x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ დაგვიანდა ზემო ქედში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება?
image


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: არხილოსკალოსა და ქვემო ქედში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ჯამში აშენდა 55 636 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც 1 296 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.


დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ტექნიკური პროცედურული პრობლემების გამო სამუშაოები შედარებით გვიან დაიწყო, ამდენად, ამ სოფელში მცირე ჩამორჩენაა. თუმცა, სამუშაოები წელსაც გრძელდება. ამას გარდა, პირველ ეტაპზე, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში შიდა ქსელის მოწყობა დასრულდა ასევე ალაზნისპირა სოფლებში სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში. პრემიერის განკარგულებით დედოფლისწყაროს სოფლების გაზიფიცირებისთვის 2018 წელს 11 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, გაზი ისეთ სოფლებში შედის, სადაც ბუნებრივი აირი მათი არსებობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა.


დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წელს გაგრძელდება. მათ შორისაა ახმეტის სოფელი კასრისწყალი, რომელიც, სულ მუდამ დედოფლისწყაროს საზრუნავი იყო.



სოფელ თავწყაროში მერის წარმომადგენლის თანაშემწე თეიმურაზ აფციაური ამბობს, რომ სოფელში გაზის მილი უკვე შეყვანილია და სამუშაოები მალე დასრულდება. მისი თქმით, ამ სოფელში სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის სკოლისა და ამბულატორიის არარსებობის გამო, მიგრაცია გააქტიურდა, ბუნებრივი აირი კი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას ხელს შეუწყობს და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.


ზემო ქედში მერის წარმომადგენელი ბეჟან სუხაშვილი ამბობს, რომ შიდა ქსელის მოწყობა თითქმის დასრულდა და ამჟამად ცენტრალურ მაგისტრალზე მილის გაყვანა მიმდინარეობს. მისი თქმით, მიდგომა შეიცვალა, რათა მოძრაობა არ შეფერხდეს.


„120 წელს ითვლის მთიელი ხალხის ქედში ჩამოსახლება. ამდენი თაობა ნატრობს ბუნებრივ აირს. უხუცესებისგან მახსოვს, სულ ეს პრობლემა იყო საოცნებო. აქ ყველაზე მწვავედ დგას სათბობი შეშის პრობლემა, რადგან აქ ტყე ფიზიკურად არ გვაქვს... სწორედ ამის გამოა, რომ მოსახლეობამ ჯაგიც კი გაკაჭა და სათბობად იმას იყენებდნენ. სხვა გზა არ იყო და წვრილი ჯაგნარიც კი დაიჭრა. თავის დროზე შირაქშიც ქარსაფარი ზოლები სწორედ ამიტომ გაიჩეხა, რომ 90-იანების ცივ და ბნელ დღეებში ოჯახები გაეთბოთ. დაუჯერებელი ოცნება დღეს რეალობად იქცა. ზემო ქედში პროცესი დაგვიანდა, რადგან სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიის გამოვლენა გაჭიანურდა. ახლა სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და პროცესი ისევ გრძელდება. შიდა ქუჩებზე მილის დაფენა უკვე სრულდება და ცენტრალური მაგისტრალი დარჩება. არხილოსკალოდან მოჰყვებიან და ნელნელა მოიწევენ, მეორე საბავშვო ბაღს გამოცდნენ. ხარისხი და ტემპი კარგია და კმაყოფილი ვართ. წინა სოფლებში მთავარ გზაზე ორივე მხარეს ერთდროულად გაითხარა, რამაც ავტომანქანების მოძრაობა შეაფერხა. ამიტომ ახლა გადაწყდა ჯერ მარცხენა მხარეს დაფინონ მილი, შემდეგ მეორე მხარეს გაიჭრას ორმო... კომუნისტების დროსაც დაიწყეს აქ გაზის შემოყვანა, მილი სოფლის ცენტრამდე მოვიდა, კანტორის შენობამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. ახლა მოსახლეობა კმაყოფილია, რადგან წარმოუდგენელი სიკეთე იქნება ჩვენი ხალხისთვის ბუნებრივი აირის შეყვანა, “ _ განაცხადა ზემო ქედში მერის წარმომადგენელმა ბეჟან სუხაშვილმა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს

1
107
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
2019, 31 იანვარი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1