x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უმცროსი ბრონტეს ყველაზე სკანდალური რომანი ქართულ ენაზე
image


უფროსი – შარლოტა, შუათანა – ემილი, უმცროსი – ენნი, სამივენი გატაცებულნი იყვნენ ლიტერატურით. დების დებიუტი ერთდროულად, 1847 წელს შედგა: “ჯეინ ეარი”, “ქარიშხლიანი უღელტეხილი” და “აგნეს გრეი”. დებს შორის ყველაზე დიდი წარმატება წილად შარლოტას ხვდა. საბოლოო ჯამში, ზუსტად მისმა რომანმა გააღვივა საზოგადოების ყურადღება მისი დების წიგნების მიმართაც.



დები, რომლებიც ფაქტობრივად, მოკლებულნი იყვნენ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, ერთობლივად ქმნიდნენ თავიანთ გამოგონილ სამყაროს.
ქართველი მკითხველი ენ ბრონტეს მისი პირველი რომანით - „აგნეს გრეი“ უკვე იცნობს. ახლა კი, შესაძლებლობა ეძლევათ, ბრონტეების ლიტერატურული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის რიგით მეორე და სკანდალური რომანი ქართულ ენაზე წაიკითხონ.


„მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“ 1848 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლიდან ექვს კვირაში მთელი ტირაჟი გაიყიდა. ვიქტორიანული რომანებიდან ეს რომანი ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელია. წიგნი იმჟამინდელი ეპოქის მთავარ პრობლემურ თემებს: ლოთობასა და გარყვნილებას ეხება. ენ ბრონტე რომანში მწვავედ აკრიტიკებს გათხოვილი ქალის მდგომარეობას. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გათხოვების შემდეგ ქალი მთლიანად ქმრის საკუთრებაში გადადიოდა: მას თითქმის არ ჰქონდა უფლებები, არ გააჩნდა შემოსავალი და საკუთარი ქონება. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, თუ ქალი ქმარს გაეყრებოდა, ვერ მოსთხოვდა ქონების გაყოფასა და ვერც შვილებს წაიყვანდა თან.



image


განქორწინებული ქალის მდგომარეობა იმ პერიოდში არცთუ ისე სახარბიელო იყო. შესაბამისად, ქალები იძულებულნი ხდებოდნენ, ქმრისგან შევიწროება აეტანათ ან უკიდურეს შემთხვევაში, გაქცეულიყვნენ. სწორედ ასე იქცევა ენ ბრონტეს რომანის გმირიც.

იმ დროს ალკოჰოლიზმზე თითქმის არავინ საუბრობდა. ენ ბრონტეს, ძმის ცხოვრების წესის გამო, პირადად ჰქონდა შეხება ამ სენთან. ამიტომაც, მან ნაწარმოებში პრობლემა, მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით, ცხადად აღწერა.


image


დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ინგლისში, ასევე, უცხო იყო ყველა დროის ისეთ მწვავე პრობლემებზე წერა და საუბარი, როგორებიცაა: საზოგადოებაში გაბატონებული ცრუ ღირებულებები და მორალი, ქალის მდგომარეობა ოჯახში, ქმრის ტირანია, უზნეობასა და ძალადობას გაქცეული ქალის გარიყვა საზოგადოებისგან.

რომანმა „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“
ინგლისში კრიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ენის და, შარლოტა ბრონტეც კი იმ აზრზე იყო, რომ მწერალმა არასწორი თემა შეარჩია. შარლოტამ წიგნის გამოცემა აკრძალა.


რომანი ხელახლა მე-20 საუკუნეში გამოქვეყნდა. მას მოჰყვა ტელესერიალები 1968 და 1996 წლებში.


image


ქართველი მკითხველი კი ნაწარმოებს მშობლიურ ენაზე პირველად გაეცნობა. 17 იანვრიდან „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“ "ბიბლუსის" ფილიალებში გაიყიდება.






0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0