x
მხატვრული ხერხები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
image
05/01/2019

"კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. იგი მკითხველისთვის საყვარელი და მრავლისმომცემი ტექსტია, რადგან მას აფიქრებს წიგნის მნიშვნელობაზე. ავტორი ხატავს პერსონაჟს - ვასიკო კეჟერაძეს, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და თითოეულ ადამიანს ლიტერატურულ გმირთან აიგივებს.

ამ მოთხრობაში ავტორი ნაკლებად აღგვიწერს პერსონაჟებს გარეგნულად, მაგალითად, ის არ გვაძლევს მთავარი პერსონაჟის, ვასიკო კეჟერაძის აღწერას, არც კლიმს აღწერს, არც უმცროს მეცნიერ-თანამშრომელს, მაგრამ აღწერს ხელმძღვანელს. საინტერესოა მისი გარეგნობა, ამით ავტორი, თითქოს, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტსაც გვანახვებს.

რაც შეეხება მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს, ნაწარმოებში განსაკუთრებით ვხვდებით მეტაფორას, შედარებასა და ეპითეტს.

მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და "გადატანას" ნიშნავს. ის არის მეტყველების მექანიზმი. ძველად, "რიტორიკის" ავტორები გამოყოფდნენ მეტაფორის ორ ტიპს: როდესაც "უსულო სამყაროს მოვლენები" მიმსგავსებულია ადამიანის, ცოცხალი სამყაროს გრძნობებთან და თვისებებთან(რკინის კაცი, წყლების საუბარი) და როდესაც ბუნების მოვლენები, გარსამყაროს თვისებები გადატანილია ადამიანზე. გასაგნობრივების მეტაფორები უფრო იშვიათა, ვიდრე ანთროპომორფული მეტაფორები. გამოიყოფა ენობრივი მეტაფორის 3 ტიპი: ნომინაციური, კოგნიტური და სახეობრივი. ვხვდებით ბინარულ მეტაფორებსა და ეპითეტურ მეტაფორებს.


მეტაფორა მიჩნეულია ტექსტის მხატვრულობის ძირითად საზომად და ტროპის სხვა სახეები მისთან მიმართებით განიხილება.

შედარება, როგორც პოეტიკის ტერმინი, ნიშნავს ასახვის ობიექტის შედარებას სხვა საგანთან ან მოვლენასთან. მეტაფორულ გამოთქმაში შეიძლება გვქონდეს შემოკლებული შედარება ან შემოკლებული დაპირისპირებაც. პირველ შემთხვევაში ხაზგასმულია ანალოგიის პრინციპის როლი აზრის ფორმირებისას, ხოლო, მეორე შემთხვევაში აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მეტაფორა ირჩევს ყველაზე მოკლე და არატრივიალურ გზას ჭეშმარიტებისაკენ. გამოყოფა სამი სახის შედარება: ბუკვალური, მიმსგავსება და ანალოგია. ასევე, დადებითი და უარყოფითი შედარება. აღსანიშნავია ისიც, რომ შედარება ორი სახისაა: მარტივი და რთული. მარტივია ისეთი შედარება, რომელშიც ორი საგანია გამოყენებული, ხოლო რთულია ისეთი, რომელშიც ორზე მეტ საგანს ვხვდებით.

კლასიკური განმარტებით, ეპითეტი არის მხატვრული განსაზღვრება, სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც თავისი სტრუქტურითა და ფუნქციით ტექსტში ამკვიდრებს ახალ მნიშვნელობას. განასხვავებენ აუცილებელ და ხატოვან ეპითეტებს. პირველი სიტყვათშეთანხმების ორგანული ნაწილია, რომელიც გამოკვეთს ამა თუ იმ საგნის რომელიმე თვისებას, მაგრამ არ ცვლის ან აფართოებს მის მნიშვნელობას. მეორე ტიპის ეპითეტი აფართოებს განსაზღვრების მასშტაბებს და აღწევს მოულოდნელ გამომსახველობით ეფექტებს.

მეტაფორა

„ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით“.

„მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე.....“

„ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც - მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები....“

„ტანმა მიგრძნო, რაღაც ხიფათს რომ შემამთხვევდა“. როგორც წესი, გული გიგრძნობს, რომ რაღაც ცუდი გელოდება, მაგრამ კორესპონდენტის შემთხვევაში ასე არ მოხდა. „თვალებით ელოლიავება“. „ყურებზედაც ხელისგულები მქონდა მიტყაპნილი“. იტყაპნება საღებავი ან სხვა მსგავსი ნივთიერება, ხელისგულები კი ნამდვილად არა, ისიც ყურებზე. „სურათები იბადებიან, იხუმრა რესპოდენტმა“.

