x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი


წარმართი იბერო-კავკასიელების რწმენით ყოველ ოჯახს ჰყავს თავისი მფარველი, რომელსაც იხსენიებდნენ, როგორც მფარველ სულს, ფუძის ანგელოზს, დიასახლისს (ოსურ. ბინათი ხიცაუ), კარჟს და სხვ. ოჯახის მფარველი - ფუძის ანგელოზი სახლში ბინადრობდა. კონკრეტულად კი კერასთან იყო მისი საყვარელი საბინადრო. უძველესი კერები კავკასიის ტერიტორიაზე დადასტურებულია ადრესამიწათმოქმედო ნასახლარებზე, რომლებიც შენობის კედლის ძირშია თიხისგან ამოყვანილი, იატაკში ჩამჯდარი და კვერცხისებრი ფორმისაა. მოგვიანებით პერიოდში კერამ გადმოინაცვლა სამოსახლოს ცენტრში.


ეს იყო მიწაში პირამდე ჩაფლული დაბალქუსლიანი ჭურჭელი ქალური ბუნების გამოხატულებით. სახლის შუაგულში კერიის გადმონაცვლება მიუთითებს, რომ მან საკულტო ფუნქცია შეიძინა. ეს იყო საკრალური ადგილი - ცენტრი, რომლის გარშემოც იკვრებოდა ოჯახის ერთობა და ღვთაებრივი ძალები ორმხრივ ურთიერთობას ამყარებდნენ. კერის საკულტო დანიშნულებაზე მიუთითებს ერთის მხრივ ის ფაქტი, რომ მის ბორდიურში ჩატანებული იყო ხორბლის მარცხვლები (ნაყოფიერების ნიშნად). იქვე ნაპოვნია ცხვრის ძვლები, სამეურნეო იარაღი და ქალის ფიგურები. მეორე მხრივ, ამ კერიდან ნაცარი არ იყრებოდა. იგი ილესებოდა საცხოვრებელი სახლის იატაკზე.


კერაში დანთებული ცეცხლი და რაც იქ იწვოდა, წმინდა იყო, ოჯახის ბარაქას შეიცავდა, ამიტომ მისი სახლის ზღურბლს გატანა არ შეიძლებოდა. ნაცრის დაგროვება იბერო-კავკასიელთა ტრადიციაში აღინიშნებოდა მე-19 - მე-20 საუკუნეთა მიჯნაზეც კი. კერების ბორდიური იმდენად ნაზადაა ნალესი, რომ დიდი ცენცხლის გაჩაღება იქ შეუძლებელი გახლდათ. სამეურნეო ფუნქციას ასრულებდა ეზოში გაკეთეული კერა ან ღუმელი, სახლში კერა შედგებოდა მიწაში ამოღრმავებული თასისებრი ორმოსგან, რომელზეც ზემოდან ჩამოშვებული იყო საკიდლიანი ჯაჭვი.



სვანური კერა


ეს აგებულება უბიძგებდა ადამიანს, აღექვა იგი მიწისა და ცის ერთიანობის გამომხატველად, მაგრამ ასეთი გააზრება უფრო გვიანდელია, როცა კერაში ასტრალური ნიშნებიც აისახა. თავდაპირველად კი კერა მიწასა და მიწისქვეშეთთან დამაკავშირებელი ადგილი იყო, სადაც ბინადრობდა ოჯახის მფარველი სული.


ფუძის ანგელოზი უპირატესად ცოცხალ არსებად ჰყავდათ წარმოდგენილი, სვანეთში მას ერქვა მეზირი, პარალელურად სხვა სახელებითაც მოიხსენებდნენ, ეს სახელები ოჯახის მფარველის სხვადასხვა თვისებაზე მიუთითებს: "სახლის მჭამელი", "სახლში მყოფი", "მიჩვეული", "ნატვრის თვალი", სამეგრელოში ერქვა ნერჩი, პატენი.


