x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დედოფლისწყაროში სამი მამაკაცი დააკავეს
image


პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში, საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სტადიონთან მომხდარი ინციდენტის დროს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამი მამაკაცი დააკავეს. 22, 35 და 39 წლის ასაკის დაკავებულები სოფელ სამრეკლოს მაცხოვრებლები არიან, ერთერთი მათგანი, ირაკლი გლახოშვილი 6 შვილის მამაა. გლახოშვილების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თავს საარსებო შემწეობით ირჩენს.


სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურორის, გოჩა ჯანყარაშვილის მტკიცებით, ძმები დავით და რობიზონ ყოჩიაშვილები და ირაკლი გლახოშვილი ბილწისიტყვაობდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ, რა დროსაც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაშლისა და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა. მხარეებს შორის ინციდენტი 27 იანვარს სტადონზე მოხდა.


„შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულების მიმართ ბრალდების მხარის მიერ იყო ჩამოყალიბებული, ნათლად ადასტურებს 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მიმდინარეობს გამოძიება და სავსებით შესაძლებელია ბრალის დამძიმებაც“, - აღნიშნავს პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი.



სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 30 იანვრის სხდომაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული 3 ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა გამოაცხადა. სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.


ბრალდების საწინააღმდეგო ვერსია აქვთ დაკავებულებს. მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.


მათი თქმით, პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ახალგაზრდების მიმართ იძალადეს. დაკავებულები განმარტავენ, რომ პოლიცია მათ მუდმივად დევნის იმის გამო, რომ გლახოშვილი და მისი ძმა წარსულში ყაჩაღობაზე არიან ნასამართლევი.


„ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ. სტადიონიდან მაღაზიისკენ მიდიოდნენ, რადგან სხვები ჩხუბობდნენ და უნდოდათ გაეშველებინათ. ფაქტიურად, ამ ადგილას სრულიად შემთხვევით მოხვდნენ, “ - ამბობს დაკავებულის მეუღლე, მრავალშვილიანი დედა ლია სურმანიძე.


ადვოკატი ამბობს, რომ სხეულის დაზიანება არა დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს, არამედ თავად დაკავებულებს აღენიშნება.


„სამივეს მიმართ იყო ძალადობის ფაქტები განხორციელებული. მე ვიზუალურადაც დავაკვირდი და მითუფრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვიზუალურად ეტყობა როგორც შუბლზე, ლოყაზე, როგორც მახსოვს და ყურზე აქვს განსაკუთრებულად მძიმედ მიღებული დაზიანება, რაც, როგორც ვიცი აღბეჭდილია მისი დროებით იზოლატორში შესვლისას გასინჯვის პერიოდში“ - აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი.


სიღნაღის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე დაკავებული წინასწარი პატიმრობის ორთვიან ვადას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 22 მარტს 11:30 საათზეა ჩანიშნული. დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში სასამართლო შესაბამის სასჯელს სწორედ 22 მარტს გამოაცხადებს.


image

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0