x
image
მანჩო 777
"უხეველა ნასკების" ამბავი ანუ ყველაზე მტკიცე ნივთები დედამიწაზე
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ხშირად მიწევდა მგზავრობა ქუთაისი-ტყიბულის მატარებლით. უშუქობის, უფულობის და გაჭირვების წლებში ორი ''პრეისტორიული" ვაგონისგან შემდგარი, ნახევრად ჰაერში გამოკიდებული მატარებელი ამ ორი ქალაქის დამაკავშირებელი ლამის ერთადერთი ტრანსპორტი იყო. თითქმის ყოველი მგზავრობისას ქუთაისის რკინიგზის სადგურზე მამაკაცის წინდებით ხელებდახუნძლული ქალი ამოდიოდა, ჯიუტად მიიკვლევდა გზას ხალხით გადატენილ ვაგონში და ომახიანად გაჰყვიროდა: "აბა უხეველა ნასკები, სამი წყვილი ერთ ლარად"... უხეველობის რა მოგახსენოთ, თუმცა სიტყვიერი რეკლამა მშვენივრად მუშაობდა და ეს ქალბატონი კლიენტების სიმცირეს სულაც არ უჩიოდა.

მაშინ გულში მეცინებოდა ამ ეშმაკურად მოფიქრებულ პატარა სარეკლამო ტრიუკზე და ვფიქრობდი: განა შეიძლება არსებობდეს წინდები ან სხვა ტანსაცმელი, რომლებიც არასოდეს დაიხევა? - ხუმრობა იქეთ იყოს და სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადში ნანო-ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა, შეექმნათ ზეგამძლე მასალები და ნივთები, რომლებიც განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა და თითქმის არასოდეს ზიანდება ან ფუჭდება.



image



აბა, რას იტყოდით იმის შესახებ, რომ თურმე არსებობს ტყვიაგაუმტარი კიმონო ან ქოლგა, რომელიც არ იმტვრევა ყოველგვარი ცდის მიუხედავად, ან თუნდაც ტელეფონი, რომელიც ყოველგვარ ზემოქმედებას უძლებს? იცოდით, რომ არსებობს საათი, რომელიც ბომბის აფეთქებას უძლებს და წიგნი, რომელსაც ვერაფრით ვერ დახევთ. სწორედ ასეთ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საგნებზე გვექნება დღეს საუბარი.




"უხეველა წიგნები" - ეს წიგნები დამზადებული მასალისაგან, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ქაღალდს, მაგრამ ქაღალდისაგან განსხვავებით, ვერც მის დახევას შეძლებთ და ვერც დაჭრას. თუ თქვენთვის ესეც არაა საკმარისი, დავამატებ, რომ ფურცლები წყალგაუმტარია და არატოქსიკური (ზოგიერთი ანცი ბავშვისთვის სწორედ რომ მისწრებაა ასეთი წიგნი).


image



დაუხეველი ბურთი მთელი მსოფლიოსთვის (One World Futbol) -უნიკალური ქაფისაგან დამზადებული ეს ბურთი უძლებს ძალიან დიდ დატვირთვას. ის არასოდეს დაიშვებს, თუნდაც ასზე მეტი ნემსი ჩაარჭონ.


image


ზეგამძლე კლავიატურა- ეს სილიკონის კლავიატურა წყალგაუმტარია, ის აგრეთვე მდგრადია ცხელი ყავის და საწმენდი სითხეების მიმართ (ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ზედ ცხელი ყავა გადაასხათ).


image



"პიერ რიშარის ქოლგა"- ამ ქოლგას, გარდა იმისა, რომ ის გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გასაოცარი გამძლეობით, აქვს მეორე ფუნქციაც - ის შეიძლება გამოიყენოთ იარაღად. არ ეცადოთ მის გატეხას - გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ, პირიქით - შეიძლება ხელი ან ფეხიც კი დაიზიანოთ ამ დროს (ალბათ, თქვენც ჩემსავით გაგახსენდათ "ჩხვლეტა ქოლგით"- უკვდავი ფრანგული კომედია პიერ რიშარის მონაწილეობით ).


