x
image
მანჩო 777
ცნობილი მხატვრების არანაკლებ ცნობილი მენატურე ქალები
მშვენიერი ქალები, რომელთა სახეები დიდი ოსტატების შედევრების წყალობით შემოგვრჩა, ყოველთვის როდი დაიკვეხნიდნენ უზრუნველი ცხოვრებითა და ფუფუნებით, თუმცა მათ ნამდვილად გაუმართლათ იმაში, რომ სახელოვანი მხატვრების მუზები გახდნენ. შეიძლება ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ სილამაზის იმდროინდელი გაგება, ტიპაჟები, ფიგურები და ფორმები უკვე დიდი ხანია აღარაა მოდაში, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ სილამაზე და ხელოვნება უკვდავია.



image


დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება ცნობილი მხატვრების მენატურე ქალებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელოვანების მეუღლეები იყვნენ.



სიმონეტა ვესპუჩი (1453-1476)




imageფოტოზე: "ვენერას დაბადება", სანდრო ბოტიჩელი, (1482—1486)



სიმონეტა ვესპუჩი სანდრო ბოტიჩელის მენატურე გახლდათ. მან ფლორენციელების გული დაიპყრო ნაზი მომხიბვლელობით და იქცა განსახიერებად იტალიური რენესანსისა.



imageფოტოზე: სანდრო ბოტიჩელის "ვენერას დაბადება", ფრაგმენტი



ამ მშვენიერ ქალბატონს მედიჩების ცნობილი გვარის წარმომადგენელი ორი ძმა ეტრფოდა-უფროსი ძმა ლორენცო და უმცროსი ჯულიანო. სიმონეტა გათხოვილი იყო და ის არ ყოფილა შემჩნეული ფლორენციის მმართველებთან უწესო საქციელში. მას უბრალოდ ეთაყვანებოდნენ, როგორც მშვენიერ ქალბატონს-სილამაზისა და უბიწოების სიმბოლოს.

მშვენიერმა სიმონეტამ ფლორენციელების გული მხოლოდ სილამაზით კი არა, კეთილი ხასიათითაც დაიპყრო. მისით აღფრთოვანებული იყვნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.



imageფოტოზე: სიმონეტა ვესპუჩი, ბოტიჩელის ტილო



რაინდების ტურნირის დროს უმცროსმა მედიჩმა-ჯულიანომ სიმონეტა თავისი გულის ქალბატონად გამოაცხადა. ის ტურნირის დედოფლად გამოაცხადეს და მედიჩის თხოვნით ბოტიჩელმა ქალის პორტრეტი ქალღმერთ ათინას (მინერვას) სახით საკუთარ გერბზეც გამოასახინა.



image



სამწუხაროა, რომ ასეთი სილამაზე უდროოდ გაქრა: სიმონეტა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა ქოლერით. ფლორენციის საუკეთესო ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა იმდროინდელი მედიცინა უძლური იყო ამ დაავადების წინაშე.



მარგარიტა ლუტი (ფორნარინა) (1491-?)



imageფოტოზე: რაფაელი, ''ფორნარინას პორტრეტი'', (1518—1519)



რაფაელ სანტის მენატურე და საყვარელი ქალი იყო მარგარიტა ლუტი, ზედმეტსახელად ფორნარინა (რაც მეფუნთუშეს ნიშნავს). ლეგენდის მიხედვით ის მცხობელის ქალიშვილი იყო და ფუნთუშებით ვაჭრობდა. მშვენიერ ქალზე შეყვარებულმა რაფაელმა მამამისისგან მისი თავი 3000 ოქროს მონეტად იყიდა.



imageფოტოზე: რაფაელი, "ქალი მოსასხამით", (1514—1515)



სავარაუდოდ, მათ ერთმანეთი გაიცნეს 1508 წელს, როცა ფორნარინა 17-ის, ხოლო რაფაელი 25 წლის იყო. ქალ-ვაჟი ერთად ცხოვორბდა 1520 წლამდე-რაფაელის გარდაცვალებამდე. არსებობს ვერსია, რომ რაფაელი ჩუმად დაქორწინდა თავის მენატურეზე. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო, რადგან კარდინალს სურდა რაფაელს ცოლად მისი ძმისშვილი შეერთო.

