x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დედოფლისწყაროში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

image


სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მაღალი ტემპერატურით დედოფლისწყაროში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები ვაჟა ალადაშვილი გულის ქრონიკულ დაავადებას უჩიოდა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა, რამაც სხვა დაავადებები გაართულა.


დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, სუნთქვის უკმარისობის მიზეზი იყო თუ არა ე.წ. ღორის გრიპი. თუმცა, საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ზურიკაშვილის შეფასებით, სტაციონარში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, რის გამოც დედაქალაქიდან კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟის გამოძახების საჭიროება დადგა.


„მამაკაცი ჩვენს დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მაღალი ტემპერატურით შემოვიდა, ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, ვითარების სიმძიმის გამო გამოძახებულ იქნა კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟი და გადაიყვანეს თბილისში შემდგომი მკურნალობის მიზნით. პაციენტი ჩვენს სტაციონარში არ გარდაცვლილა. ზოგადად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ვირუსული ინფექციისგან, ასევე ბაქტერიოლოგიური და სხვა სახის პრობლემებით. გარდაცვალების მიზეზი შემდგომი გამოკვლევებით დადგინდება და ინფორმაციას რაიონული ჯანდაცვის ცენტრი მიიღებს, “ _ აღნიშნავს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.



დედოფლისწყაროს საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი ამბობს, რომ H1N1-ის, ან სხვა ვირუსის შესახებ დადასტურებულ დასკვნას ცენტრი არ ფლობს. ალადაშვილი ვერც იმას აკონკრეტებს, რამ გამოიწვია 3 წლის ბიჭის გარდაცვალება დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში, რომელიც ასევე მაღალი ტემპერატურით სტაციონარში გასულ თვეში დაიღუპა.


„გრიპებთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში იანვრის პირველი ნახევარი უფრო რთული იყო. მომართვიანობა გაზრდილი იყო როგორც სტაციონარში, ისე ამბულატორიულში. იანვრის თვეში 136 პაციენტს გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხოლო 79 ამბულატორიებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ეს იყო გრიპის და გრიპის მსგავსი სიმპტომები. ყველა მათგანს შესაბამისი დახმარება გაეწია „ტამიფლუს“ დახმარებით, იმკურნალეს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელებული გაეწერა. მხოლოდ რაიონული ჯანდაცვის ცენტრმა 120 კაფსულა „ტამიფლუ“ გასცა უფასოდ 12 პაციენტზე. ამას ემატება საავადმყოფოში გაცემული „ტამიფლუ“. მარაგი საკმაოდ ბევრი გვაქვს. ამჟამად მომართვიანობამ უკვე იკლო. რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, გულის პრობლემებითაა გარდაცვლილი. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, გრიპის დიაგნოზით დედოფლისწყაროში არავინ გარდაცვლილა. როდესაც არის ღორის გრიპი, ან წითელა, ასეთ შემთხვევაში სხვა კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზი აუცილებლად გვეცნობება. ამჟამად ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, “ _ აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.


0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0