x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
სსრკ-ში მომხდარი საშინელი რადიაციული ავარიები, რომლებსაც საბჭოთა ცენზურა წლების მანძილზე მალავდა

გასული საუკუნის 80-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ერთი სიმღერა, რომელსაც ცნობილი საბჭოთა მომღერალი ალა პუგაჩოვა ასრულებდა. სიმღერას სახელად ერქვა " რა არ შეუძლია ატომს". ტექსტი საკმაოდ მხიარული და პოზიტიური იყო. მასში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეიცვლება სამყარო, თუკი მთელ მსოფლიოში არსებულ ატომურ ბომბებს გავანადგურებთ და ატომს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოვიყენებთ. ტექსტის ავტორის პოზიცია გასაგები და მისაღები იყო, თუმცა, როგორც ჩანს, არც მშვიდობიანი მიზნით გამოყენებული ატომური ენერგიაა მაინდამაინც უხიფათო. ყველამ ვიცით, თუ რა საშიშია და მომაკვდინებელი რადიოაქტიური გამოსხივება, რომელიც ატომის გახლეჩის დროს წარმოიქმნება. ერთი არასწორი ქმედებაც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. გასული საუკუნის განმავლობაში ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე არაერთი რადიაციული ავარია მოხდა, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლი და ეკოლოგიური კატასტროფები გამოიწვია, თუმცა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებს სასტიკად ჰქონდათ აკრძალული მათ შესახებ საუბარი.

როცა საუბარია სსრკ-ში მომხდარ რადიაციულ ავარიებზე, რა თქმა უნდა, ყველას გვახსენდება 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი საშინელი კატასტროფა, თუმცა ის სულაც არ იყო ერთადერთი. უბრალოდ საბჭოთა ცენზურა საგულდაგულოდ მალავდა ამ ფაქტებს. მაგალითად, დღემდე ცოტა ვინმემ თუ იცის ჩერნობილში 1982 წელს მომხდარი პირველი ავარიის შესახებ. არადა, დაფარვა კი არა, სწორედ მაშინ იყო საჭირო განგაშის ატეხა, რომ სულ რაღაც ოთხიოდე წელიწადში უარესი კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით.



image



მაშ ასე, დღეს მოგითხრობთ სსრკ-ში მომხდარ გაუხმაურებელ რადიაციულ ავარიებზე.



ჩერნობილის პირველი ავარია, 1982 წელი


image


პირველი ტრაგედია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1982 წლის 9 სექტემბერს მოხდა: ტექნოლოგიური არხი № 62 — 44 გადნა, მყისიერად გაარღვია გრაფიტის კედელი და რადიოაქტიური საწვავი გარეთ გამოისროლა. სადგურში მაშინათვე როდი მიხვდნენ, რაც მოხდა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, სანამ არ გაიცა ბრძანება რეაქტორის გაჩერების შესახებ. ავარიის შედეგების აღმოფხვრას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. დანგრეული არხის ირგვლივ მდებარე აქტიური ზონა ძლიერ დაზარალდა და დაბინძურდა რადიაციით. პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოები ძალიან "ბინძური'' და ჯანმრთელობისათვის საშიში იყო, ამიტომ ეს ტერიტორია უბრალოდ მიატოვეს. რადიაციით დაბინძურების შესახებ ხმები ქალაქშიც დაირხა, ევაკუაციაზე სიტყვაც არ დაძრულა, თუმცა ქალაქის ქუჩები საგულდაგულოდ გადარეცხეს ქაფიანი წყლით. ცენტრალურ გზებზე შეცვალეს ასფალტი, ხოლო საბავშვო ბაღებში ქვიშის ბილიკები განაახლეს. მაგრამ სიფრთხილის ეს ზომები ზღვაში წვეთი იყო - რადიაციით დაბინძურდა ტყეები, საკოლმეურნეო მინდვრები, კიევის მთავარი წყალსაცავი...