ხელოვნებთმცოდნეები ვარაუდობენ, რომ სწორედ ფორნარინა პოზირებდა რაფაელის "სიქსტის მადონასათვის" (1512—1513).



imageფოტოზე: რაფაელი, "სიქსტის მადონა", (1512—1513)



რაფაელის სიკვდილის შემდეგ ქალის კვალი იკარგება. ერთ-ერთი ვერსიით, სასოწარკვეთილი ფორნარინა მონაზვნად აღიკვეცა და მონასტერში გაატარა დარჩენილი ცხოვრება.

რაფაელ სანტის და ფორნარინას რომანმა მწერლების, მხატვრების და რეჟისორების ყურადღება მიიქცია. ეს იყო სევდიანი ისტორია ცნობილი მხატვრის და უბრალო მეფუნთუშის ტრაგიკული სიყვარულისა.



imageფოტოზე: "რაფაელი და ფორნარინა", ჯან-ოგიუსტ ენგრის ტილო



სასკია ვან ეილენბიურგი (1612-1642)



imageფოტოზე: რემბრანდტი, "ფლორა", 1634 წელი



ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ხელოვანის ცხოვრებაში. ერთადერთი სიყვარული - ასე იხსენიებს სასკიას მამაკაცი. ქალს მხატვრის როგორც პირად, ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა.

25 წლის რემბრანტ ჰარმენს ვან რეინი 1631 წელს უკვე წარმატებული მხატვარი იყო, როცა მშობლიურ ქალაქ რეიდენიდან საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა. რემბრანტი იმ დროის მოდური და მოთხოვნადი მხატვარი გახლდათ. კარიერული წარმატების ჟამს, 1632 წელს სწორედ ქალაქ ამსტერდამში შეხვდა იგი სასკია ვან ეილენბურგს. შეხვედრის დღიდანვე დაიწყო მხურვალე სიყვარულის ისტორია. სასკიამ შეძრა მხატვარი. ნათელი კანი და წითური თმა იდეალურად უხდებოდა მის საყვარელ მუქ, მძიმე და მოელვარე ქსოვილებს, მაგრამ სრულყოფილ მოდელად სასკია მხატვრის სიყვარულმა აქცია. დაუყოვნებლივ მის ხატვას შეუდგა. ტილო "დრეზდენელი სასკია" – სასიამოვნო გოგონაა, ბავშვური, უზრუნველი და მხიარული.

image

1634 წელს გაცნობიდან ერთი წლის თავზე წყვილი სამუდამოდ უკავშირებს ერთმანეთს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მხატვარს ნამდვილად არ უჭირდა, ქალს მზითევში საკმაოდ დიდი ქონება მოყვა, რაც კიდევ უფრო მძაფრად აისახა მხატვრის განვითარებაზე. წყვილი დიდ დროს უთმობდა სახლის მოწყობას, ხშირად სტუმრობდნენ ანტიკვარიატის მაღაზიებს. ძალიან მალე სახლი მუზეუმს დაამსგავსეს. ისინი ფაქტიურად აღმერთებდნენ სახლს, რომლსაც თავიანთი სიყვარულის ნავსაყუდელს ეძახდნენ.

