x
მეტი
  • 20.03.2019
  • სტატია:87583
  • ვიდეო:337810
  • სურათი:448953
თუ მიმიღებთ - გამიხარდება, თუ არადა, მოვიფიქრებ რამეს ?! - ავტორი რომლის წიგნის სათაურმაც ვნებათაღელვა გამოიწვია

image


დებიუტანტი ავტორის, ვახო ვახტანგაძის ნაწარმოები „ალაჰი ჩემი მეგობარია“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ნაწარმოებმა ჟიურის რჩეულ კატეგორიაში გაიმარჯვა და წიგნიც უკვე გამოცემულია. მისი წარდგენა 10 იანვარს გაიმართა. პრეზენტაციაზე წიგნი დამსწრე საზოგადოებას ლიტერატორმა და კონკურსის ჟიურის წევრმა, რამაზ ჭილაიამ და მწერალმა და ასევე, ჟიურის წევრმა დიანა ანფიმიადმა წარუდგინეს. წიგნის ყდაზე მხატვარმა მაკა ზედელაშვილმა იმუშავა.
საკუთარ თავზე, წიგნზე, კონკურსსა და სხვა საინტერესო დეტალებზე სასაუბროდ კი, თავად ვახო ვახტანგაძეს მივმართეთ.


მოგვიყევით თქვენ შესახებ,

რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ინტერესების სფერო?


- რა გითხრათ, თბილისში დავიბადე, აქვე გავიზარდე და დავოჯახდი. მყავს მეუღლე და თითქმის სამი წლის გოგონა. ვისწავლე თეატრალურში კინორეჟისურა, შემდეგ ერთი წლით - ფილოსოფია, თუმცა ასაკობრივმა და დროის ფაქტორმა ხელი შემიშალა. გაგრძელებასაც ვფიქრობ. ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანმა მუდმივად უნდა ისწავლოს, არაფერია სწავლაზე საინტერესო და სასარგებლო.
ვერაფრით ავეწყვე სამსახურებში, ბევრი ვიბოდიალე და ბოლოს მაგიდას მივუჯექი. შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, მალე კინოკამერასაც მოვიმარჯვებ.


როდის დაიწყეთ წერა და „ალაჰი ჩემი მეგობარია“ თქვენი პირველი ნაწარმოებია თუ მანამდეც წერდით?


- ყოველთვის ვწერდი. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა ბავშვობიდან და წერაზე კომფორტული მდგომარეობა რა უნდა იყოს?! აქტიურად ვწერდი ლექსებს და ახლაც ვწერ, სულიერი მდგომარეობის ამაღლებაში მეხმარება. პოეზიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. „ალაჰი ჩემი მეგობარია“ პირველი დასრულებული პროზაული ნაწარმოებია და იმედი მაქვს არა უკანასკნელი.


image


რომელმა ავტორმა და წიგნმა იქონია თქვენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა? რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები ხომ არ გამხდარა თქვენთვის მოტივატორი, რომ თავადაც დაგეწერათ რომანი?


- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს. აქტიურად ვკითხულობ ქართველ ავტორებს, ძველებს და შეძლებისდაგვარად ახლებს. სიმართლე რომ გითხრათ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკელები მიტაცებენ. ვფიქრობ არა მხოლოდ სტილი შეცვალეს, მთლიანად ლიტერატურა გადმოატრიალეს.
ქართული პროზის უმნიშვნელოვანეს ნიმუშად „მთვარის მოტაცება“ მიმაჩნია და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია კაცობრიობის ისტორიაში.


image


როგორია თქვენთვის წერის პროცესი? რა გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება ის?


- გააჩნია რას ვწერ. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, გააჩნია ვწერ თუ ტექსტზე ვმუშაობ. ეს ორი სრულიად გასხვავებული ცნებებია. მეორე რთული და რუტინული პროცესია, თუმცა აუცილებელი. რაც შეეხება წერას, აქ უფრო მარტივადაა საქმე, განწყობის ამბავია. არ მიყვარს მუსიკის ფონზე წერა, თუმცა ხმაური პრობლემას არ მიქმნის. ვფიქრობ, მარტო ყოფნა, ფურცელი და კალამი სრულიად საკმარისია.
მომიყევით თქვენი რომანის შესახებ, სპეციალურად კონკურსისთვის დაწერეთ თუ დაწერილი გქონდათ უკვე?
პირველი ჩონჩხი 17 წლის ასაკში დავწერე. წლიდან წლამდე დაიხვეწა და საბოლოოდ შედგა თუ არა _ იმედი მაქვს, ამას მკითხველი გადაწყვეტს.
ეს სადებიუტო ნაწარმოებია. ზომაც მცირეა. თითქოს, ამ ტექსტით მინდოდა, მეთქვა: გამარჯობა, მე ვახო ვარ და აი, ასე ვაპირებ ვწერო. თუ მიმიღებთ - გამიხარდება, თუ არადა, მოვიფიქრებ რამეს.

რა ჟანრისაა თქვენი წიგნი და რატომ არის ის მკითხველისთვის საინტერესო?

- ასეთ ჟანრს ალბათ რეალისტური ყველაზე მეტად უხდება. დღევანდელ ცხოვრებაზეა, ახალგაზრდა ქართველი ადამიანის ფიქრები, ბრძოლები, ღირებულებათა გადაფასებები... მოკლედ რომ გითხრათ, ძლიერი ქარი ქრის. ნაწარმობის დასაწყისში გალაკტიონის ლექსია მიწერილი. ეს სტრიქონები საუკეთესოდ გამოხატავს. მკითხველს ვურჩევდი, წიგნის კითხვის განმავლობაში არ დაივიწყოს, განწყობის შექმნაში დაეხმარება.
საინტერესო იმითაა, რომ ამბავი ჩვენზეა. ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი იპოვნის საკუთარ თავს, ნაცნობ ქუჩას, ნაცნობ ხასიათებს, წეს-ჩვეულებებს...


რას ფიქრობთ კონკურსზე „გახდი ბესტესლერის ავტორი 2018“, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ თქვენი წიგნი მკითხველამდე მისულიყო?


- ძალიან კარგი კონკურსია. ახალბედა ადამიანისთვის კი შესაძლებლობებზე უპირატესი არაფერია, განსაკუთრებით, ოცდამეერთე საუკუნეში.
საწყენია, რომ, ხშირად, არ ეძლევათ დამწყებებს თავის გამოჩენის საშუალება. ბევრი მათგანი მატერიალური თუ სხვა მიზეზის გამო წერასაც ანებებს თავს და არა მხოლოდ წერას. სახელოვნებო დარგებში ცოტა მოვიკოჭლებთ და სასირცხვილოც არის საქართველოსთვის. იმედი მაქვს, ასეთი კონკურსები მოიმატებს, გაიზრდება შესაძლებლობებიც და ნელ-ნელა გავაღვივებთ ლიტერატურულ ცხოვრებას და არა მხოლოდ მას.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ შესანიშნავი პროექტისათვის. უამრავ წარმატებულ წამოწყებას ვუსურვებ, მთელი გულით.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები სამწერლობო საქმიანობის მხრივ?

ამბიციური და თან ფრთხილი. საკმარისი დრო მაქვს იმისათვის, რომ ვწერო და შემდეგ ვიმუშავო. იმედი მაქვს სულიერი განწყობაც შესაბამისი მექნება.

0
50
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0