x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა ავიცრათ გრიპზე?

image


გრიპი (influenza) პოტენციურად საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. შეიძლება დადგეს ჰოსპიტალიზაციის (საავადმყოფოში მკურნალობის) საჭიროება ან მთლად უარესი. ყოველწლიურად გრიპით მილიონობით ადამიანი ავადდება, ასეულ ათასობით ადამიანი საავადმყოფოში ხვდება, ათიათასობით ან ათეულ ათასობით კი იღუპება.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა გრიპისაგან თავის დასაცავად. აი, ის ხეირი, რაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება:

ამცირებს გრიპით დაავადების რისკს, გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრის და გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს.


ცოტაა?

როგორ მოქმედებს ვაქცინა: აცრის შემდეგ იწყება ანტისხეულების (იგივე იმუნოგლობულინები, დამცავი ცილები) გამომუშავება, რასაც 2 კვირა სჭირდება. სწორედ ეს ანტისხეულები უზრუნველყოფენ გრიპის იმ ვირუსებისაგან დაცვას, რომლებიც ვაქცინის შემადგენლობაშია. ყოველწლიურად კვლევებით დგინდება ის ვირუსები, რომლებიც აქტიური იქნება მიმდინარე სეზონზე და სწორედ ამ ვირუსებისგან იცავს გრიპის ვაქცინა.

არსებობს გრიპის ე.წ სამვალენტიანი (მოიცავს A გრიპს ( H1N1 და H3N2) + B გრიპის ერთ ტიპს ( B/Colorado/06/2017 მსგავსი ვირუსი) და ოთხვალენტიანი (ვაქცინაში დამატებულია B გრიპის კიდევ ერთი ტიპი B/Phuket/3073/2013 მსგავსი) ვაქცინები. ამერიკის (ასევე სხვა ქვეყნების) დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ რეკომენდებულია ორივე ტიპის ლიცენზირებული ასაკის შესაბამისი ვაქცინა და ერთი მეორეზე უპირატესად არ ითვლება.

ვინ უნდა აიცრას?

ყველა, ვინც უკვე 6 თვისა და უფროსი ასაკისაა, თან ყოველწლიურად. აცრას განსაკუთრებით საჭიროებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გრიპის ვირუსით გამოწვეული შესაძლო გართულებების მაღალი რისკის მქონე ადამიანები: 5 წლამდე (უფრო მეტად 2 წლამდე ასაკის) ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები 65 წლიდან, ორსულები (მელოგინეები მშობიარობიდან 2 კვირის მანძილზე), სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით მოავადენი (ასთმა, სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობა, ფილტვის ქრონიკული, გულის, თირკმელების, ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი, მეტაბოლური დარღვევების მქონენი, ადამიანები დაქვეითებული იმუნური სისტემით, ასპირინის ხანგრძლივი მიღების საჭიროების მქონე 19 წლამდე ახალგაზრდები, ექსტრემალური სიმსუქნის მქონენი).

როდის ავიცრათ?

საუკეთესო დრო გრიპის სეზონის დაწყებამდეა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ოქტომბრის ბოლომდე), მაგრამ (!) ეს არ ნიშნავს, რომ თუ ამ დრომდე ვერ მოახერხეთ, მერე აცრა აღარ შეიძლება.

აცრას აზრი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის გადატანის შემდეგაც! რატომ? როგორც მოგახსენეთ, ვაქცინის შემადგენლობაში 3 ან 4 გრიპის ვირუსია და ერთის გადატანის შემთხვევაში რჩება გრიპის სხვა ტიპის ვირუსით დაინფიცირების რისკი.

რატომ გვჭირდება ყოველწლიურად აცრის განმეორება?

მიზეზი ორია: 1. გრიპის ვირუსზე იმუნური მეხსიერება (ანუ დაცვის ხანგრძლივობა) ხანმოკლეა. წინა წელს შეძენილი დაცვა ნელ-ნელა სუსტდება მომდევნო სეზონის დაწყებამდე, ამიტომ ოპტიმალური შედეგისათვის აცრის საჭიროება ყოველწლიურად დგება. მე-2: გრიპის ვირუსები მუდმივად ცვალებადია, შესაბამისად, ვაქცინის ფორმულაც ყოველწლიურად გადახედვას და საჭიროებისას განახლებას საჭიროებს.

აცრის მიუხედავად შეიძლება თუ არა მაინც შეგვეყაროს გრიპი? დიახ, შეიძლება. მიზეზები:

  • შეიძლება გრიპის ვირუსით დაინფიცირდით აცრამდე ცოტა ხნით ადრე ან აცრის შემდეგ მალევე. გაიხსენეთ ის 2 კვირა, რაც დაცვისათვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავებას სჭირდება და ამ მიზეზის ლოგიკაც ნათელი გახდება.
  • გაქვთ გრიპის ვირუსი, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში. გარემოში უამრავი გრიპის ვირუსი დაეხეტება. ვაქცინის შემადგენლობაში კი შედის 3 ან 4 ის ვირუსი, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ყველაზე ხშირი იქნება.
  • ავად შეიძლება იმ გრიპის ვირუსითაც გახდეთ, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაშია.
არავინ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია 100% -იან დაცვას უზრუნველყოფს. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო შედეგები ამ მხრივ ახალგაზრდებს და ბავშვებს აქვთ. ასაკოვანი და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანების იმუნიტეტის ხარისხი დაქვეითებულია.

მოკლედ, მართალია, ვაქცინა არ არის სრულყოფილი, მაგრამ არსებულთაგან საუკეთესო საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად!

უკვე ვთქვით, რომ აცრის მიუხედავად შეიძლება მაინც დაავადდეთ გრიპით. ნამდვილად უნდა დამშვიდდეთ თუ გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევებშიც ვლინდება ვაქცინაციის უპირატესობები: ვაქცინა დადებით გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმეზე (მიმდინარეობა უფრო მსუბუქია), გადაუდებელი დახმარების და საავადმყოფოში მოხვედრის საჭიროებაზე, სამწუხარო გამოსავლის ( სიკვდილი) შესაძლებლობაზე.

1
23
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
23
  
2019, 17 იანვარი, 22:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1