გამორჩეულად ''სიცოცხლისმოყვარეა'' ავტოპორტრეტი სასკიასთან ერთად, რომელიც თაფლობის თვის პირველ დღეებში დაიწერა. მხატვარმა საკუთარი თავი ხელში ბოკალით დახატა.

image
ფოტოზე: რემბრანდტი, "ავტოპორტრეტი სასკიასთან ერთად", 1635 წელი

1636 წელს რემბრანდტმა ცნობილი "დანაია" შექმნა. ტილოდან ჩანს, რომ ის ბედნიერია და ეს ბედნიერება მშვენიერ დანაია–სასკიასაც გადაეცემა. ცოლი ყველაზე დიდი მუზა იყო მხატვრის შემოქმედებაში. მის ყველაზე ცნობილ ტილოებზეც სწორედ სასკიაა აღბეჭდილი. სამწუხაროდ, 1642 წლის 14 ივლისს 29 წლის ასაკში სასკია ტუბერკულოზით გარდაიცვალა და რემბრანდტი 9 თვის ვაჟიშვილთან მარტო დატოვა.

imageფოტოზე: რემბრანდტი, "დანაია"

გათხოვებიდან 7 წლის მანძილზე სასკიას 4 შვილიდან სამი - ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი, ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა... მხოლოდ ერთმა იცოცხლა დედაზე დიდხანს და გახდა მამის ნუგეში და საყრდენი.

იზაბელა ბრანდტი და ელენა ფოურმენი (1614-1673)



imageფოტოზე: რუბენსი იზაბელა ბრანტთან ერთად



ფლამანდიელ მხატვარს, რუბენსს, ორი ულამაზესი მუზა ჰყავდა. იგი თავის ნამუშევრებში ყველა ქალს მათ ამსგავსებდა. ორივენი მხატვრის მეუღლეები იყვნენ.

იზაბელა ცნობილი ადვოკატის, იან ბრანდტის ქალიშვილი იყო. რუბენსს მეუღლე ძალიან უყვარდა, მას ხშირად ხატავდა. მათი სიყვარულის ისტორია 16 წელს გაგრძელდა. სამწუხაროდ, მშვენიერი ქალბატონი ძალიან ადრე გარდაიცვალა. რუბენსმა იზაბელას გარდაცვალება ძალიან განიცადა და მისი მხრიდან დიდი გამბედაობა იყო, როცა ოთხი წლის შემდეგ ელენ ფოურმენი შეირთო ცოლად.



imageფოტოზე: რუბენსი ელენ ფოურმენთან და ბავშვებთან ერთად, 1638 წელი



ამ არჩევანმა ყველა გააოცა, რადგან რუბენსის მდგომარეობის, გარეგნობისა და სიმდიდრის ადამიანს არჩევანი არ უნდა გასჭირვებოდა – შეეძლო ცნობილი ოჯახის შვილის ხელი ეთხოვა. ელენი ჩვეულებრივი ოჯახიდან გახლდათ. იგი 16 წლის იყო, რუბენსი კი 58-ის. მათ ხუთი შვილი ეყოლათ. ელენი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. დღეს, როცა მოდაში სილამაზის სულ სხვა სტანდარტებია, ბევრისთვის საკვირველია რუბენსის გატაცება საკმაოდ სავსე ფორმების მქონე ელენით. მაგრამ რუბენსს სურდა მუდმივად ეხატა მისი შვილების დედა, მისი მუზა. ფლამანდიელი ხშირად ხატავდა მეუღლეებს ან ავტოპორტრეტს მეუღლესთან ერთად, ან მეუღლეს შვილებთან ერთად. მის ნამუშევრებს ოჯახური ბედნიერებისა და სიყვარულის ნიმუშებად თვლიან. რუბენსის უკანასკნელი ნამუშევარია ინტიმური კომპოზიცია “ქურქი”, სადაც ელენი ვნებიან ქალად არის წარმოდგენილი.



imageფოტოზე: რუბენსი, "ქურქი", 1636—1638



რუბენსი 1640 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან ცოტა ხანში ახალგაზრდა ქვრივი მეორედ გათხოვდა. ელენის კვალი აქედან იკარგება და მისი მომავალი ცხოვრების შესახებ აღარაფერია ცნობილი.