ეპითეტი

„კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით აღსავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი“. (აუცილებელი ეპითეტები)

„საუბარიც რომ დამაჯერებელი აქვს - ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი, რანაირი გამოთქმა გინდა, იმან არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია“. (აუცილებელი ეპითეტი)

„ფართოჯიბიანი ტანსაცმელი“ ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეპითეტია. (აუცილებელი ეპითეტი)

„ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი“. (აუცილებელი ეპითეტი)

„ბავშვობისდროინდელი ნაცნობი მყავს, ფუფუნებაში იზრდებოდა, საბრალო, და რომ დაკაცდა, მშობლიური ფუფუნება მერეც არ მოკლებია და, საწყალს, ზეთი ჩამოსდიოდა სახეზე, და ახლაც ერთთავად მშიერი გამომეტყველება აქვს სწორედ იმიტომ, რომ მუდამ მაძღარია და განა შეიძლება, როდესმე დანაყრდე, თუ მუდამ მაძღარი ხარ, და იცით, რა მოინდომა? ტრაბახა გახდა, დასვენებულ ტვინზე და სწორედ ამ კაცისთანა თვითკმაყოფილი იერი დაირტყა“. - აქ გვაქვს მეტაფორული ეპითეტი.

„რაღა თქმა უნდა, არიან სუსტები, თავ-თავიანთი უსიცოცხლო, უცხვირპირო პერსონაჟებით, რომლებიც ისევე ზედმეტნი და არაფრისმაქნისნი არიან ჩვენთვის, როგორც რაიმე ახირებული შედარება“. (აუცილებელი ეპითეტი)

„ვთქვათ დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძლი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ. ჰოდა ჩამოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? იტყვის „ორი“. აჰ, არა, არა ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება“. (აუცილებელი ეპითეტი)

ერთ-ერთი საინტერესო ეპითეტია „ნაფუფუნებარი“, რომელიც ფუფუნებაში გაზრდილს, ფუფუნებაში ნამყოფს გამოხატავს, მაგრამ ახლა მას ეს სიამოვნება მოკლებული აქვს.

შედარება

„მე და კლიმი სეკუნდანტებივითა ვართ“. (კავშირიანი, რთული შედარება (ვასიკო, კლიმი, სეკუნდანტები, მიმსგავსება)

„მისალოცი კიარა, ჰაერშია ასაგდები ოლიმპიური ჩემპიონივით“. (კავშირიანი, მარტივი შედარება)

„ზედმეტნი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცისათვის ცუდი გინეკოლოგი“. (კავშირიანი, მარტივი შედარება)

„მკითხველი ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს მეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“. (უკავშირო შედარება).

„სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა...“გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორიცაა სიტყვა „მაშასადამე“. (კავშირიანი, საინტერესო შედარება )

ავტორი საკმაოდ საინტერესო გააზრებებს გვთავაზობს. გამოვყოფდი იმას, რომ სურათებიც ქაღალდს ნელ-ნელა, თანდათან ემჩნევა და იხატება და ეს მოვლენა ავტორს დაბადებასთან აქვს გაიგივებული. ვინაიდან ავტორი არ გვიხასიათებს პერსონაჟებს, სწორედ ამ მხატვრული ხერხების საშუალებით ვეცნობით და წარმოვიდგენთ მათ თვისებებს, გარეგნობას, ვიაზრებთ, თუ როგორი შეიძლება იყვნენ ისინი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორის მიერ გამოყენებული მხატვრული საშუალებები სძენს მის ნაწარმოებებს და, მათ შორის, ზემოთხსენებულს მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

ნაწარმოებში დაცულია სიცხადე. ავტორის მიერ გამოყვანილი პერსონაჟების საუბარი თუ ქმედებები მიემართება ძირიტად საგანს-ლიტერატურის სიყვარულსა და მნიშვნელობას. თხრობა არაა გაწელილი, მომაბეზრებელი და მკითხველიც დიდ სიამოვნებას იღებს.

"კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ერთ-ერთი კარგად საკითხავი და მრავლისმომცემი ნაწარმოებია როგორც სემანტიკური, ისე- მხატვრული თვალსაზრისით.


2
2353
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბედიანაშვილი
მარიამ ბედიანაშვილი
2353
  
2019, 8 იანვარი, 16:14
ეს თქვენ დაწერეთ?
0 1 2