მესტიაში, სვანეთში ჰყავდათ თეთრი გველი - ოჯახის "თვალილდ" (ნატვრის თვალი), რომელიც მუდამ კერასთან იყო. გველი ოჯახის მფარველი სულის, კერიის ანგელოზის ზოომორფული სახება იყო. შემდგომ პერიოდში ამ სახებამ ზოომორფულიდან ანთროპომორფიზმი განიცადა და გამოიხატებოდა ან წარმოდგენილი იყო, როგორც ქალი, მაგრამ გველის არქაული სახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქალის სახებამ ის სრულად ვერ ჩაანაცვლა და ეს ორი ერთმანეთის პარალელურად (ერთი და იგივე სული შეიძლება გამოცხადდეს როგორც ქალის, ასევე გველის სახით). ქართველ მთიელთა რწმენით, თუ ადამიანს გველი ესიზმრებოდა, ესეიგი კერიის მფარველი უწყრებოდა და შემდეგ აუცილებლად უნდა მოემადლიერებინა. თუ ქალის სახით ჩნდებოდა და არა გველის, მაშინ მას თეთრებში გამოწყობილს ხედავდნენ.


ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი. თვალილდ


ქართველი წარმართები ოჯახის მფარველ სულს განსაკუთებული პატივით ეპყრობოდნენ, ერიდებოდნენ ოჯახში ხმამაღლა ლაპარაკს, უშვერი სიტყვების გამოყენებას, საკუთარი საკვებიდან აძლევდნენ წილს და წლის პირველი მოსავლის ნაწილიც მას ეკუთვნოდა.


სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ, დიდმარხვის დადგომამდე ატარებდნენ ნერჩი ხვამის (ფუძის ლოცვის) ან ნერჩი პატენის (ფუძის ბატონის ) ლოცვას. ხევსურები სახლის ანგელოზს სხვაგვარად ყუდროს ანგელოზსაც უწოდებენ. ყოველი ხევსური ქალი დაწოლის წინ უსათუოდ ლოცულობდა: "კეზის წვერის ანგელოზო, სახლის ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო, გვიშველე." ფუძის ანგელოზის სახელზე ხავიწსაც აცხობდნენ.


ოჯახის მფარველი შედიოდა ძველი რელიგიური სისტემის მიწის ღვთაებათა რიგში, რომლებზეც დამოკიდებული იყო მთელი ბუნების ნაყოფიერება. ამიტომ ადამიანები ლოცვებში სთხოვდნენ ფუძის ანგელოზს ოჯახის გამრავლებას, საქონლის გამრავლებას, უხვ მოსავალს და ა.შ.

ფუძის ანგელოზი, ვიწრო, ლოკალური ღვთაებაა, რომელიც სამყოფი სახლით - "შინა სამყაროთია" შემოსაზღვრული. ამ საზღვის გარეთ ის არ გადის (თუ განრისხებულმა სამუდამოდ არ მიატოვა ოჯახი). ამიტომ ის თავად ვერ შეძლებდა ყველაფრის უზრუნველყოფას, რაც ადამიანს სჭირდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ლოცვებში მას სთხოვდნენ ნაყოფიერების უფრო მაღალი რანგის (ამ შემთხვევაში უფრო დაბლა მყოფის, ვინაიდან მიწის ღვთაებებში ძალმოსილება რაც უფრო იზრდებოდა, უფრო მიწის სიღრმისკენ იყო მდებარე მათი საბინადრო) საყოფიერების ღვთაებასთან შუამდგომლობას.


ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი


ესეც ცნობილი მოვლენაა რელიგიაში, როდესაც ადამიანი უფრო მაღალი რანგის ღვთაებასთან შუამდგომლობას მეტად დაბალ საფეხურზე მყოფს სთხოვს. ოჯახის მფარველს თავისი საბინადრო ოჯახის წევრთა სათხოვარი მიჰქონდა ადგილის დედასთან, ხოლო ადგილის დედას კი დედა მიწასთან - უმაღლეს ხთონურ ქალღმერთთან.


შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც თავს იჩენს ოჯახის მფარველის კულტთან დაკავშირებით. ეს არის ფუძის ანგელოზისა და ოჯახის წევრთა ნათესაური კავშირი. როგორც ვნახეთ, ფუძის ანგელოზთან უშუალო ურთიერთობა აქვს ოჯახის დედას - დიასახლისს, რომელიც ჩურჩულით ელაპარაკება მფარველ ღვთაებას და სხვებისთვის (თვით ოჯახის წევრებისთვისაც), საიდუმლოდ რჩება მათი საუბრისა და შეთანხმების საგანი. შესაძლოა, ამ კულტის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ფუძის ანგელოზსა და დიასახლისს შორის შთამომავლობის გაცვლასაც ჰქონდა ადგილი. ამის რუდიმენტებს ვხედავთ სხვა კავკასიელთა წარმართულ გარდამოცემაში. დაღესტანში ოჯახის მფარველს კიუნე ერქვა. კიუნები დროდადრო დედის მუცლიდან იტაცებენ ბავშვებს, თვითონ ზრდიან და ასე ივსებენ თავიანთ რიგებს. ამით ხსნიან დაღესტნელები ცრუ ორსულობას.


მსგავსი წარმოდგენები გვხვდება იბერო-კოლხებში, ოღონდ აქ იგი დემონოლოგიის სფეროს უკავშირდება. არის აღწერილი შემთხვევები, როცა დედა აკვანში დამახინჯებულ ჩვილს აღმოაჩენს. ხალხს სჯეროდა, რომ ბავშვი ავსულებმა მოიტაცეს და სანაცვლოდ თავიანთი მახინჯი შთამომავალი დატოვეს. მართალია ამ შემთხვევაში მოქმედებენ ავი სულები და არა ოჯახის მფარველები, მაგრამ თუ გავითვალისიწნებთ, რომ ზოგგან ოჯახის მფარველებმა უარყოფითი თვისებები მიიღეს და დემონურ არსებათა რიგში გადავიდნენ, მაშინ ანალოგია შესამჩნევი გახდება.


ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი


მფარველებს არა მარტო თავისთან მიჰყავდათ ჩვილი ბავშვები, არამედ ხანდახან თვითონაც განხორციელდებოდნენ ხოლმე ოჯახის რომელიმე წევრის სახით, ესეიგი ნათესაობის გამოვლენა, ორმხრივი იყო. თიანეთის რაიონის სოფელ წიკვლიანთკარში ცხოვრობდა მკითხავი ქალი ბაბალე თადიაური. ამბობდნენ, რომ იგი გველთან ერთად დაიბადა. მას ერთი გვერდი ქერცლით ჰქონდა დაფარული (გველის ტყავის მსგავსად), და აკვანში რომ იწვა, მისი ტყუპისცალი გველი აკვნის სახელურზე იყო შემოხვეული და "დასთან" ერთად ეძინა.

ეს არ არის უცხო მოვლენა, რადგან სხვადასხვა მითო-რელიგიურ (თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ღვთისშვილთა კულტში) არიან განღმრთობილი ადამიანები და განკაცებული ღვთაებები.


ფუძის ანგელოზის კულტში კიდევ ერთ არქაულ შტრიხს წარმოადგენს გველის სახით მისი გამოვლენა. როგორც უძველეს მთოლოგიურ წარმოდგენებში, აქაც გველი ქალღვთაების ატრიბუტი კი არ არის, არამედ იგი თავად განასახიერებს გველს. ამ კულტში ჩამოყალიბდა კერაში ამოსული ხისა და მასზე შემოხვეული გველის მითოლოგემა, რომელიც ტრანსფორმირებული სახით შევიდა ღვთისშვილთა ანდრეზებში.




მომზადებულია ქეთევან სიხარულიძის ნაშრომის მიხედვით "კავკასიური მითოლოგია".


ასევე დაგაინტერესებთ:

1. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე)

2. თამარ მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

3. თამარ მეფის ბრძოლების სია

4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

5. ვერმახტის ქართული ლეგიონი

6. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

7. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

8. ქართული მითოლოგია - დედა მიწა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1853
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0