image




"ზეგამძლე უნიტაზი"- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ უნდა დაკარგო დრო ასეთი რამის შესაქმნელად, თუმცა ფაქტია, რომ ეს უნიკალური უნიტაზი არასოდეს გაიბზარება და არც დაიჟანგება. ის დამზადებულია ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მასალის - სამედიცინო ფოლადისაგან.


image




საბურავი, რომელიც არასოდეს დაიშვებს (Polaris 'Never Flat' tire)-პლასტიკის უჯრედებისაგან დამზადებული ეს საბურავები დაფარულია რეზინის სქელი ფენით. ის იმდენად გამძლეა, რომ 50 კალიბრიანი ტყვიით სროლის შემდეგ კიდევ შეუძლია 8000 კილომეტრის გარბენა.


image



გრილი, რომელიც არასოდეს გაფუჭდება - მოკრივე ჯორჯ ფორმანი ცნობილია თავისი არაბუნებრივი ძალით. ის არასოდეს უკეთებს რეკლამას ნივთებს, თუ ისინი მტკიცე და მასავით ძლიერი არაა. ეს გრილი თქვენ არასოდეს ჩაგაგდებთ ნოკაუტში, რადგან ის არ ტყდება და არ ფუჭდება.


image


ტყვიაგაუმტარი კოსტიუმი - როგორ გგონიათ, მარტო ''უხეველა ნასკები'' არსებობს? - მოდელიერმა ჰარისონ ბესპოუკმა (Garrison Bespoke) შექმნა საქმიანი კოსტიუმი, რომელიც ძალიან ჰგავს ჯეიმს ბონდის ტყვიაგაუმტარ კოსტიუმს ბონდიაანს ერთ-ერთი სერიიდან, უბრალოდ, ბესპოუკის კოსტიუმი ფილმისაგან განსხვავებით, ნამდვილად ტყვიაგაუმტარია. ის შექმნილია ნახშირბადოვანი ნანო-ბოჭკოვანი მასალისაგან. კოსტიუმის ფასი 20 ათასი დოლარია, მაგრამ დამერწმუნეთ, ის ნამდვილად ღირს ამ ფასად.


image




სავიზიტო ბარათები, რომლებსაც ვერაფრით ვერ დახევთ - ეს ბარათები იაპონელმა ნიიომ ფალკომმა მოიფიქრა. ფალკომი ირწმუნება, რომ ბარათები წყალგაუმტარია და უძლებს ყოველგვარ გამოცდას. ჯეიმს ბონდი ასეთ სავიზიტო ბარათებზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.


image




ფენდერის გიტარა - მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გიტარა განთქმულია თავისი გამძლეობით. უამრავი როკ-მუსიკოსის ცდა, სცენაზე გაეტეხათ ეს ინსტრუმენტი, კრახით დამთავრდა. YouTube-ზე ნახავთ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ ჯგუფ The Who-ს სოლისტი პიტ თაუნსჰენდი როგორ ცდილობს გატეხოს ფენდერი, მაგრამ არაფერი გამოსდის და ქანცმიხდილი გადის სცენიდან. ჩემთვის აბსოლუტურად გაგებარია, რატომ უნდა დაამტვრიო ასეთი ძვირფასი ინსტრუმენტი, თუმცა აბა, რას გაუგებ ამ გადარეულ როკერებს.




ლეგოს მინი-ბლოკები: ლეგოს თითოეულ პატარა დეტალს შეუძლია გაუძლოს 400 კილოგრამამდე დატვირთვას. თუ ლეგოს პატარა აგურებს ფეხით მთელი ძალით დავაწვებით, მის გატეხვას ვერ შევძლებთ, უბრალოდ ფეხს დავიზიანებთ და ეგაა.


image



სათვალე, რომელიც არასოდეს გაგიტყდებათ: თუ თქვენ ხშირად გიტყდებათ სათვალე და სურვილი გაქვთ შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომელიც არასოდეს გატყდება, უმჯობესია არჩევანი სათვალე "ჰერკულესზე" შეაჩეროთ. თქვენ შეგიძლიათ ის გადაღუნოთ, დაჯდეთ მასზე, ასე განსაჯეთ, სახანძრო მანქანითაც კი გადაუაროთ, მაგრამ ვერასგზით ვერ გატეხავთ. ის მაინც მთელი დარჩება (სწორედაც რომ ჩემთვისაა ზედგამოჭრილი ეს მზის სათვალე, სულ რომ ვტეხავ და ვკარგავ...ჰო, დაკარგვას ვერ უშველის, სამწუხაროდ).


