x
image
კატო ემხვარი
"როცა უსმენ საკუთარ თავს, გესმის სხვებისაც" – ინტერვიუ გახდი ბესტსელერის გამარჯვებულ გვანცა გუბელაძესთან

უკვე მეორე წელია, რაც გამომცემლობა "პალიტრა L" ატარებს ლიტერატურულ კონკურსს – "გახდი ბესტსელერის ავტორი". 2018 წელს ამ კონკურსში ხუთმა წიგნმა გაიმარჯვა, მათ შორისაა გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები". გთავაზობთ ინტერვიუს გვანცასთან, რომელშიც გვანცა ისაუბრებს თავისი წიგნის შესახებ და არა მარტო.

image

- უპირველეს ყოვლისა, გილოცავ კიდევ ერთხელ. ძალიან სასიამოვნოა ასეთი ნიჭიერი გოგონების არსებობა ჩვენ ირგვლივ. პირველი, რაც მინდა გკითხო, ეხება შენს წიგნს: მოგვიყევი ცოტა რამ „შულამელ გოგონებზე“, რას უნდა ელოდოს მკითხველი?

„შულამელი გოგონები“ – ეს არის რომანი სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ გოგონებზე, XXI საუკუნეში მცხოვრები ლილე შუამთაში იდუმალ გარემოებაში წააწყდება XVI საუკუნეში მცხოვრებ თინათინ დედოფლის ხელნაწერს, რომელსაც უფრო დღიურის სახე აქვს. აქედან იწყება ნაწარმოებში მოქმედებების პარალელურად განვითარება.

ტოპონიმი "შულამი" აღებულია, როგორც მეტაფორა, როგორც ასოციაცია, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნიდან "ქებათა-ქება სოლომონისა"... სადაც წერია "მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!" ... ერთ-ერთი დაშვების თანახმად, სულამითი ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია, რომელიც იყო სულამიტელი, შულამელი... "Dance, dance girl of Shulam" (ტექსტში ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ამ დაშვებების განხილვა).

როდესაც მკითხველი ნაწარმოებს წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ მას სინამდვილეში სამი ძირითადი პერსონაჟი ჰყავს: ლილე და თინათინი, თავის მხრივ, უკავშირდებიან სულამითს და ჰქმნიან ერთ მთლიანობას წიგნში. სამივე გოგოს საკუთარი ისტორია აქვს, იმდენად, რამდენადაც ისინი კონკრეტულ საუკუნეს წარმოადგენენ. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ XVI საუკუნის ტექსტი, თუმცა XXI საუკუნის ტექსტს თავად ვქმნით.

მოგვიყევი მუშაობის პროცესზე, რა იყო ყველაზე რთული, რა წინააღმდეგობებს წააწყდი, რა იყო ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო?

თინათინ დედოფლის ისტორია რელურ ფაქტებზეა დაფუძნებული, მივდიოდი ბიბლიოთეკაში და წიგნებში ვეძებდი ამ ეპოქას. არ მინდოდა, მომეტყუებინა ჩემი მკითხველი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩემს ინტერპრეტაციას წარმოადგენს, მაგრამ მოვლენებს ფეხდაფეხ მივყვები. სასიამოვნო იყო ეს პროცესი.

რაც შეეხება სირთულეს, ასე მგონია, მწერლისთვის რთული მომენტი მაშინ დგება, როდესაც ერთ ადგილას ჩერდება, როდესაც წინ ვეღარ მიდის ტექსტში.

image

ჰგავს თუ არა რომელიმე შენი პერსონაჟი ავტორს?

ყველა ჩემი პერსონაჟი ჰგავს ავტორს და ამვდროულად, განსხვავდება ავტორისაგან. ეს მშობლებისა და შვილების შემთხვევას წააგავს. შვილებიც ჰგვანან საკუთარ მშობლებს.

რა იყო შენი ინსპირაცია?

ჩემი ინსპირაცია ხდება ემოციები, რომელთაც ამბებისგან ვიღებ. ამბობენ, რომ ადამიანი ყველაზე კარგად საკუთარ ისტორიებზე წერსო, მე არ ვეთანხმები. თუ სხვისი ამბავი, იქნება ეს დღეს ქუჩაში მოსიარულე ადამიანის თუ საუკუნეების წინ მცხოვრების, ჩემს გულს ხვდება, ძალიან დიდი ინსპირაცია ხდება.

შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შედგე როგორც მწერალი?

აცნობიერებდე სხვის ემოციებს, გიყვარდეს მუდმივი ძიება და არ ჩერდებოდე ერთ ადგილას. რასაკვირველია, უმთავრესია ცოდნა. ბავშვობაში ასეთი რჩევა მომცეს, თუ გინდა მწერალი გამოხვიდე, ბევრი იკითხე და მეც ყოველდღე საკუთარ თავს ვეჯიბრებოდი, ვარწმუნებდი, თუ ბევრს წავიკითხავდი, ერთხელ მეც გავხდებოდი მწერალი.

რას უსურვებ საკუთარ წიგნს?

ერთადერთი რამ, რაც ავტორმა შეიძლება საკუთარ წიგნს უსურვოს, ეს მკითხველია. როდესაც წიგნს დაწერ, ის წიგნი უკვე მკითხველის ხდება და შენი საკუთრება აღარაა.

image

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯს წარმატებისაკენ? რომლებსაც შენი განვლილი გზა ახლა აქვთ გასავლელი?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება არის, გესმოდეს საკუთარი თავის. და როცა უსმენ საკუთარ თავს, გესმის სხვებისაც. არ არსებობს სხვა რჩევა გარდა იმისა, რომ გაბედონ ! ადგნენ და გადადგან რეალური ნაბიჯები, ნუ დაელოდებიან, ნუ შეეშინდებათ... ოღონდ ახსოვდეთ, საკუთარ თავს მხოლოდ მაქსიმუმი უნდა მოსთხოვო...

image

" ყველაფერს იტევს სამყარო - გაქცევას, შიშს, წყენას, ტკივილს, იმედგაცრუებას, მიტოვებას, დაუფიქრებლობას... მხოლოდ სიყვარულს გამოუყო ერთი პატარა კუნჭული და უთხრა, მიდი, იკმარეო.“ – "შულამელი გოგონები".

image

P.S. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ოთხშაბათს, 23 იანვარს ბიბლუს გალერეაში (კანდელაკის #7). დასწრება თავისუფალია!

1
54
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
54
  
21 იანვარი, 3:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1