x
image
პროფესორი
ივ. ჯავახიშვილი - თემურლენგის პირველი შემოსევა საქართველოში და მისი მიზეზები

image


1384 წელს თემურლენგმა ავღანეთის დაპყრობა დაამთავრა და არმიის შესავსებად თავის სატახტო ქალაქ სამარყანდში დაბრუნდა, საიდანაც რამდენიმეთვიანი დასვენების შემდეგ ირანში მდებარე მონღოლების სახელმწიფოს ნამსხვრევების დასაპყრობად გამოემართა, მთელი სპარსეთი ააოხრა, დაიპყრო აგრეთვე აზერბაიჯანის ტერიტორია და უკან, სამარყანდში გაბრუნდა.



ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ინტერესი ჰქონდა ასევე ჩრდილოეთით მდებარე მონღოლთა უზარმაზარ სახელმწიფოს (‘’ოქროს ურდო’’) მმართველს თოხთამიშ-ხანს, რომელიც 1382 წელს მოსკოვის განადგურების შემდეგ თავის თავს უძლეველად თვლიდა.თემურლენგის და თოხთამიშის პოლიტიკური ინტერესები გადაიკვეთა და ეს ორი უზარმაზარი სახელმწიფო ერთმანეთის მტრად გადაიქცა.

image



1385 წელს თოხთამიშის 90.000-იანი არმია დარიალის და დარუბანდის გზით გადმოვიდა, შირვანზე გაიარა, აზერბაიჯანში (ქ. თავრიზი) თემურლენგის მოკავშირეებს დაარტყა, სასტიკად ააოხრა და უკან ჩრდილოეთისაკენ გაბრუნდა.
ეს რომ სამარყანდში მყოფმა თემურლენგმა გაიგო, საშინლად განრისხდა, სასწრაფოდ წამოვიდა და 1386 წელს აზერბაიჯანში შევიდა. მან თავრიზი უკან დაიბრუნა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ‘’ოქროს ურდოს’’ წინააღმდეგ გაელაშქრა მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრა.



თემურლენგის ასეთი მოქმედების მიზეზი თითქოს გაუგებარია, მაგრამ მის ისტორიკოსს განმარტებული აქვს, რომ: ‘’მაჰმადიანობის გასავრცელებლად გაილაშქრა საქართველოშიო!’’

image

მ. ბროსეს მოსაზრებით - მაშინდელი საქართველო იმ დროისთვის აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორც უწინ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან და საკმაოდ დიდ სახელმწიფოს წარმოადგენდა, ამასთანავე რანი, ყარაბაღი და ლეკეთიც მისი ჰეგემონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ასეთი სამეფოს ხელში ჩაგდება რათქმაუნდა თემურლენგისთვის სასახელო იქნებოდა.
ბროსეს ეს მოსაზრება ნაწილობრივ სწორიცაა და არარის საფუძველს მოკლებული, მაგრამ თავრიზის თოხთამიშის არმიის მიერ აღების შემდეგ ეგრევე თავრიზზე და შემდეგ უმალვე საქართველოს წინააღმდეგ წამოსასვლელად მას, უეჭველია, სხვა უფრო ასაჩქარებელი მიზეზი უნდა ჰქონოდა.



საქმე იმაშია, რომ საქართველოს მონღოლების ჩრდილოეთ ულუსთან (‘’ოქროს ურდო’’) დიდი ხანია რაც კეთილ-მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ეს კავშირი ადრეც არაერთხელ გამოუყენებია მონღოლთა სამხრეთ ულუსის (ილხანთა სახელმწიფო) წინააღმდეგ.
თემურლენგის მოქმედების მოულოდნელობა და სისწრაფე ამჟღავნებს, რომ მას საქართველოში შემოსევით მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა ჰქონდა დასახული. მისი მთავარი მოწინააღმდეგე, თოხთამიში იყო, მაგრამ რანაირად შეეძლო თოხთამიშს ასე ადვილად გადმოსვლა და აზერბაიჯანზე და ჩრდილოეთ ირანზე დარტყმა თუ არა კარგი ურთიერთობა კავკასიონის ორივე კარის მფლობელ საქართველოსთან? თემურლენგის ირანში და აზერბაიჯანში გამოჩენისთანავე საქართველომ თავის გასამაგრებლად და დასაცავად კვლავ ‘’ოქროს ურდოს’’ გამოყენება სცადა.ეს რომ ზუსტად ასე იყო, ამას თოხთამიშის არმიის აზერბაიჯანში შეჭრისთვის არჩეული მიმართულებაც ადასტურებს:


დარუბანდისა და განსაკუთრებით დარიალის გადმოსასვლელების ესეთი დაუბრკოლებელი და ადვილი გადმოლახვა მათ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე არ შეეძლოთ. ასე, რომ საქართველოს მთავრობა თუ პირდაპირ არა, საიდუმლოდ მაინც უნდა ყოფილიყო გარეული ამ მოვლენებში.იმისათვის, რომ ასეთი რამ შემდგომში აღარ განმეორებულიყო და თოხთამიშისთვის სამხრეთით კავკასიაზე მომავალი ყველა გზები შეეკრა, თემურლენგისთვის აუცილებელი იყო საქართველოში სასწრაფოდ შემოჭრა და დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება.



