x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ის ვინც ივიწყებს ისტორიას, განწირულია გაიმეოროს წარსულის შეცდომები
image


1. გეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წლის 24 ივლისს, ციხესიმაგრე გეორგიევსკში დაიდო „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის, იოანე მუხრან-ბატონისა და გარსევან ჭავჭავაძის მიერ ხელმოწერილი ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. რუსეთი ვალდებულებას იღებდა დაეცვა ქართლ-კახეთის სამეფო გარეშე მტრებისგან და შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა და ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. „სამეგობრო შეთანხმება“ რატიფიცირებულ იქნა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის მიერ 1784 წელს.

შედეგი: რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. 1795 წლის სექტემბერში, ირანის შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრის დროს რუსეთმა საქართველოს დაპირებული სამხედრო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. შედეგად, ირანის შაჰის არმიამ გაანადგურა თბილისის ინფრასტრუქტურა, შემოსევის შედეგად, ათასობით ქართველი დაიღუპა. ათასობით ქართველი შაჰმა ტყვედ წაყვანა და მონებად გაყიდა. გიორგი XII-ის გარდაცვალების (1800 წლის 28 დეკემბერი) შემდეგ, 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უმაღლესი მანიფესტი, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ქართლ-კახეთის სამეფო (1762-1801) და ის პირდაპირ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მოხდა ბაგრატიონების სამეფო დინასტიის გაუქმებაც. 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

2. რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. რუსული იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის შემდეგ საქართველო იძულებული გახდა კვლავ გაეთვალისწინებინა რუსეთის ინტერესები. 1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და უარს ამბობს ყოველგვარ უფლებებზე ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ“. სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო პირობა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარებს არ განალაგებდა.


შედეგი: ქართულმა მხარემ შეთანხმების საკუთარი ნაწილი სრულად დაიცვა და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების საქართველოში განლაგებაზე უარი თქვა, ხოლო რუსული მხარე, ხელშეკრულების დადებიდან 10 თვეში, 1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოიჭრა, რასაც მოჰყვა თბილისის დაკავება 25 თებერვალს და 1 თვეში საქართველოს სრული ოკუპაცია, ანექსია და გასაბჭოება. გარდა ამისა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში დასმულმა და კონტროლირებულმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ტერიტორიის დაახლოებით 20% დაუთმო მეზობელ ქვეყნებს. რუსეთის საქართველოში შემოჭრას მოჰყვა დიდი მსხვერპლი, ბრძოლებში დაიღუპა რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე. 1921-24 წლებში რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მოწყობის აჯანყებებს და 30-იანი წლების ბოლშევიკურ რეპრესიებს საქართველოს მოაზროვნე ელიტის უდიდესი ნაწილი შეეწირა.

3. დაგომისის შეთანხმება. საბჭოთა იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთმა კვლავ ფორმალურად აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოსკოვიდან მართული სეპარატისტული პროცესები დაიწყო. იმ დროს რუსეთის სახელმწიფომ მოახერხა და თავი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მშვიდობისმყოფელად წარმოადგინა. 1992 წლის 24 ივნისს, სოჭში რუსეთის შუამავლობით ხელი მოეწერა დაგომისის შეთანხმებას ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ. ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას, შეწყვეტილიყო ცეცხლი და უნდა გაეყვანათ შეიარაღებული ფორმირებები შეხების ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. აღნიშნულ ზონაში კონფლიქტის მხარეების მონაწილეობით შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (რუსეთი, საქართველო, ჩრდილო ოსეთი და სამხრეთ ოსეთი) და შერეული ძალები (რუსეთის, საქართველოს და ოსეთის ქვედანაყოფები) მშვიდობის დამყარების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

შედეგი: რუსეთმა დაგომისის შეთანხმება გამოიყენა ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნის ლეგიტიმაციისთვის და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც ვერ კონტროლდებოდა შერეული საკონტროლო კომისიის მიერ, იქმნიდა სამხედრო პლაცდარმს დაგეგმილი აგრესიისათვის. რუსეთი განიარაღების ნაცვლად, ინტენსიურად აწვდიდა ოს სეპარატისტებს არტილერიასა და მძიმე ტექნიკას. საბოლოოდ, 2008 წლის 7 აგვისტოს კი რუსეთის რეგულარული არმია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია.

4. 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება. ცხინვალის რეგიონთან ერთად, სეპარატიზმის წახალისება მოსკოვმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც დაიწყო. შედეგად, საქართველო იძულებული გახდა წესრიგის დაცვის მიზნით აფხაზეთში შეიარაღებული ძალები შეეყვანა. მოსკოვმა კვლავ მოახერხა საერთაშორისო დონეზე დაემალა სეპარატისტების მხარდაჭერა და მშვიდობისმყოფელის როლი მოიპოვა. 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, სამმხრივ მოლაპარაკებზე გადაწყდა აფხაზეთში ცეცხლი შეწყვეტა და მხარეთა დაშორიშორება.

შედეგი: აფხაზურმა მხარემ რუსების ხელშეწყობით დაარღვია ეს შეთანხმება და საკმარისი ძალების თავმოყრის შემდეგ კაზაკებმა, ჩეჩნებმა და აფხაზებმა 1 ოქტომბერს დაიწყეს გაგრის შტურმი. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ოფიციალურმა მოსკოვმა სეპარატისტების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. დაქირავებულმა მებრძოლებმა ქალაქში 1000-მდე ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

5. 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ქართულ-აფხაზური შეთანხმება რუსეთის შუამავლობით. მიუხედავად რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობისა, საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობის პირობებში, მოსკოვი კვლავ ახერხებდა დარჩენილიყო ერთადერთ მედიატორად ამ კონფლიქტში. 27 ივლისს, ქალაქ სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“. შეთანხმების გარანტორი მხარე რუსეთი იყო. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთი უნდა დაეტოვებინა ყველა დაქირავებულ მებრძოლს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობას. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშანტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.

