x
image
მანჩო 777
ლაპლანდია - ვირტუალური მოგზაურობა სანტა კლაუსის სამშობლოში
თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, მე კი ბავშვობაში ლაპლანდია ზღაპრული ქვეყანა მეგონა, რომელიც მხოლოდ ანდერსენის და სხვა მეზღაპრეების წიგნებში არსებობდა. მართლაც, სიტყვა "ლაპლანდია" თითქმის ყველა ადამიანის გონებაში სანტა–კლაუსთან ასოცირდება. მის გაგონებაზე ბევრ თქვენგანს, რა თქმა უნდა, იმწამსვე გაახსენდება, რომ იქ მდებარეობს სანტა-კლაუსის (ფინურად-იოულუპუკი) რეზიდენცია.

როგორ გგონიათ, სულ ესაა, რაც ამ ჯადოსნურ მხარეზე უნდა ვიცოდეთ? - სულაც არა. ლაპლანდია ზღაპრული პროვინციაა ფანტასტიკური ბუნებითა და უნიკალური კულტურით. ჩრდილოეთის ეს ულამაზესი კუთხე შობა-ახალი წლის დღესასწაულის მთავარი გმირის გარეშეც ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩადის, რომლებსაც სურთ ადგილობრივი სილამაზით დატკბობა და ბავშვობის შორეულ ზღაპარში მოხვედრა.




image



მოდით, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ ლაპლანდიაში და გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ მხარის შესახებ.



1. გეოგრაფიულად ლაპლანდია მდებარეობს ოთხი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ესენია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი. ამასთანავე, მისი ფართობის 2/3 ფინეთში მდებარეობს.



image



2. ლაპლანდიას საკმაოდ შთამბეჭდავი ფართობი უჭირავს- 100 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ეს არის დაახლოებით ისლანდიის ტერიტორიის ექვივალენტური. თუმცა მოსახლეობის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი აქ ძალიან დაბალია - ერთ კვადრატულ კილომეტრზე ორ კაცზე ნაკლები. თუ გავითვალისწინებთ აქაურ ბუნებრივ პირობებს, ეს სავსებით ნორმალური მაჩვენებელია.



image



3. აი, ჩრდილოეთის ირმები კი აქ გაცილებით ბევრია, ვიდრე ადამიანები. ამიტომ საავტომობილო გზატკეცილების გასწვრივ ხშირად შეგხვდებათ აბრები წარწერით: "ფრთხილად, ირმებია". ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილი სწორედ ირმების მოშენებითაა დაკავებული.



image



4. ადგილობრივი კულინარიის ძირითადი ინგრედიენტები სწორედ ირმის ხორცი და თევზეულია და კიდევ, ლაპლანდიაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხრაშუნა ყველი. ყველის მასას წვავენ ღუმელში, ამიტომ მირთმევისას ის ხრაშუნისმაგვარ ხმებს გამოსცემს.



image



5. ფინეთის ლაპლანდიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი როვანიემი, სადაც დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობს. როვანიემის სრული ფართობი 8000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ეს ჩრდილოეთის ქალაქი პოლარული წრიდან 8 კილომეტრში და ჰელსინკიდან 800 კილომეტრში მდებარეობს. ისინი, ვისაც გაუმართლა და ქალაქს ზემოდან შეხედეს, ირწმუნებიან, რომ როვანიემს ირმის რქების ფორმა აქვს. გასაკვირი არ არის, რომ ზამთარში როვანიემი ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება დიდებისა და პატარებისთვის – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს საშობაო სამზადისში ყველასათვის საყვარელი საახალწლო პერსონაჟი სანტა–კლაუსი (ფინურად – იოულუპუკი).



image



6. დიახ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სანტა კლაუსის ცნობილი სოფელი.



image



სანტა–კლაუსის წარმოშობის ისტორია წმინდა ნიკოლაუსს უკავშირდება. ეს ქრისტიანი წმინდანი სიცოცხლეში მალულად ეხმარებოდა უპოვრებსა და ბავშვებს. წმინდა ნიკოლაუსის დღეს საჩუქრების დარიგების ტრადიცია მოგვიანებით საშობაოდ ბავშვების დასაჩუქრების ტრადიციად ტრანსფორმირდა. ამას კი დიდი სიამოვნებით აკეთებს თანამედროვე სანტა–კლაუსი. ლეგენდის თანახმად, სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო, სადაც საშობაო საჩუქრები მზადდება, მდებარეობდა მთა კორვატუნტურიზე, მაგრამ, ვინაიდან საიდუმლო ადგილსამყოფელი ყველასათვის ცნობილი გახდა, სანტამ გადაწყვიტა ხალხში გამოცხადებულიყო და საამისოდ პოლარულ წრეზე, როვანიემისთან მახლობლად შეარჩია ადგილი.



