x
image
გემი დალანდი
,,მე აღარ შემეძლო ბავშვების მოკვლა"-აბორტარიუმის მედდის მონათხრობი
image

ბონი მაკკლორიმ თავისი სამსახური მას შემდეგ მიატოვა, როცა ერთხელ მარილის აბორტის შემდგომი “მშობიარობა" მიიღო. მარილის აბორტი - ეს პროცედურაა, რომლის დროსაც მუცლიდან ნემსების საშუალებით სანაყოფე წყალი ამოაქვთ და მის მაგივრად მარილის კონცენტრირებული ხსნარი შეჰყავთ. შედეგად, ნაყოფი საშინელი ტანჯვით კვდება - მოწამვლით, დეჰიდრატაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევით, ქიმიური დამწვრობით. მარილი მის ნაზ კანს “ჭამს" და ბავშვი პომიდორივით წითელი “იბადება" აბორტის შემდეგ. აუტანელი ტკივილებისგან ნაყოფი კონვულსიებშია. მისი ლორწოვანი გარსები - თვალები, პირი თუ სხვ, საშინელ წვას განიცდის და შედეგად ნაყოფი ენით აუწერელი, საშინელი სიკვდილით კვდება, თანაც ნელა.

ბონი მაკკლორი იხსენებს, რომ როცა მეანის კურსებზე სწავლობდა, ის ერთადერთი იყო ჯგუფში, რომელიც აბორტებს ეწინააღმდეგებოდა:“ჩვენ, როგორც სტუდენტ-პრაქტიკანტებს, აბორტზე დაკვირვებაც გვიწევდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს ამხანაგებს ეს დიდად არ აღელვებდათ. მე ვიჯექი და ცრემლები მდიოდა, რომლებიც ჩემს თეთრ ხალათს ლაქებად ემჩნეოდა, დანარჩენები კი ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რა სიმპათიურია ექიმი-ორდინატორი, რომელიც პროცედურას ატარებს და რა ბედნიერი იქნება ოპერაციის შემდეგ არასრულწლოვანი პაციენტი. ვცდილობდი გულისრევის შეკავებას, როცა ვუყურებდი ეს “სიმპათიური ექიმი-ორდინატორი" როგორ აგროვებდა ერთად ყველაფერს, რაც ახალგაზრდა პაციენტის წიაღიდან გამოჰქონდა."

მოგვიანებით ბონის და სხვა მეან-ლაბორანტებს დაავალეს, მარილის აბორტის პროცედურებში დახმარება გაეწიათ ექიმებისთის.


როგორც ბონი იხსენებს “ჩემი კოლეგებიდან არავის მოსწონდა ეს სამუშაო, მაგრამ ცდილობდნენ ამას რაციონალურად მისდგომოდნენ, - როგორც ქალის “არჩევანის" უფლებას. გული მიმძიმდებოდა ყოველ ჯერზე, როცა ექიმი ჭურჭელს მაწვდიდა, რომელშიც პაწაწინა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული, მკვდარი, სისხლიანი ახალშობილი იწვა. ვცდილობდი თავი იმით დამემშვიდებინა, რომ მე არ გამიკეთებია რამე ისეთი, რაც ამ პატარა ადამიანების სიკვდილს ემსახურებოდა. მე უბრალოდ, პროცედურის შედეგებს “ვასუფთავებდი."

ბონის მოვალეობას შეადგენდა მკვდარი ნაყოფის მიღება და მათი გადატანა პათოლოგანატომიურ ლაბორატორიაში. მას ნაყოფი კონტეინერში უნდა ჩაედო, მიეწებებინა მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ნიმუშებისთვის განკუთვნილ მაცივარში შეენახა და პათოლოგანატომიური ლაბორატორიის მოთხოვნის საფუძველზე მათთვის გადაეცა.

ასე იყო თუ ისე, ბონი თავის სამსახურს კარგად ასრულებდა და ცდილობდა თვითონაც რაციონალურად შეეხედა მომხდარისთვის, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ყველაფერი.

მას ერთხელ არასრულწლოვანი გოგონასთვის უნდა მიეხედა, რომელსაც მარილის აბორტის შემდგომი მშობიარობა ეწყებოდა:“მახსოვს, მის ბარათში ჩავიხედე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორსულობა 20 კვირაზე ნაკლები იყო. ავიღე პატარა“სამშობიარო ნაკრები" და პალატისკენ გავემართე. გაცნობის და პაციენტის ორგანიზმის ძირითადი მაჩვენებლების შემოწმების დრო აღარ იყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მალე იმშობიარებდა. დავაწექი დახმარების გამოძახების ღილაკს, გავხსენი ჩემი ნაკრები, ჩავიცი სტერილური ხელთათმანები და...მკვდარ გოგონას, წონით 2კგ-ს, სიგრძით-40სმ-ს და თმით მთელ თავზე - ამქვეყნად მოვლენაში დავეხმარე. ინსტინქტურად შევეცადე ეს უკვე “დიდი" გოგო პაციენტისგან დამემალა, მაგრამ მან თვალი მოჰკრა და აყვირდა:“ჩემი პატარა! ჩემი პატარა!" ბავშვები, რომლებიც 2 კგ. წონით იბადებიან, ცოცხლობენ, ჯანმრთელობის მცირე პრობლემებით, ან სრულიად ჯანმრთელები. მე თავად ვადაზე ადრე გავაჩინე და 2, 5 კგ-ს იწონიდა, ცოტა მეტს, ვიდრე ეს პატარა."

