x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ იწამლებიან ძაღლები შოკოლადით
თეობრომინი (Gk. theos "ღმერთი" და brōma "საკვები"), არის ალკალოიდი, რომელიც შედის ჩაის ფოთლისა და კაკაოს შემადგენლობაში. მისით ძირითადად იწამლებიან ძაღლები და კატები, რაც სასიკვდილო შედეგით სრულდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, შოკოლადი საკუთარ შინაურ ცხოველებს არავითარ შემთხვევაში არ აჭამოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელები ასაკში არიან და / ან რაიმე დაავადების მკურნალობას გადიან.


კაკაოს პროდუქტებს (შოკოლადი, კაკაოს შემცველი ნამცხვარი და სხვ.) მხოლოდ ძაღლების კი არა, კატების მოწამვლაც შეუძლიათ, თუმცა კატები, როგორც წესი, ხშირად მათ თავიდან იცილებენ და არ ჭამენ ხოლმე.


1 გრამი კაკაოს გამომშრალი ფხვნილი შეიცავს 28, 5 მილიგრამ თეობრომინს. 1 კილოგრამ სხეულის მასაზე 20 მილიგრამი თეობრომინის მიღების შემდეგ ძაღლს ეწყება დიარეა, გულისრევა და აქვს წყურვილის გამძაფრებული შეგრძნება. 40-50 მილიგრამზე (ნაგულისხმევია: სხეულის 1 კილოგრამი მასა) ძაღლს ზემოჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად დამატებით ტაქიკარდია და არითმიები ეწყება, ხოლო 60 მილიგრამსა და მეტზე, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა, ასევე სასქესო ორგანოების შესივება და სისხლდენა.


მოწამვლის პირველი სიმპტომები ჩნდება თეობრომინის შემცველი საკვების მიღებიდან 2-4 (იშვიათად 12) საათის შემდეგ.



თუ თქვენს ძაღლს ერევა გული, აშლილი აქვს კუჭი, აქვს წყურვილის მძაფრი შეგრძნება და მუცელი გაბერილი აქვს, სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი შეიძლება დაიღუპოს სიმპტომების წარმოქმნიდან უახლოესი 36 საათის მანძილზე.


შოკოლადი თეობრომინთან ერთად ხშირად კოფეინსაც შეიცავს, რაც ძაღლისთვის ასევე მომწამვლელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლიდან კოფეინი თეობრომინზე გაცილებით უფრო სწრაფად (2-4, 5 საათში) გამოიდევნება.


თანამედროვე მეცნიერებისთვის უცნობია, თუ რატომ ვნებს თეობრომინი ძაღლს და არ ვნებს ადამიანს. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმი თეობრომინს გაცილებით უფრო სწრაფად გამოყოფს, ვიდრე ძაღლის ან კატის ორგანიზმი. ადამიანიც შეიძლება, თეობრომინით მოიწამლოს, მაგრამ ამისთვის მან 5 კილოგრამამდე შოკოლადი უნდა შეჭამოს 24 საათში (საშუალო სიდიდის ძაღლისთვის მომაკვდინებელია შოკოლადის 1 ფილა დროის იმავე ინტერვალში), ხოლო ეს, დამეთანხმებით, შოკოლადის თვით ყველაზე ფანატიკურ მოყვარულებსაც კი არ შეუძლიათ.


თუ თქვენს ძაღლს შეამჩნიეთ თეობრომინით მოწამვლა, სასწრაფოდ მიეცით აქტიური ნახშირი და გაუკეთეთ გადასხმა. 2-დან 4 საათამდე თუ მოახერხებთ ჩარევას, პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება და ძაღლი გადარჩება, თუმცა მოწამვლის შედეგებმა (ძლიერმა ჰიპერთერმიამ, მაგალითად) ძაღლს მთელი ცხოვრება დაზიანებები შეიძლება დაუტოვოს.

ძაღლი შოკოლადთან ერთად

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0