ლუიზა ო'მერფი (1737-1814)



imageფოტოზე: ფრანსუა ბუშე, "წამოწოლილი გოგონა", 1752 წელი



ლუიზა ფრანგი მხატვრის ფრანსუა ბუშეს მენატურე და მეფე ლუდოვიკო XV-ის ფავორიტი იყო. არსებობს ლეგენდა, რომ მეფემ როგორღაც იხილა ბუშეს ტილო "წამოწოლილი გოგონა" და ისურვა მენატურე ქალი რეალურ ცხოვრებაში ენახა. ცნობილი ავანტიურისტი კაზანოვა თავის მემუარებში წერდა, რომ სწორედ ის დაეხმარა ჯერ კიდევ ნორჩ, პატარა გოგონას ცხოვრების მოწყობაში:

" მე ექვსი ლუიდორი გადავუხადე ერთ მხატვარს, რათა მას დაეხატა ლუიზას შიშველი სხეული. მან ის გამოსახა დივანზე გულდაღმა დაწოლილი, ხელებითა და მკერდით ბალიშზე დაყრდნობილი და სადღაც შორეთში მომზირალი. დახელოვნებულმა მხატვარმა მისი ფეხები და თეძოები ისეთ მდგომარეობაში დახატა, რომ თვალი უკეთესს ვერაფერს ინატრებდა. სურათის ბოლოს მხატვარს გავეკეთებინე წარწერა O-Morphi, რაც ბერძნულად ლამაზმანს ნიშნავს".



imageფოტოზე: ფრანსუა ბუშე, "ვენერას ტუალეტი", 1751 წელი



ლუიზა ო'მერფი ლუდოვიკოს საყვარელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. მეფისაგან მას ქალიშვილი-აგატა გაუჩნდა. ქალმა ზედმეტად შეაფასა თავის შესაძლებლობები და მოინდომა მეფის პირველ ფავორიტის- მადამ პომპადურისათვის გაეწია კონკურენცია, რისთვისაც განდევნილი იქნა სასახლიდან.

ლუიზას შემდგომი ბედი სავალალოდ წარიმართა- მას გარდაეცვალა ერთადერთი შვილი-აგატა. საფრანგეთის რევოლუციის წლები ლუიზამ ციხეში გაატარა, მშვენიერი მენატურე ქალი 1814 წელს 77 წლისა გარდაიცვალა მარტოობასა და გაჭირვებაში.



ვიქტორინა მიორანი (1844-1927)



imageფოტოზე: ედუარდ მანე, "ოლიმპია", 1863 წელი



ვიქტორინა მიორანი თავადაც მხატვარი იყო და ამავდროულად გახლდათ ცნობილი ფერმწერის ედუარდ მანეს მენატურე. ის XIX საუკუნის ბევრ ცნობილ მხატვართან პოზირებდა (თომა კუტიური, ედგარ დეგა, ნორბერ ჰონეტი), თუმცა საოცარი პოპულარობა მას სწორედ მანეს ნახატებმა მოუტანა. მათ არ ეშინოდათ სკანდალების და ექსპერიმენტებისა ხელოვნებაში. მოდელისა და მხატვრის შემოქმედებითი კავშირი თითქმის 13 წელიწადს გაგრძელდა.



imageფოტოზე: ედუარდ მანე, "საუზმე ბალახზე", 1863 წელი



ედუარდ მანემ ვიქტორინამ 1862 წელს გაიცნო. მაშინ ქალი 18 წლის იყო. სწორედ ვიქტორინა გახდა მთავარი გმირი ტილოებისა, რომლებმაც მხატვარს მსოფლიო პოპულარობა და სახელი მოუტანა. ვიქტორინა თვითონაც საკმაოდ კარგად ხატავდა და ფერწერის გაკვეთილებს ატარებდა, მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზის სალონებში. ამჟამად ვიქტორინა მიორანის ნახატები კერძო კოლექციებში ინახება და საზოგადოებისათვის მიუწვდომელია.



imageფოტოზე: ვიქტორინა მიურანი, "ბზობა, ავტოპორტრეტი", 1885 წელი



სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცნობილი მხატვარი და მენატურე ალკოჰოლს მიეძალა. არსებობის წყაროს ის პარიზის ქუჩებში გიტარის დაკვრით შოულობდა. პარიზელებმა მას შეარქვეს "მოხუცი ქალი მაიმუნით", რადგან ვიქტორინას მუდამ თან ახლდა პატარა მაიმუნი. იმპრესიონისტების მუზა 1927 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.



