x
image
ირაკლი შავიძე
საინტერესო ფაქტები "ბრმა" ჭადრაკზე
გამოცდილი მოჭადრაკეები, რომლებიც განსაკუთრებით კარგი მეხსიერებით გამოირჩევიან, ხშირად ჭადრაკს „ბრმად“ თამაშობენ, ანუ თამაშის დროს დაფას არ უყურებენ და იმახსოვრებენ როგორც საკუთარ, ისე მოწინააღმდეგის სვლებს, ზოგიერთები კი საერთოდაც ერთდროული თამაშების სეანსს აწყობენ.

ჯერ კიდევ XIII საუკუნის არაბი ფილოსოფოსი სუკოლკერ მუჰამედი წერდა პოეტ ალ-აჯალიზე, რომელსაც ერთდროულად შეეძლო ლექსებიც ეწერა და ჭადრაკი ბრმად ეთამაშა.

image
ჭადრაკის სიყვარულით გამოირჩეოდა ცნობილი იტალიელი მეცნიერი გალილეო გალილეი, რომელიც სიბერეში, 76 წლის ასაკში, ჩიოდა, რომ მეხსიერება ღალატობდა და აღარ შეეძლო ჭადრაკის ბრმად თამაში.

image
ცნობილმა ფრანგმა ფრანსუა-ანდრე ფილიდორმა, რომლის სახელიც ერთ-ერთ საჭადრაკო დებიუტს ეწოდა, XVIII საუკუნეში ჩაატარა „ბრმა“ ჭადრაკის სეანსი ერთდროულად 3 დაფაზე, რის შესახებაც აღფრთოვანებით წერდნენ იმდროინდელი გაზეთები.


image
1933 წელს, რუსი დიდოსტატი ალიოხინი ბრმად ეთამაშა ერთდროულად 32 მოწინააღმდეგეს, მათგან 19 მოიგო, 9 ყაიმით დაამთავრა და მხოლოდ 4 წააგო.

გავიდა სულ რაღაც 4 წელი და პოლონელმა მოჭადრაკემ ეჟი კოლტანოვსკიმ ბრმად ითამაშა ერთდროულად 34 მეტოქესთან, რომელთაგან 24 დაამარცხა და ათს ყაიმი ეთამაშა. სეანსი 14 საათი გრძელდებოდა და ჰონორარად პოლონელმა იმ დროისათვის სოლიდური თანხა - 1000 ფუნტი სტერლინგი მიიღო.

image
1947 წელს მიგელ ნაიდორფი ბრმად ეთამაშა 45 მოთამაშეს: 39 მოგება, 2 ყაიმი, 4 მარცხი.

image
ახალი რეკორდი დაამყარა უნგრელმა იანოშ ფლეშმა 1960 წელს, როცა ბრმად ითამაშა ერთდროულად 52 დაფაზე, მათგან ფლეშმა მხოლოდ 3 წააგო, 31 მოიგო და 18 ყაიმით დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ ფლეში ამ დროისთვის სულ რაღაც 27 წლისა იყო.

image
2016 წელს გინესის წიგნში მოხვდა ამერიკელი ტიმურ გარეევი, რომელმაც ერთდროულად 48 დაფაზე ითამაშა ჭადრაკი ბრმად.

image
2007 წელს ბილბაოში ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი „ბრმა“ ჭადრაკში, რომელშიც გაიმარჯვა ჩინელმა დიდოსტატმა ბუ სიანჩჟიმ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი, მაგნუს კარლსენი, მესამე ადგილზე გავიდა.

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0