x
ქართული დიპლომატიკა


ხელნაწერი წიგნის დამზადება ძველ საქართველოში

image
ძველ საქართველოში საწერ მასალად ყველაზე გავრცელებული იყო ეტრატი, ანუ პერგამნეტი(საქონლის ტყავისგან დამზადებული საწერი მასალა). იგი ბევრად გამძლე და მოქნილი იყო პაპირუსთან შედარებით, ადვილად შესაძლებელი იყო მისი დიდ წიგნად აკინძვა.

XI საუკუნემდე ეტრატს საქართველოში მოცილე არ ჰყავდა და ყველა ხელნაწერი მასზეა შესრულებული.

საშუალო ზომის ხელნაწერ წიგნს დაახლოებით 80-დან 100-მდე ცხვრის ან ხბოს ტყავი სჭირდებოდა და საკმაოდ ძვირი იყო. ეტრატის შექმნა ერთ-ერთი გავრცელებული ხელობა იყო ძველ საქართველოში. ეტრატის დამზადების სპეციალისებს პერგამენარიუსები ეწოდებოდათ.


რაც შეეხება ქაღალდს, ის ჯერ კიდევ II საუკუნეში ჩინელებმა გამოიგონეს, რომლის დამზადების ტექნოლოგია VIII საუკუნიდან არაბებმა შეიტყვეს და იქიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. VIII საუკუნეში ქართველებს უკვე უნდა სცოდნოდათ ქაღალდის შესახებ, არაბთა ბატონობიდან გამომდინარე, მაგრამ ქაღალდზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერი XI საუკუნით თარიღდება. განსხვავებით ეტრატისგან, ქაღალდს საქართველოში არ აწარმოებდნენ, ის სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ:იტალია, ვენეცია, დამასკო.

XVI საუკუნიდან ჩვენში შემოჰქონდათ ქაღალდის ნახევარფაბრიკატი ე.წ. ბომბიცინი, რომლის საბოლოო დამუშავება საქართველოში ხდებოდა.

image


“ხელი მწიგნობრისაი'', იგივე გადამწერის პროფესია ძველ საქართველოში ძალიან გავრცელებული და პრესტიჟული იყო. გადამწერთა მომზადება ეკლესია-მონასტრებში ხდებოდა საკმაოდ ადრეული ასაკიდან. მწიგნობრობის მასწავლებელს ძველად “მოძღუარი'' ერქვა. შემდგომში შეიქმნა საერო გადამწერთა გაერთიანებები, როგორიც იყო ა მ ქ ა რ ი, თ ა ბ უ ნ ი, ა ს ნ ა ფ ი. სწორედ იმიტომ, რომ ხელნაწერ წიგნზე მუშაობა, მისი დამუშავება, გადაწერა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო, ხშირად 1 წიგნს რამდენიმე ადამიანის მუშაობა სჭირდებოდა, შეიქმნა მსგავსი ამხნაგობა, სადაც თითოეულ წევრს თავისი საქმე ჰქონდა გადანაწილებული და ხელნაწერზე მუშაობაც უფრო მალე სრულდებოდა. გადამწერთა ამხანაგობას უფროსიც ჰყავდა, რომელიც შრომის ორგანიზაციას აწესრიგებდა. ხშირად, გადამწერის თხელობა თაობიდან თაობაში გადადიოდა.

ხელნაწერი წიგნის დამზადება დიდ დროს, ყურადღებას და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მნიშვნელოვანი იყო გადამწერის წერის სტილი/მანერა, ანუ ხელი, რომელიც ყველას ინდივიდუალური ჰქონდა. რა თქმა უნდა, წიგნის დამკვეთი (მომგებელი) უპირატესობას ლამაზ, დახვეწილ ხელწერას ანიჭებდა.

ხშირად არის ხელნაწერებზე გადამწერთა მინაწერები, სადაც ისინი თავს იმართლებენ სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად ის, რომ ნაწერი დიდი ასოებით, ან შორი-შორსაა დაწერილი, რადგან ასაკის გამო თვალი ძველებურად აღარ უჭრიდა და ა.შ.

ხელნაწერი წიგნის დამზადება რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავდა:

ეტრატის ან ქაღალდის ფურცლად დაჭრა;

წერა ან გადაწერა;

შეკერვა;

ყდაში ჩასმა;

მხატვრულად შემკობა


ძველად ყოველგვარ ნაწერს ერქვა “ნუსხა'', ხოლო იმ ხელნაწერს, რომლიდანაც გადამწერი იწერდა ტექსტს, ძველად დედაი ერქვა, მოგვიანებით-დედანი(XVII-XVIII).

ადამიანს, რომელიც წიგნს აწყობდა, კინძავდა “მკაზმველი'' ეწოდებოდა, რადგანაც “კაზმვა'' ფურცელ-რვეულების შეკერვა-აკინძვას გულისხობს. წიგნის ყდაში ჩამსმელს კი - “შემმოსველი'', ვინაიდან “შემოსვა'' ყდაში(სამოსში) ჩასმას აღნიშნავს.

ხელნაწერ წიგნთა უმეტესობა მხატვრული გაფორმებებით გამოირჩევა, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია მდიდრულ ყდასთან, ხშირად ძვირფასი თვლებით შემკულთან. გაფორმებაში იგულისხმება აშიათა მოხატულობა, ორნამენტები ნაწერისგან თავისუფალ ადგილებზე, ასომთავრული, საზედაო ასოების ორნამენტულად გამოყვანა, რომლებიც იწყებდნენ აბზაცს და ხშირად სინგურით(წითელი ფერის საღებავით) ან ოქრომელნით იყო შესრულებული.


image image


ძველად ხელნაწერი წიგნის შეძენას “მოგება'' ერქვა, ხოლო შემძენელს-“მომგებელი''. რაც კი ზემოთ ჩამოვთვალეთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხელნაწერი წიგნის ფასი საკმაოდ მაღალი იყო. ეს პროფესია ერთ-ერთი შემოსავლიანი იყო.მართალია, მოცულობის, დანიშნულების მიხედვით წიგნის ფასი განსხვავდებოდა, მაგრამ საზოგადოდ, დაახლოებით 20-25 დრაჰკანი ღირდა(=წონით 4 გრამი ოქროს ფულს).




თათია ბუღათრიშვილი, თსუ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-3 კურსი.

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0