თემურლენგი სამი მიმართულებით წამოვიდა და პირველ რიგში ხელში ჩაიგდო ციხე-ქალაქები - ნახჭევანი, გარნისი და კარი.საკმარისია, თემურლენგის მიერ საქართველოში შემოსასევად დაწყებული ლაშქრობის მარტო მისგან დაპყრობილ მთავარ ადგილებს დავუკვირდეთ, რომ ადვილად დავრწმუნდებით, თუ რამდენად კარგი სამხედრო გეგმა ჰქონდა მას ამისთვის შედგენილი..


ნახჭევანი, გარნისი და კარი ამიერკავკასიისა და საქართველოს ხელში ჩასაგდებად პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ციხე-ქალაქები იყო, რომელთა დაუფლება მას ზურგსაც უმაგრებდა და იქიდან თავდასხმის საშიშროებასაც აცილებდა, თანაც საშუალებას აძლევდა ამ მაღლობიდან მოკლე გზით შიგ შუაგულ საქართველოში შემოჭრილიყო.. მხოლოდ ამიერ-კავკასიის ბუნებრივი ტოპოგრაფიული პირობებისა და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების კარგ მცოდნეს შეეძლო ასეთი სამხედრო გეგმა შეედგინა..

imageამის შემდეგ, თემურლენგი, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე ზამთარი იყო და ძალზე აცივდა მთელი თავისი ლაშქრით თბილისისაკენ გამოემართა.. გზად სამცხეში შეიჭრა, ააოხრა და იქიდან თბილისს მიადგა.
მუსულმანი ისტორიკოსის სიტყვით, საქართველოს დედაქალაქს ისედაც მაგარი ზღუდეები ჰქონდა, მაგრამ საგანგებოდ კიდევ იყო გამაგრებული და თავიანთი ქალაქის სიმტკიცით დაიმედებული ქართველები მედგარი ბრძოლისა და სასტიკი წინააღმდეგობის გასაწევად მოემზადნენ.. მაგრამ თბილისის აღებას არც თემურლენგი თვლიდა ადვილ საქმედ და ამიტომ გადამწყვეტი ბრძოლა წინასწარი კარგი მომზადების შემდეგ დაიწყო. უპირველესად იგი თბილისის გარემოცვას და გზების შეკვრას შეუდგა. შემდეგ საომარი იარაღი და საბრძოლველი მანქანები გამართეს. თემურლენგი თავის ჯარს პირადად უწევდა სარდლობას და ყველა ბრძანება მისგან იყო გაცემული, თავის ჯარისკაცებს მან თბილისზე იერიშის მიტანის დროს თავის დასაფარავად დიდი ჩელტების (დიდი ფარი) აღება უბრძანა.
არმიის განაწილებისა და თითოეული დანაყოფისათვის ადგილის მიჩენის შემდეგ თემურლენგმა ხმალი იშიშვლა და მთელს ჩელტებ-ამოფარებულ სამხედრო ძალას თბილისზე ძლიერი იერიში მიატანინა. მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, თემურლენგის ჯარმა თავგანწირული ბრძოლის შედეგად 1386 წლის 21 ნოემბერს თბილისი აიღო. ქალაქის აღების დროს დატყვევებული იქნენ თვით საქართველოს მეფე ბაგრატ V, მისი თანამეცხედრე დედოფალი ანა და უფლისწული დავითი.



უნდა აღინიშნოს, რომ თემურლენგს თბილისი არ გაუნადგურებია. რათქმაუნდა მისი ასეთი სრულიად მოულოდნელი ლმობიერება შემთხვევითი არ არის და მისი ამგვარი თავდაჭერილობა პოლიტიკური მიზნით იყო ნაკარნახევი.
თბილისში თემურლენგი დიდხანს არ გაჩერდა, უმალვე აღმოსავლეთისაკენ დაიძრა, სადაც სასტიკად ააოხრა და მიწასთან გადაასწორა ლეკები და კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობის მთიელი მოსახლეობა.. იქიდან კი ყარაბაღში ჩამოვიდა და მანდ დაბანაკდა.