image



"გაუტეხავი ნოუთბუკი" - არსებობს ნოუთბუკი, რომელიც არ ტყდება?- დიახ, ის მართლაც არსებობს. Panasonic Toughbook CF-53 ბაზარზე 2011 წლიდანაა და ის ყველაზე მტკიცე და გამძლე კომპიუტერადაა მიჩნეული. მას შეუძლია გაუძლოს ყოველგვარ ექსტრემალურ სიტუაციას: დააგდოთ იატაკზე და ფეხებით გადაუაროთ, ჩააგდოთ წყალში ან ცეცხლში, ჩამარხოთ ქვიშაში...ის მაინც გააგრძელებს მუშაობას ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.


image




ზემტკიცე საათი: «KAVENTSMANN Triggerfish Bronze A2» მარკის საათს ძალუძს წარმატებით გაუძლოს 4, 5 კილოგრამი დინამიტის აფეთქების ძალას.


image



ყველაზე გამძლე ტელეფონი - არსებობს უფრო გამძლე ტელეფონი, ვიდრე Nokia 3210 ან Nokia 3310?- არა მგონია არსებობდეს. ამ ტელეფონებს აგდებდნენ მერვე სართულიდან, მათ გამოიყენებდნენ ძალაყინის ნაცვლად, ამ ტელეფონებით აჩერებდნენ ტყვიასაც კი და ისინი მაინც აგრძელებდნენ მუშაობას. არსებობს ასეთი ხუმრობა: "იატაკზე დაგივარდათ აიფონი?- აიფონი გატყდა; იატაკზე Nokia 3210 დაგივარდათ?- იატაკი გატყდა"... და მაინც, "ნოკიას" გულშემატკივრები უნდა გავაწბილო და ვთქვა, რომ ყველაზე მტკიცე და გაუტეხავ სმარტფონად აღიარებულია «Kyocera Torque» მარკის მობილური ტელეფონი, რომელიც არის წყალგამძლე, უძლებს 500 მეტრი სიმაღლიდან გადმოგდებას და ზოგადად ყოველგვარ ექსტრემალურ სიტუაციას.


image



"ტყვიაგაუმტარი კიმონო" - იაპონელმა მიო ანდომ შექმნა იაპონური ეროვნული კულტურის საკმაოდ ნატიფი და დახვეწილი ნიმუში უჟანგავი ფოლადის ფირფიტებისაგან და ვერცხლის რგოლებისაგან. მსოფლიოში პირველი ტყვიაგაუმტარი კიმონო დაახლოებით 25 მილიონი დოლარი ღირს.


image




დიახ, ჩემო ძვირფასებო: "უხეველა ნასკების" იდეა სულაც არაა რეალობას მოკლებული. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, კიდევ უამრავი ზემტკიცე ნივთი არსებობს: ბეჭედი, რომელიც არასოდეს ცვდება და ტყდება; ხალიჩა, რომელიც არასოდეს გახუნდება და გაცვდება; საზოგადოებრივი ტუალეტი, რომელიც ტყვიაგაუმტარია და ზარბაზნის ყუმბარებსაც კი უძლებს; ზემტკიცე სახლი, რომელსაც ყველაზე ძლიერი ქარბორბალაც კი ვერაფერს დააკლებს... ალბათ მიხვდით, რომ ჩვენს შემთხვევაში საუბარია საყოფაცხოვრებო ნივთებზე, თორემ მედიცინაში, კოსმონავტიკასა და მეცნიერების და ტექნიკის სხვა დარგებში ისეთი ზემტკიცე მასალები და მოწყობილობებია შექმნილი, რომ მათი თვისებების და შესაძლებლობების გაცნობა გაოცებისაგან პირდაბჩენილს დაგტოვებთ.



0
128
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0