image


აქ, ლაპლანდიის პატარა სოფელში, სანტამ დააფუძნა თავისი რეზიდენცია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტა–კლაუსი აქ ყოველდღე მოდის, იღებს სტუმრებს, კითხულობს წერილებს (რომლების გაგზავნაც შესაძლებელია მისამართზე: Santa Klaus, 96930 Arctic Circle, Rovaniemi, Finland) და გებულობს, თუ რაზე ოცნებობენ ბავშვები და რა საჩუქრების მიღება სურთ საშობაოდ. სანტა კლაუსის სოფელში, გარდა სანტას ოფისისა და ფოსტისა, განთავსებულია ტურისტული კოტეჯები, უამრავი მაღაზია და რესტორანი, ირმების ფერმა. ზამთარში სოფლის მოედანზე უამრავ გორაკს აგებენ, საიდანაც სრიალი უფასოა. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი.



image



სოფელში კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც საინტერესო რიტუალი უკავშირდება: ეს გახლავთ პოლარული წრის გეოგრაფიული და ამავდროულად ზღაპრული საზღვრის კვეთა, რომელიც თეთრი ველით არის გამოსახული და დატანილია წარწერა ” Arctic Circle”.



image


ყველაზე გამბედავებს, ანუ ვინც ამ საზღვარს გადაკვეთს, ელის სამახსოვრო სერთიფიკატის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი.



image




7. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლაპლანდიის ყველაზე დიდი ქალაქი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მურმანსკია. ამჟამად ამ ქალაქში დაახლოებით 300 000 კაცი ცხოვრობს. მურმანსკი წარმოადგენს აგრეთვე პოლარული წრის მიღმა მდებარე ყველაზე დიდ ქალაქს.



image



8. ლაპლანდიაში ზაფხულობით მზე მთელი ორი თვის განმავლობაში არ ჩადის ჰორიზონტს მიღმა, ხოლო ზამთარში პოლარული ღამეები თვეების განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამ დროს შეიძლება ნახოთ აქ ბუნების ულამაზესი მოვლენა- ჩრდილოეთის ციალი. ამ უმშვენიერესი ნათების სანახავად საუკეთესო ადგილი აბისკუს ნაციონალური პარკია, სადაც მუდმივი ქარების გამო ცაზე არასოდეს არაა ღრუბლები.



image



9. სანტა–კლაუსის ზამთრის პარკი - კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილია პატარებისა და მათი მშობლებისთვის. ის მდებარეობს სანტა კლაუსის სოფლის მახლობლად, მაგრამ ეს პარკი მხოლოდ ზამთარში მუშაობს – დეკემბრის დასაწყისიდან მარტამდე და ყოველ წელს ეს კომპლექსი, რომელიც უნიკალური სასტუმრო-იგლუსგან, საბავშვო გორაკებისგან, კაფე-ბარებისადა ლამაზი სკულპტურებისგან შედგება, ხელახლა შენდება თოვლისა და ყინულისაგან.



imageimage


10. ლაპლანდიის ყველაზე დიდი ტბაა ინარის ტბა. მისი ფართობი 1100 კვადრატული კილომეტრია. ტბა არა მარტო დიდია, არამედ კრისტალურად სუფთა. ინარიში ოცზე მეტი მდინარე ჩაედინება, მისგან კი მხოლოდ ერთი გამოდის - მდინარე პაზი.



image



11. რადგან ლაპლანდია სანტა–კლაუსის სამშობლოდაა მიჩნეული, ცხადზე ცხადია, რომ იქ ბუნება ძალიან მკაცრია და ჰავა - ცივი. ლაპლანდიის ტერიტორიაზე მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა სოფელ პოკოს ტერიტორიაზე 1999 წლის 28 იანვარს - თერმომეტრმა -51, 5 გრადუსი აჩვენა.



image



მართლაც ზღაპრული და ულამაზესი მხარეა სანტა–კლაუსის სამშობლო -ლაპლანდია. თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, მე კი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ამ ყინულების სამეფოში, სანტა კლაუსსაც მოვინახულებდი და ყურში ვუჩურჩულებდი სანუკვარ სურვილს; ეს ალბათ აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ვინ იცის, ახალი წლის ღამეს ხომ სასწაულები ხდება...

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყველა სანუკვარი სურვილის ასრულებას!

1
401
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
401
  
2019, 9 იანვარი, 10:05
Zalian momewona. Zaan sainteresoa ❤️
0 1 1