მალე ექიმიც მოვიდა და უხეშად უთხრა ბონის, რომ “ობიექტი" გაეტანა, თავად კი პაციენტს ძლიერი დამამშვიდებელი გაუკეთა და მალე პაციენტის ყვირილი და ქვითინი შეწყდა.

მკვდარი ჩვილი უკვე დიდი იყო(როგორც მერე გაირკვა, ის რვა თვის იყო) და ამ მიზნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში ვერ მოთავსდა. ამის დანახვაზე უფროსმა მედდმა ბონის უბრძანა, მკვდარი ჩვილი დაებანა, ჩაეცმია და მორგში წაეღო.

image

“მკვდარიც კი, ძალიან ლამაზი იყო. ფრთხილად დავბანე და გავამშრალე, ვცდილობდი, მისი კანი არ დამეზიანებინა. მის აბრეშუმივით ქერა თმაზე კულულები გაჩნდნენ, როცა დავბანე. გრძელი წამწამები, მაღალი ყვრიმალები და პატარა ფოსო ჰქონდა ნიკაპზე. ხელის თითები - გრძელი და ნატიფი, პაწაწინა ფრჩხილებით. როცა ჩავაცვი, ჯვარი გადავსახე. საბუთებიდან ვიცოდი, რომ დედამისი კათოლიკე იყო. ავიყვანე ხელში, გულთან, როგორც ჩემი შვილები ამყავდა და მის ცივ შუბლს რამდენიმე წვეთი წყალი ვაპკურე. როცა ამას ვაკეთებდი, ჩემი ცრემლები წყალს ერეოდა. “თუ შენ იმ მდგომარეობაში ხარ, რომ შეგიძლია ეს საიდუმლო მიიღო, მაშინ გნათლავ შენ მამის, ძის და სულიწმინდის სახელით, ამინ". შემდეგ ჩავიხუტე და ვტიროდი, ბოლოს კი, მის პატარა თავს ვაკოცე. ეს იყო ერთადერთი კოცნა, რომელიც მან მიიღო."

ბონიმ საბუთები აიღო და ლიფტისკენ წავიდა:“გზად გავიგონე, როგორ ჰკითხა ერთმა ქალმა ადმინისტრატორს, სად ენახა თავისი ქალიშვილი. და ქალმა ჩემი პაციენტის სახლი და გვარი დაასახელა. წამით შევჩერდი და მხარს მიღმა, გვერდულად გავიხედე, რომ დამენახა, ვინ იყვნენ. დავინახე კარგად ჩაცმული ცოლ-ქმარი. ორივე 40 წლის იქნებოდა. გრძელ-გრძელ თითებზე ქალს ბრილიანტის რამდენიმე ბეჭედი ეკეთა, ქმარს კი ქერა, ხვეული თმა და ფოსო ჰქონდა ნიკაპზე...ყელთან რაღაც მომაწვა და მთელი ძალების მოკრება დამჭირდა, რომ არ მეყვირა. ლიფტი მოვიდა, კიუვეტი შევაგორე, პირველ სართულს დავაწექი და ჩვილი მორგში ჩავიყვანე.

ახალგაზრდა მორიგემ, წარმოშობით იამაიკიდან, პატარაზე ასწია სახვევი კიუვეტიდან და სანამ მე მორგის ჟურნალს ვავსებდი, კუნძულის მცხოვრებთათვის დამახასიათებელი მღერადი ხმით წარმოსთქვა:“აი, ღმერთმა კიდევ ერთი თავისი ანგელოზი წაიყვანა ცაში." მე ვუპასუხე: “დიახ, წაიყვანა."

ბონიმ მალევე გაიგო, თუ რატომ გაუკეთეს აბორტი ასე გვიან გოგონას:“მე სამშობიარო განყოფილებაში დავბრუნდი. უფროსმა ექთანმა თავისთან მიხმო, რომ გაეგო, კარგად ვიყავი თუ არა და მაშინ ვკითხე: “ნენსი, როგორ შეიძლებოდა ექიმს 8 თვის ორსულობა 18 კვირისაში არეოდა?! მეც კი, მუცელზე შეხებით ვგრძნობ ამ სხვაობას!

-ექიმმა ყველაფერი მშვენივრად იცოდა. მან ეს სპეციალურად გააკეთა. ამ გოგონას მშობლები ხომ მისი ახლო მეგობრები არიან. სიტყვა აღარ დაგცდეს ამაზე. ყველაფერი მოგვარდება. და მე მივხვდი რასაც გულისხმობდა:ადგილობრივი კომისიის სხდომა ჩატარდება ექიმის შეცდომის გამოსაკვლევად, რომელსაც ფორმალური სახე აქვს და არაფრის გარკვევას არ ეცდებიან."

ცვლის დასრულების შემდეგ ბონიმ განცხადება დაწერა გათავისუფლებაზე. მის გულში ყველაფერი გაირკვა, ყველა რაციონალური დასკვნა გაქრა. მას აღარ შეეძლო აბორტებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამსახური მხოლოდ პროცედურის შემდგომ “მილაგებას" გულისხმობდა.

ამჟამად ბონი ბავშვებს ზრდის და იმ ქალებს უწევს კონსულტაციას, რომლებიც დაუგეგმავი ორსულობის შედეგად სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან. . მიუხედავად იმისა, რომ ეს მას კარიერის ფასად უჯდება, თანაც ვერც ყოფილმა კოლეგა-მეგობრებმა გაუგეს და ზურგი აქციეს, ბონი კატეგორიულად უარს ამბობს ისეთ კლინიკებში მუშაობაზე, სადაც აბორტები კეთდება.


0
105
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0