ექსპერტები 1982 წლის ჩერნობილის ავარიას 1986 წლის ავარიის პროლოგს უწოდებენ. პირველი ავარიის მოხდენის დროს რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მეცნიერებისათვის დაეჯერებინათ, შეიძლება სულ რაღაც ოთხიოდე წელიწადში ჩერნობილის მეორე, საშინელი ტრაგედია აღარ მომხდარიყო.



კიშტიმის ავარია, 1953 წელი


image


ჩელიაბინსკში მდებარე № 817 კომბინატს (იგივე კომბინატი "მაიაკი") საბედისწერო პოპულარობა კიშტიმის ავარიამ მოუტანა. თუმცა ეს ავარია, ისევე როგორც ჩერნობილისა, არ იყო პირველი. სწორედ აქ მოხდა სსრკ-ში პირველი ბირთვული ავარია 1953 წლის 15 მარტს. პლუტონის ხსნარში წავიდა არაკონტროლირებადი ჯაჭვური რეაქცია, რამაც რადიაციის დიდი დოზით გაჟონვა გამოიწვია. რადიოქიმიური ქარხნის პერსონალმა დასხივების დიდი დოზა მიიღო. ავარიის დროს, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, თუმცა ორი ოპერატორი მოგვიანებით გარდაიცვალა რადიაციისაგან გამოწვეული სხივური დაავადებით.

განგაშის სიგნალი რადიოქიმიურ ქარხანაში მეორედ 1957 წლის 21 აპრილს ჩამოკრეს. ტექნოლოგიურ კომუნიკაციებში მოულოდნელად დაიწყო რადიოაქტიური ნივთიერება ურანის იზოტოპის თვითნებური დალექვა. მას თან ახლდა ჯაჭვური რეაქცია, რამაც დიდი დოზით რადიაციის გამოფრქვევა გამოიწვია. დაიღუპა ოპერატორი ქალი, რომელიც ურანის ნალექებთან მუშაობდა. მძიმედ დაზარალდა კიდევ 5 თანამშრომელი, რომლებმაც სხივური დაავადება გადაიტანეს.

და ბოლოს, იმავე წლის 29 სექტემბერს მოხდა საშინელი ტრაგედია, რომელიც კიშტიმის ავარიის სახელითაა ცნობილი: რადიოაქტიური ნარჩენების საცავი შედგებოდა რამდენიმე კონტეინერისაგან, რომელთა შორისაც წყალი ცირკულირებდა, რათა ნარჩენები არ გადახურებულიყო და ჯაჭვური რეაქცია არ წასულიყო, თუმცა მოხდა საშინელება: წყალმა ვეღარ შეძლო ნარჩენების სათანადოდ გაგრილება...

თავდაპირველად ინჟინრებმა საცავიდან ამომავალი ყვითელი კვამლი შეამჩნიეს, თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს, ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი კონტეინერი, რომელშიც 800 კუბამეტრი რადიოაქტიური ნარჩენი ინახებოდა, აფეთქდა: რადიაციის გამონატყორცნი იმდენად დიდი იყო, რომ კიშტიმის ავარია გინესის რეკორდების წიგნშიც კია შესული ავადსახსენებელი რეკორდით-ატომური ავარიისას გამოტყორცნილი ყველაზე დიდი რაოდენობის რადიოაქტიური ნარჩენებით.

ორთქლის სახით გამოტყორცნილი რადიაცია ღრუბლებს შეერია და სულ მალე წვიმის სახით წამოვიდა. ეს იყო საშინელი, რადიოაქტიური წვიმა, რომელიც დაახლოებით 25 ათას კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა ცენზურას ეს კატასტროფა არ გაუხმაურებია. არქივის გასაიდუმლოებული მონაცემებით სულ დაზარალდა 125 ათასამდე ადამიანი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. ჭორები დადიოდა, რომ 200-ზე მეტი ადამიანი ავარიის მოხდენის დღესვე გარდაიცვალა. ჩუმად, უხმაუროდ მოახდინეს 30-მდე სოფლის ევაკუაცია. რადიაციული მტვრისა და ორთქლისაგან წარმოქმნილი კაშკაშა ნარინჯისფერი კვამლის სვეტები კი ჩრდილოეთის ციალის უცნაურ ნაირსახეობად მონათლეს.