imageფოტოზე: ედუარდ მანე, "რკინიგზა", 1872-1873



ნიკო ფიროსმანი და აქტრისა მარგარიტა



imageფოტოზე: ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"



ამბობდნენ, რომ ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი ცხოვრობდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლად მოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა - ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ ''ყვავილების ზღვა'' ეყიდა…
1909 წლის მარტში ორთაჭალაში აფიშები გამოჩნდა: ''ყურადღება, სიახლე! თეატრი ''ბელ ვიუ''. მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში! შანსონების უბადლო შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს კეკ-უოკსაც შეუდარებლად ცეკვავს!''

როგორც ამბობენ, ნიკო ფიროსმანაშვილმა მარგარიტა სცენაზე იხილა თუ არა, თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიძახა: ''საოცრებაა! ქალი კი არა, ნამდვილი მარგალიტია!”''ამ ამბის გაგრძელება კი რამდენიმე ვარიანტადაა ცნობილი: მარგარიტამ სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან დაინახა ყვავილების ხალიჩა და ფიროსმანს გაოგნებულმა მიმართა: ''შენ დუქანი იმიტომ გაყიდე, რომ ეს მშვენიერი ვარდები ჩემთვის მოგერთმია? ამას ჩემს ცხოვრებაში არ დავივიწყებ, ჩემო რაინდო!'', ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც მდიდარ ჩინოვნიკთან ერთად თბილისიდან გაემგზავრა.

მეორე ვარიანტი ამ ლეგენდისა ასეთია: როდესაც მსახიობ ქალს “მილიონი წითელი ვარდი” გაუგზავნა, ნიკალა უკანასკნელი გროშებით დუქანში დასალევად წავიდა. გულაჩუყებულმა მარგარიტამ მას სხვისი ხელით ბარათი გაუგზავნა, რომელშიც მისვლას სთოვდა. ფიროსმანი იპოვეს, თუმცა უგონოდ მთვრალს ვერ გააგებინეს, მისგან რა უნდოდათ. ხოლო როცა მან სასტუმროში მისვლა შესძლო, გვიანღა იყო. მსახიობი იქ აღარ დაუხვდა. გასტროლები დასრულდა და მარგარიტა თბილისიდან გაემგზავრა.

იმასაც ამბობენ, რომ 1969 წელს, როცა ლუვრში ფიროსმანის 85 “პრიმიტიული” შედევრი გამოფინეს, ნახატთან “აქტრისა მარგარიტა” ყოველდღე მიდიოდა ხანში შესული ქალი და კარგა ხანს ჩერდებოდა. ბოლოს ვიღაც დამთვარიელებელმა მათ შორის მსგავსება შეამჩნია. დიახ, ეს დაბერებული მარგარიტა დე სევრი გახლდათო...


სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ლეგენდაა, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ფიროსმანის შემოქმედების მკვლევართა აზრით, ფრანგი მსახიობი ქალის მიმართ მხატვრის გაუზიარებელი სიყვარულის ამბავი ლამაზი ზღაპარია და მეტი არაფერი. სინამდვილეში არც ქონება გაუყიდია ვინმეს, არც ვარდების ზღვა ყოფილა და უფრო მეტიც, ფიროსმანი მარგარიტა დე სევრს პირადად არა თუ იცნობდა, ნანახიც არ ჰყავდა! სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პორტრეტი ნატურიდან კი არა, თეატრალური აფიშიდანაა დახატული. ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებაში სულ სხვა დრამა დატრიალდა. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მართალია: ბედნიერი სიყვარული გენიალურ მხატვარს თუ უბრალოდ - ნიკალას არასოდეს ღირსებია.

3
1568
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1568
  
2019, 27 იანვარი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 26 იანვარი, 23:59
"სერიოზულ"....
0 1 3