x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კაცი, რომელმაც ბავშვებს "პინოქიოს თავგადასავალი" აჩუქა
კარლო კოლოდი

სურათზე: კარლო კოლოდი თავის პინოქიოსთან ერთად


თანამედროვე მსოფლიოში ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ბავშვობაში "პინოქიოს თავგადასავალი" რომ არ წაეკითხოს. თუმცა მისი ავტორის შესახებ ცოტამ თუ იცის რამე. ეს სტატია ამ ხარვეზის ნაწილობრივ აღმოფხვრას ისახავს მიზნად.


"პინოქიოს თავგადასავლის" ავტორი, კარლო ლორენცინი 1826 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ფლორენციაში. მწერლის ფსევდონიმი, კოლოდი მომდინარეობს სოფელ კოლოდიდან, სადაც საბავშვო ბესტსელერის ავტორის დედა, ანგელა ორძალი დაიბადა და სადაც პატარა კარლომ ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა.



გარდა ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობისა, კარლო კოლოდი ჟურნალისტურ საქმიანობასაც მისდევდა და საჯარო მოხელედაც მუშაობდა პრეფექტურაში. ასევე იყო იტალიის დამოუკიდებლობის თავგადაკლული მებრძოლი. მწერალმა საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას შეალია ჯანმრთელობა და შეწირა პირადი ცხოვრებაც (არც ცოლი ჰყავდა და არც მეგობარი ქალი და ისე დაიღუპა, შთამომავლობაც არ დარჩენია).


კარლო კოლოდი ვერც "პინოქიოს თავგადასავლის" წარმატებას ვერ მოესწრო; ეს ნაწარმოები სამყარომ მხოლოდ მისი ავტორის სიკვდილის შემდეგ "აღმოაჩინა."


"პინოქიოს თავგადასავალი" პირველად რომში, "Giornale per i bambini"-ში დაიბეჭდა 1881 წლის 7 ივლისს, მწერლის სიკვდილამდე 9 წლით ადრე, თუმცა ლიტერატურის სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასებები მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოჰყვა, ანუ მაშინ, როცა წიგნის ავტორი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.


მართალია, მე-19 საუკუნემ ფლორენციელი საბავშვო მწერლის ნიჭს ვერაფერი გაუგო, სამაგიეროდ "პინოქიოს თავგადასავალმა" მე-20 საუკუნის იტალიაში იმდენად ფართო გავრცელება ჰპოვა, რომ იტალიური ენის ფორმირების პროცესზეც კი მოახდინა უზარმაზარი გავლენა. თამამად შეიძლება ითქვას, დღევანდელი იტალიური ენა კოლოდის ენაა, "პინოქიოს თავგადასავლის" ავტორის შემოქმედების ინსტრუმენტიც და ნაყოფიც ერთდროულად.


კოლოდი 1890 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ ფლორენციაში, სადაც ის ტაძარ სან მინიატო ალ მონტეს სასაფლაოზე დაკრძალეს.

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0