x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წადით უკეთესი ადგილის საძებნელად!!

ქეთი გაბინაშვილი
ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, განსაკუთრებით წერაში ვართ გენიოსები. ამ ბოლო დროს კი ნეკროლოგები გამოგვდის ბრწყინვალედ! არ წყდება, დაუსრულებლად გრძელდება ჯაჭვი: ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის დაუდევრობით სტუდენტი დაიღუპა, ექიმის შეცდომას მშობიარე ქალი ემსხვერპლა, დედამ შვილი მოკლა, შვილმა-მამა....
ადრე გაზეთის უკანა გვერდზე შავ ჩარჩოში ჩასმული სამძიმრები იბეჭდებოდა, ახლა უფრო მეტის საშუალება მოგვცა სოციალურმა ქსელებმა, შავ ფონზე, ბევრი ცრემლითა და წუხილით ვასაჯაროებთ საკუთარ დარდს: „გული ჩამეგლიჯა“, „მოვკვდი, ხალხო, ეს რა ხდება“, „ღმერთო, წამით არ დამიძინია“... და იქვე: „მეზიზღება საქართველო!“, „ფუ, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ“, „არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება“ და ა.შ. სოციალური ქსელი ერთ დიდ სამძიმრად გადაიქცა, ერთ დიდ სიყალბედ...
და მაშინ, როცა ჩვენ ატირებულძაღლებიანსმაილებს ვუკომენტარებთ ერთმანეთს, მეზობლის სახლიდან მტვრევის ხმა ისმის - რევაზი ფეხმძიმე ცოლს სცემს; სამარშრუტო ტაქსიში დედა 2 წლის კიკინებიან გოგოს სახეში გამეტებით ურტყამს; მთვრალი მეგობარი საჭესთან ჯდება და ჩვენ მხოლოდ ის გვაღელვებს, დააჯარიმებს თუ არა პატრულის თანამშრომელი; ძალიან არ გვინდა ძალადობის მსხვერპლი გავხდეთ, მაგრამ ჩვენს ვაჟიშვილებს, მაინც ვასწავლით, რომ ის მთავარია და ქალი მისი მორჩილებისთვის გააჩინა ღმერთმა; მაინც ვსარგებლობთ შემთხვევით და წინ წასული ნათესავის წყალობით ვიწყებთ მუშაობს; ვეწევით სიგარეტს აკრძალულ ზონებში; ვმალავთ გადასახადებს; სიჩქარის გადაჭარბებით დავდივართ იქ, სადაც ვიცით, რომ კამერა ვერ დაგვაფიქსირებს; ნაგავს ვყრით ქუჩაში, მიუხედავად იმისა, რომ ურნა რამდენიმე მეტრში დგას; გვერდს ვუვლით ხურდის სათხოვნელად ხელგამოწვდილ ბავშვებს და ატირებამდე გვიჩუყდება გული ქუჩაში უდარდელად მწოლიარე ძაღლებზე; იმ კაფეს კიბესთან, რომელშიც ძნელადწარმოსათქმელი სახელწოდების ყავის დალევაზე მეტად, ფოტოების გადასაღებად შევდივართ, ვერც კი ვამჩნევთ მოხუცს, რომელიც ამაღამ სიცივით უნდა გაიყინოს....
საღამოს კი ჩვენს ძვირად ღირებულ ტელეფონებს მოვიმარჯვებთ და ვწერთ: მძულს ქვეყანა, სადაც... და ვაგრძელებთ დაუსრულებელი, გრძელი და მტკივნეული ჩამონათვალით.... გვძულს ქვეყანა, გვძულს სახელმწიფო, აბა ვის დავდოთ ბრალი, პეტრესი არ იყოს და ჩვენ რა შუაში ვართ?!
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გასაკრიტიკებელი, მაგრამ დამნაშავე მე ვარ, შენ ხარ დამნაშავე, ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავეები! პრობლემა ჩვენს ინდიფრენტულობაშია, ჩვენს მუდმივად განზე გადგომისა და მაყურებლის როლში ყოფნაშია, პრობლემა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახებზე მოფიქრალ ადამიანებშია. ვისაც უკეთესი სახელმწიფოს შექმნა გვსურს, ტუჩებგამობზეკილი „სელფების“ გადაღებას, სჯობია, სარკე მოვიმარჯვოთ და საკუთარი ჭუჭყის ჩამოწმენდა დავიწყოთ.
ვისაც მიგაჩნიათ, რომ თქვენ დანაშაული არ მიგიძღვით და ქართველობა გერცხვინებათ, დამშვიდდით, სანერვიულო არაფერი გაქვთ, თქვენ ქართველები არ ხართ! ქართველობას დაბადების ადგილი და გვარი არ განსაზღვრავს, ქართველად საქართველოს მიწაზე ცხოვრება არ გაქცევთ, ქართველობას დამსახურება სჭირდება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თქვენ არ იმსახურებთ ქართველობას!
საბედნიეროდ, ეს ჩრდილოეთ კორეა არაა, საქართველოა, გადაადგილების საშუალებას არავინ გართმევთ, და ვისაც ეს სახელმწიფო გეზიზღებათ, უკეთესი ქვეყნის საძებნელად წადით, ისეთი სახელმწიფოს საძებნელად, სადაც არ კლავენ, არ აუპატიურებენ, არ სძულთ, შიმშილით არ იხოცებიან, ავტოსაგზაო შემთხვევები არ ხდება.... დატოვეთ საქართველო, ვისაც საკუთარი თავი ამ ქვეყანაზე უკეთესად მიგაჩნიათ და თქვენთვის შესაფერისი ადგილის საძებნელად წადით!

#ქეთიგაბინაშვილი

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0