვარელ საქმიანობას. ახალი ვერაფერი აღმოაჩინა, ყველაფერი დაკარგა, იბრძოლა და დამარცხდა.

აი ეს იყო შენს ბოლო კითხვაზე პასუხი მეგობარო, შენ არ ხარ ყველაზე უიღბლო ადამიანი.


image

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0