x
image
პროფესორი
Mediator image
ვინ არის ღმერთი?

image

ჩვენი შეთანხმება მარტივი აღმოჩნდა. არც სული მომთხოვა, არც სისხლი, მხოლოდ კითხვების გაცვლაზე მოვილაპარაკეთ, სანატრელი პასუხების სანაცვლოდ.

- სამოთხე არსებობს? - ვკითხე მე.

- არსებობს, ისევე როგორც ჯოჯოხეთი.

- ვინ ხვდება სამოთხეში.

- ღმერთის ყოველი ქმნილება.

- ვშიშობ, ბოლომდე ვერ ვხვდები რისი თქმა გსურს.

- რა არის შიში? - მკითხა მან და თვალებში ჩამხედა.

ყველანაირად ვეცადე, რომ გასაგებად ამეხსნა რა გრძნობაა შიში. შევატყვე, რომ ჩემმა პასუხმა დააკმაყოფილა.

- იცი, როცა ღმერთმა შემქმნა, არ მიბოძა შიშის განცდის უნარი. კიდევ ბევრ რამეს ვერ ვგრძნობ. - მითხრა მან სევდანარევი ხმით.

- რას გრძნობ?

- მხოლოდ ტკივილს.

- შეგიძლია ამიხსნა, რა იგულისხმე როცა თქვი, რომ სამოთხეში ღმერთის ყველა ქმნილებას უშვებენ?

- ის, რომ მათ ყველაფერს პატიობს ღმერთი.

- ესე იგი შენც შეგიძლია სამოთხეში დაბრუნება? შენც ხომ ღმერთის ქმნილება ხარ?

- შემიძლია, მაგრამ არ დავბრუნდები. - კიდევ უფრო სევდიანად მიპასუხა მან.

- რატომ?

- იმიტომ რომ ყველაზე საშინელი დანაშაული ჩავიდინე, ის რისი უფლებაც მხოლოდ ღმერთს აქვს. საკუთარი ანგელოზები შექმნა ვცადე, ჩემს სახედ და ხატად.

- დემონებს გულისხმობ?

- არ ვიცი შენ რას ეძახი მათ, ჩემთვის ისინი შვილები არიან. დღესვე შემიძლია დავბრუნდე სამოთხეში, მაგრამ ვერ გავუძლებ იმაზე ფიქრს თუ როგორ იტანჯებიან ჩემი შვილები.

- შენი შვილები განდევნეს?

- დიახ და მეც მაშინ დავტოვე სამოთხე მათთან ერთად.

- რატომ?

- იმიტომ რომ ყოველი მათგანი მიყვარდა. რა მათი ბრალი იყო, რომ მე დამემსგავსნენ, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ მე ჩავიდინე. სამოთხე ვეღარ უძლებდა მათ ქცევებს, სადაც მიდიოდნენ, ყველგან ტანჯვა და ნგრევა დაჰყვებოდათ თან... და სამუდამოდ განიდევნენ.

- ბოლო კითხვა მაქვს: რაც არ უნდა ჩავიდინო, მეც სამოთხეში მოვხვდები?

- შენ არა.

- ახლახანს არ თქვი, რომ სამოთხე ღმერთის ყოველი ქმნილებისთვის ღიაა?

- დიახ. მაგრამ შენ არ ხარ მისი ქმნილება. მე ვარ შენი შემქმნელი. მე შევქმენი ყოველი ადამიანი.


image

0
388
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0