x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
ტიბერიუსი – "შავი იუმორის" მქონე ტირანი

image


რომის იპერატორი, ტიბერიუსი 14-37 წლებში მართავდა იმპერიას. იგი ცნობილია, როგორც სასტიკი და შავი იუმორის მქონე ტირანი. თუ რატომ, ამის გასაგებად მისი ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის მოყვანაც კმარა.


გრამატიკოსი დიოგენე როდოსზე ყოველ შაბათს სამეცნიერო პაექრობას მართავდა. ერთხელ ტიბერიუსი უდროო დროს მივიდა მის მოსასმენად; დიოგენემ არ მიიღო და მონის პირით შეუთვალა, შვიდი დღის შემდეგ მოვიდესო. მოგვიანებით, უკვე რომში, დიოგენე თვითონ ეწვია ტიბერიუსს მოსაკითხად; ტიბერიუსი იმით დაკმაყოფილდა, რომ უბრძანა, შვიდი წლის მერე მოსულიყო.


როცა სენატმა შესთავაზა ტიბერიუსს, ერთ-ერთი თვისთვის თავისი სახელი ეწოდებინა, მან უპასუხა: „ცამეტი კეისარი რომ გყოლოდათ, მაშინ რას იზამდითო?“


იმ ნაცვლებს, რომლებიც იმპერატორს პროვინციებისთვის გადასახადების გაზრდას ურჩევდნენ, წერილობით უპასუხა, რომ კარგი მწყემსი ცხვარს კი კრეჭს, მაგრამ ტყავს არ აძრობსო.


თავისი ვაჟების, ღვიძლი ძის, დრუზუსისა და ნაშვილები გერმანიკუსის მიმართ არასდროს ჰქონია მამობრივი სიყვარული. დრუზუსი მისი ბიწიერების გამო ეზიზღებოდა, რადგან ის ფუქსავატურ და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. მისმა სიკვდილმაც კი ვერ გამოიწვია სათანადო მწუხარება მამის გულში. შვილის დაკრძალვისთანავე ტიბერიუსი ჩვეულ საქმეებს მიუბრუნდა და ხანგრძლივი გლოვაც აკრძალა. ილიონიდან (ტროადან) გამოგზავნილმა დესპანებმა სხვებზე გვიან მიუსამძიმრეს, მან კი, იმის ნიშნად, რომ მწუხარება უკვე დავიწყებული ჰქონდა, დაცინვით უპასუხა: ჩემი მხრივ, მეც გითანაგრძნობთ თქვენი საუკეთესო თანამოქალაქის, ჰექტორის დაღუპვის გამოო.


ერთმა მასხარამ სამგლოვიარო პროცესის წინაშე ყველას გასაგონად სთხოვა მიცვალებულს, ავგუსტუსს გადაეცი, რომ მისი ნაანდერძევი საჩუქრები ხალხს ჯერაც არ მიუღიაო. ტიბერიუსმა ბრძანა, მასხარა მისთვის მიეგვარათ, მისი წილი საჩუქრები მიეთვალათ და მერე სიკვდილით დაესაჯათ, რათა მას თავად მოეხსენებინა ავგუსტუსისათვის, რაც მერგებოდა, სრულად მივიღეო.


ძველი კანონი კრძალავდა ქალწულების მოხრჩობით მოკვდინებას, ამიტომ არასრულწლოვან გოგონებს სიკვდილით დასჯის წინ ჯალათი აუპატიურებდა.


ვისაც სიკვდილი ეწადა ძალისძალად აცოცხლებდნენ. სიკვდილს ტიბერიუსი ძალიან მსუბუქ სასჯელად თვლიდა. როცა გაიგო, რომ ერთი ბრალდებული, სახელად კარნულუსი, სიკვდილით დასჯამდე გარდაიცვალა, წამოიძახა: „ხელიდან დამისხლტა კარნულუსი!“. როცა ჯურღმულების ჩამოვლისას ვიღაცამ შესთხოვა, მისი სიკვდილით დასჯა დაეჩქარებინა, მან უპასუხა: „მე შენთვის ჯერ კიდევ არ მიპატიებიაო.“


კაპრიზე მისი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ერთმა მეთევზემ მარტო დაიგულა ტიბერიუსი და მოულოდნელად უზარმაზარი თევზი - წითელწვერა მიართვა. იმით შეშინებულმა, რომ ვიღაცამ მიუვალი კლდეების გავლით შეძლო კუნძულზე შეღწევა და იმპერატორთან მიახლოვება, ბრძანა, ეს თევზი სახეში ერტყათ მეთევზისთვის. როცა ნახა, ნაცემი მეთევზე ბედს უმადლოდა, კიდევ კარგი, უფრო მოზრდილი ნანადირევი, უზარმაზარი ასთაკვიც არ მივართვიო, ტიბერიუსმა ბრძანება გასცა, ახლა ასთაკვი ერტყათ მისთვის სახეში.


გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი – "12 კეისრის ცხოვრება"

0
410
3-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0