x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წელს ავტომობილთა 46%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, 0,4%-ს მოძრაობა აეკრძალა
image


სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-დან 9 იანვარმდე 8617-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათგან 53%-ზე მეტი გამართულად ჩაითვალა, 46%-ს პირველად ინსპექტირებაზე ხარვეზები აღმოანდა. ავტომობილების 0.4%-ს ინსპექტირების ცენტრებმა გზაზე გადაადგილება თავიდანვე აუკრძალეს.


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო. თუმცა აღნიშნული რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა. 2018 წლიდან დღემდე ინსპექტირება 148, 100-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათი 68 პროცენტზე მეტი პირველივე შემოწმებისას გამართული აღმოჩნდა, ხოლო 2, 5 პროცენტს გზებზე მოძრაობა აეკრძალა.


აღსანიშნავია, რომ თუ ინსპექტირებისას ავტომობილი პირველ შემოწმებას ვერ გაივლის დადებითად, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში.



ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.


ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით.


შეგახსენებთ: ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0