x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
სან–ფრანცისკოს ეკლესია ყოველ ღამით უსახლკაროებს იფარებს - 15 წლიანი წარმატებული პროექტი


image

დაახლოებით 15 წლის წინ, სან–ფრანცისკოს St. Boniface-ის ეკლესიამ ღამით დაწესებულების კარის გაღება და უსახლკაროების შეფარება გადაწყვიტა. ინიციატივა მამა ლუის ვიტალესა და აქტივისტ შელი როუდერს ეკუთვნით, რომელთა პროექტი ცნობილია, როგორც 2004 წლის გუბიოს პროექტი (The Gubbio Project in 2004).


ყოველდღიურად ეკლესიაში ასობით ადამიანი შედის, სკამებს დასაძინებლად იყენებს, საბნებს კი ტაძრის მსახურთაგან იღებს.


გუბიოს პროექტის ვებსაიტი წერს:

"როცა ჩვენი სტუმრები ტაძარში შემოდიან, მათ არავინ არაფერს ეკითხება. შემოსვლისთვის ყველა ბარიერი მოხსნილია. არც ერთი ადამიანი არ გაბრუნებულა უკან. ჩვენთვის ყველა სტუმარი მისაღები და პატივსაცემია".

image

ეკლესია დღისით მლოცველებისთვის ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. თუმცა, ტაძრის 2/3 გუბიოს პროექტისთვისაა დათმობილი.


პროექტის წარმომადგენელი ამბობს:

"ეს ძლიერი გზავნილია უსახლკაროებისთვის - ისინი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პროექტი ეხმარება დაღლილ, ღარიბ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს და ყველას, ვისაც სცივა და თავშესაფარი სჭირდება".


ჩვეულებრივ, უსახლკაროთა თავშესაფრების უარყოფითი მხარე ისაა, რომ იქ მისული ადამიანები თავს პატიმრებად გრძნობენ. თუმცა, გუბიოს პროექტში მონაწილეები ამბობენ, რომ სხვა თავშესაფრებისგან განსხვავებით, თავს პატიმრებივით არ გრძნობენ და აქვთ დაცულობის შეგრძნება.

image
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამყარო ყოველთვის კეთილად არ არის განწყობილი უსახლკაროების მიმართ. 2017 წელს სიეტლი მავთულხლართების გაკეთებას გეგმავდა, რათა უსახლკაროებს მიწაზე ძილი არ შესძლებოდათ. სან ფრანცისკო რობოტებით აპირებდა უსახლკაროების შეშინებასა და მათ პოლიციასთან დაბეზღებას. ამავე ქალაქმა 8 700 დოლარი დახარჯა ქუჩებში დიდი ქვების მიმოსაფანტავად, რათა ღარიბებს კარვების გაშლა ვერ მოეხერხებინათ. სან–ფრანცისკოში ბევრი უსახლკაროთა ბანაკი იყო, მაგრამ ისინი აიძულეს, ადგილი დაეტოვებინათ. დღეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ხალხმა ქალაქში კარვების გაშლა ვეღარ მოახერხოს.


2018 წლის თებერვალში კალიფორნიაში ათობით აქტივისტი დააკავეს იმის გამო, რომ უსახლკაროებს კვებავდნენ. დაპატიმრებულებს შორის 14 წლის ბიჭიც იყო. მთავრობა ამბობს, რომ კანონი აძლევთ ამის უფლებას და ამ ქმედებით ხალხს დაავადებებისგან იცავენ. აქტივისტების თქმით კი, კანონი უსამართლოა უსახლკაროების მიმართ.


ერთ-ერთი აქტივისტი, მარკ ლეინი, ამბობს:

"ისინი უსახლკარობას კრიმინალად მიიჩნევენ. უკვე 4 კანონი იქნა მიღებული ამ ხალხის წინააღმდეგ: უსახლკაროებისთვის აკრძალულია კარვების გაშლა, მანქანაში ძილი, ფულის თხოვნა და ჩვეულებრივ ხალხსაც არ შეუძლია, მათ აჭამოს".









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 30 უცნაური კანონი, რომელიც აშშ-ში დღესაც არსებობს

image


2. "პლასტმასის ზღვა" - ახალი საფრთხე კაცობრიობისთვის

image


3. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული

image


2
421
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
421
  
20 იანვარი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 იანვარი, 8:55
ეს რა კანონებიაა, არაადამიანების
0 1 2