შედეგი: ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება. ქალაქიდან რუსების მეთვალყურეობით ფოთში და ოჩამჩირეში გამოიყვანეს არტილერია და ჯავშანტექნიკა. ამის შემდეგ აფხაზებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა, რუსი სამხედროების უშუალო ხელმძღვანელობით, აიღეს დაუცველად დარჩენილი სოხუმი, შემდეგ ოჩამჩირე და გალი. ეთნოწმენდის შედეგად, აფხაზეთიდან 300 ათასზე მეტი ქართველის გამოძევება მოხდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მოხდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური პოლიტიკური ხელისუფლების წევრების დატყვევება და შემდგომ მათი დახვრეტა. აღნიშნულ ქმედებებს „მშვიდობისმყოფელმა“ რუსეთმა ხელი არ შეუშალა. რუსეთის მიერ ინსპირირებულ ამ ომში საქართველოს 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.

6. 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით. აფხაზეთის კონფლიქტში ორი შეუსრულებელი შეთანხმების შემდეგ, 1994 წლის 14 მაისს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ქ. მოსკოვში ხელმოწერილ იქნა კიდევ ერთი დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. იმავე წლის 30 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ შეიმუშავა რეზოლუციები N934 და N937. გაერომ 21 ივლისს მხარი დაუჭირა დსთ-ს სამიტის გადაწყვეტილებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების გამოყენების შესახებ. 22 აგვისტოს დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების გამოყენების შესახებ. ეს ფაქტიურად ნიშნავდა რუსი სამხედროების მიერ მშვიდობისმყოფელთა მანდატის ქვეშ აფხაზეთის კონტროლს.

შედეგი: რუსეთი, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში, სამშვიდობო ფორმატს იყენებდა აფხაზეთში სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, რუსეთი სისტემატიურად ახორციელებდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, რითაც საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით სამხედრო ოპერაციის განხორციელების საფუძველს ქმნიდა. ამ პროცესმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო 2007-2008 წლებში. საბოლოოდ, ყველაფერი დაგვირგვინდა 2008 წლის სამხედრო აგრესიით და ოკუპაციით.

7. 2008 წლის მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხმება. 2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, როგორც თავად რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა აღიარა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზნით. ქვეყნის სრული ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის შუამდგომლობით გაფორმდა 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა რუსული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას.

შედეგი: ცეცხლის შეწყვეტიდან მოკლე დროში რუსეთმა აღიარა საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა და დღემდე უხეშად არღვევს შეთანხმებას, რასაც დასავლეთის ოფიციალური პირები რეგულარულად აღნიშნავენ. ამგვარი ქცევის გასამართლებლად მოსკოვი აღიარების შედეგად შექმნილ „ახალ პოლიტიკურ რეალიებზე“ აპელირებს.

8. ბუდაპეშტის მემორანდუმი. საქართველოს გარდა, რუსეთს მისი ისტორიის მანძილზე არაერთ სახელმწიფოსთან დაურღვევია დადებული პირობა და არ შეუსრულებია საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები. ამის უახლეს მაგალითად შესაძლოა ბუდაპეშტის შეთანხმებამივიჩნიოთ. 1994 წლის 5 დეკემბერს, ბუდაპეშტში რუსეთს, აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც უკრაინამ დათმო მის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ბირთვული არსენალი (სიდიდით მსოფლიოში მე-3). სანაცვლოდ, აღნიშნულ სახელმწიფოებს პატივი უნდა ეცათ უკრაინის სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არ გამოეყენებინათ ეკონომიკური ბერკეტები მასზე ზეწოლისთვის კიევის პოლიტიკის შესაცვლელად, თავი შეეკავებინათ უკრაინის მიმართ ძალით დამუქრებისგან ან ძალის გამოყენებისგან.

შედეგი: 2014 წელს რუსეთის მოახდინა ყირიმის ფაქტობრივი ოკუპაცია და შემდეგ მისი ანექსია. მოგვიანებით, რუსეთის წახალისებით და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსმა სეპარატისტებმა მოახერხეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება. რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა ე.წ. ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომელსაც იქამდე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში იყენებდა. ის კომბინირებულად აწარმოებს პრაქტიკულად სრული სპექტრის ოპერაციებს ხმელეთზე, წყალში, ჰაერში, საინფორმაციო და კიბერ-სივრცეში. კოორდინირებულად მოქმედებენ რუსეთის რეგულარული ძალები, ადგილობრივი აჯანყებულები, რუსული მედია და პოლიტიკური ელიტა. გამოყენებული იყო ბრძოლის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური მეთოდები. ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსეთი კატეგორიულად უარყოფს საკუთარ პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში და ცდილობს მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიიღოს. გარდა ამისა, რუსეთი პერმანენტულად ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უკრაინის საზღვრებთან, რაც ძალის გამოყენების მუქარად შეიძლება მივიჩნიოთ. გარდა ამისა, მოსკოვი კიევზე წლების განმავლობაში ახორციელებს ეკონომიკურ ზეწოლას მის პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 30 სექტმბერი, 2014 წელი

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ქიმიკოსი
ქიმიკოსი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0