რადიოაქტიური ამპულა კედელში, კრემატორსკი, 1981 წელი


image


ამ შემთხევვას არ მოჰყოლია დიდი მსხვერპლი, თუმცა მას ახლავს სულის გამყინავი ისტორია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა სიფრთხილეა საჭირო რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მასალებთან ურთიერთობის დროს.

1981 წელს კრემატორსკში, ახალაშენებული რაიონის ერთ-ერთ ბინაში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სრულიად ჯანმრთელი იყო. ერთი წლის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა გოგონას 16 წლის ძმა, ხოლო ორიოდე თვის შემდეგ - დედა. დაცარიელებული ბინა სხვა ოჯახს გადასცეს, თუმცა ბინაში გადასვლიდან მოკლე ხანებში ამ ოჯახის არასრულწლოვანი ვაჟი უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა.

ყველა ამ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ერთი და იგივე იყო - ლეიკემია. დიახ, ექიმებმა ყველა მათგანს სისხლის გათეთრების, სხვაგვარად - სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მეორე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად ექიმებმა ცუდი მემკვიდრეობა დაასახელეს, თან ისე, რომ პირველი ოჯახის ტრაგედიასთან ის არანაირად არ დაუკავშირებიათ. გავრცელდა ლეგენდა, რომ ბინა იყო დაწყევლილი და მობინადრეებისაგან ვამპირივით იწოვდა ენერგიას, თუმცა რეალობა გაცილებით პროზაული და შემზარავი აღმოჩნდა, რადგან ტრაგედიების მიზეზი გახდა არა წყევლა ან ბოროტი სული, არამედ უპატიებელი გულგრილობა ადამიანებისა; გულგრილობა, რომელიც ბოროტმოქმედებად იქცა.

მოზარდის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვის ოთახში კედელზე დაკიდეს ხალიჩა. შვილის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ხალიჩა ერთ ადგილზე ამომწვარი იყო. ბიჭუნას მამა დაეჭვდა, რომ აქ რაღაც იმალებოდა. ის მილიციაში მივიდა და სამართალდამცავები აიძულა, რომ საქმის გამოძიებას მსვლელობა მისცემოდა. როცა ბინაში მისულმა სპეციალისტებმა გეიგერის მთვლელი ჩართეს, ისინი თავზარდაცემულები გამოვარდნენ ბინიდან და ბრძანება გასცეს, სასწრაფოდ მოეხდინათ მისი მცხოვრებლების ევაკუაცია: რადიაცია საცხოვრებელ სახლში ასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას - გასაოცარი არაფერი იყო იმაში, რომ აქ ადამიანები გამუდმებით იღუპებოდნენ სისხლის გათეთრებით.

სპეციალურ დამცავ კოსტიუმებში ჩაცმულმა ექსპერტებმა იმ ადგილას, სადაც ხალიჩა იყო ამომწვარი, კედელში დამარხული კაფსულა აღმოაჩინეს, რომელშიც ძლიერი რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137 იყო მოთავსებული. სასიკვდილო ამპულის ზომები უმნიშვნელო იყო - ოთხი მილიმეტრი რვა მილიმეტრზე, თუმცა ის გამოასხივებდა 200 რენტგენს საათში და რადიაციის სასიკვდილო დოზას უგზავნიდა არა მარტო ამ ბინის, არამედ მის გარშემო მდებარე სამი ბინის მცხოვრებლებსაც.

