x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთავარეპისკოპოსი ზენონი: როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ
image

დმანისი-ტაშირის და დიდი ბრიტანეთი-ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული ქრისტეშობას ულოცავს მრევლს და სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე პოსტს აქვეყნებს:



ქრისტეშობა

ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში!მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქროვერცხლით ხელითქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში! მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?! თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას მაგრამ, გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანა მწუხარე, მგლოვიარეთა თანა მგლოვიარე, უსახლკაროთა თანა უსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანა მშიერი და შიშველი. თავისუფლება აღკვეთილთა თანა თავისუფლება აღკვეთილი, დამცირებულთა თანა დამცირებული, გარიყულთა თანა გარიყული, მიტოვებულთა თანა მიტოვებული, ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენს შორის.


image

ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც:'' ისმინე ცაო და ყურადიღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ.რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!'' ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთ ჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლ-კარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობას მოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება.

image

რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად. სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქციულ მოქალაქობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება. ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?!



ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!

+მთ. ეპ. ზენონი

image

0
51
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0