გამოძიებამ აჩვენა, რომ 70-იან წლებში კარანსკის გრანიტის კარიერში, საიდანაც იგზავნებოდა ბლოკები კრემატორსკის ახალმშენებლობებისათვის, დაიკარგა ანალოგიური კაფსულა. სავარაუდოდ, ის მოხვდა ერთ-ერთ ბლოკში და ამგვარად აღმოჩნდა იმ საბედისწერო სახლის კედელში. ეს იყო საშინელი დანაშაული, ბოროტმოქმედებამდე მისული გულგრილობა. წესდების თანახმად, კარიერის თანამშრომლებს მთელი კარიერი უნდა გადაეტრიალებინათ და მაინც უნდა ეპოვათ დაკარგული კაფსულა, თუნდაც ამისათვის ბლოკების მთელი მარაგის განადგურება დასჭირვებოდათ.

სპეციალისტებმა საშიში კაფსულა კედლის ფრაგმენტთან ერთად ამოიღეს და ის კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლებს გაუგზავნეს. ბინის გარშემო არსებული გამა-გამოსხივება მაშინათვე შეწყდა და ის უკვე ვარგისი გახდა საცხოვრებლად, თუმცა უკვე დაავადებულ ადამიანებს აღარაფერი ეშველათ: 1981-1986 წლებში ახალმშენებლობის ექვსი მცხოვრები ლეიკემიით გარდაიცვალა, მათგან ოთხი არასრულწლოვანი იყო. კიდევ 16 ადამიანი სამუდამოდ დაინვალიდდა.



ავარია წყალქვეშა ნავზე К-19


image


მოიუხედავად იმისა, რომ ეს ავარია ატლანტის ოკეანეში მოხდა, მასზე პასუხისმგებლობა სსრკ-ს დაეკისრა, რადგან ის საბჭოთა წყალქვეშა ნავზე К-19-ზე მოხდა.

1961 წელს პირველ საბჭოთა ბირთვულ რაკეტმზიდზე მოხდა რეაქტორიდან გაჟონვა. ნავი რომ გამაგრილებელი სისტემით ყოფილიყო აღჭურვილი, შესაძლებელი იქნებოდა კატასტროფის თავიდან აცილება, მაგრამ გაგრილების სისტემა რაკეტმზიდს არ გააჩნდა. ეკიპაჟის რვა წევრი რიგრიგობით შედიოდა სათავსოში, სადაც რეაქტორი იდგა და ისინი შიშველი ხელებით ცდილობდნენ მის შეკეთებას. ამ ადამიანების გმირობა თანამედროვეებისთვის ალბათ გაუგებარია, თუმცა 60-ანი წლების კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდილ პატრიოტებს სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ეს რვა ადამიანი დაიღუპა. ავარიის მოხდენიდან სამი კვირის შემდეგ არცერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩენილა. ეკიპაჟის დანარჩენი 20 წევრი, მათ შორის გემის კაპიტანი, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გარდაიცვალა. რადიაციით დაინფიცირებული იყო ყველა და ყველაფერი: ადამიანები, ნავი, ნავზე მდებარე ბალისტიკური რაკეტები და ოკეანეც კი გარკვეული პერიმეტრის მანძილზე. რა თქმა უნდა, შემთხვევა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში მასზე არაფერი თქმულა...


აი ასეთი მკაცრი და შეუვალი იყო საბჭოთა ცენზურა: მოსახლეობა თითქმის სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა იმ საშინელებების შესახებ, რომლებიც "თავისუფალ ერთა მძლე კავშირში" ხდებოდა. სტატიის დასაწყისში ნახსენები სიმღერის არ იყოს, ატომს არც სიცილი შეუძლია, არც კოცნა და სიყვარული... მას უზარმაზარი დამანგრეველი ძალა გააჩნია და ღმერთმა ნუ ქნას, ეს ძალა ბოროტი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ამან შეიძლება დედამიწის დაღუპვამდე მიგვიყვანოს. იმედია მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება და ატომური იარაღის მართვის ბერკეტები, კარგად ესმით საფრთხის მნიშვნელობა და არასოდეს გამოიყენებენ მას არასამშვიდობო მიზნებისათვის.





0
165
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0