ყარაბაღში მისვლისთანავე თავისთან მიიხმო დატყვევებული ბაგრატ V და გამაჰმადიანება მოსთხოვა.. მუსულმანი ისტორიკოსის სიტყვით თემურლენგის მქადაგებლობით მჭერმეტყველებას და საბუთიანობას ბაგრატ მეფე ვითომც-და ისე დაურწმუნებია, რომ ბოლოს გამაჰმადიანებაზე თანხმობა მიუცია და გამაჰმადიანებულა. ამასთანავე თემურლენგისთვის მას ძვირფასი საჩუქრები მიურთმევია (მათ შორის ჯაჭვის კვართი, რომელიც ვითომც თვით წინასწარმეტყველი დავით ებრაელთა მეფის სახელოსნოში ყოფილა დამზადებული). თემურლენგს ეს საჩუქრები ისე მოსწონებია, რომ თავის მხრივაც უხვად დაუსაჩუქრებია და საქართველოში დაუბრუნებია, სადაც ბაგრატის გავლენით ვითომც ხალხის უმრავლესობა გამაჰმადიანებულიყოს.



თომა მეწოფელის აზრით ბაგრატ მეფემ მაჰმადიანობა მოჩვენებით მიიღო და ხალხის საქართველოში გამაჰმადიანებასაც იმიტომ დაჰპირდა, რომ თემურლენგის ხელიდან გასხლტომა მოეხერხებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. რასაკვირველია ეს სრული სიმართლეა და თემურლენგის ისტორიკოსის ცნობა, ვითომც საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანობა მიეღოს მლიქვნელობას წარმოადგენს. ეს მისივე შემდგომი მონათხრობიდანაც ჩანს, რადგანაც მას შემდგომში აღნიშნული აქვს, რომ თემურლენგს მაჰმადიანობის საქართველოში გასავრცელებლად მეორედ მოუხდა გალაშქრება.



ისევე როგორც თემურლენგის ისტორიკოსს განზრახ აქვს შეთხზული ზემომოყვანილი ცნობა საქართველოს გამაჰმადიანების შესახებ, ასევე თავიდან-ბოლომდე გამონაგონია თომა მეწოფელის ისტორიულ ნაშრომში მოყვანილი ცნობა, ვითომცდა ბაგრატ V-ეს მიერ თემურლენგის მოტყუების შესახებ და მის გამეორებას არც კი ექნებოდა მნიშვნელობა, რომ ამის მსგავსივე ცნობა ბერი ეგნატაშვილის ‘’ახალ ქართლის ცხოვრებაშიც’’ არ გვხვდებოდეს.

imageთომა მეწოფელი ამბობს, რომ ბაგრატ მეფემ თემურლენგს უთხრა: ‘’მომეცი მრავალნი ლაშქარნი, რომ საქართველოში შევიდე, მთელი ქვეყანა ავიღო და თქვენ სარწმუნოებაზე მოვაქციო, - რათგან ეს ერი ხუთი ტომისაგან შესდგება, - ყველა მათ დაგიმორჩილებ და თქვენ თანამორწმუნედ ვაქცევ’’.. ვითომ თემურლენგს ეს ამბავი დიდად გაუხარდა, დიდი ლაშქარიც მისცა და საქართველოში გამოუშვა.. ბაგრატი კი ფარულად თავის შვილებს შეუთანხმდა, რომ საშველად მოჰგებებოდნენ და როდესაც საქართველოში შევიდა, მონღოლები ვიწრობებსა და გაუვალ ადგილებში შეიტყუა, სადაც ჩასაფრებულმა ქართველებმა გაანადგურეს თემურლენგის ლაშქარი და 12.000-ზე მეტი ამოწყვიტეს.. ბაგრატი ისევ თბილისში დაბრუნდა და მეფობას შეუდგა, ხოლო თემურლენგი აიყარა ყარაბაღიდან და თურქმანების წინააღმდეგ გაილაშქრაო.

არც არაფერი ამის მსგავსი არც შეიძლება მომხდარიყო და არც მომხდარა.. თემურლენგი ისეთი ცბიერი და ეჭვიანი კაცი იყო, რომ მისი ასე სულელურად მოტყუება არავის შეეძლო. სრულებით დაუჯერებელია, რომ ბაგრატ მეფისთვის, ამ გუშინდელი მტერისა და მოწინააღმდეგისთვის, თავისი მრავალრიცხოვანი ჯარი მიეცა და სარდლობაც მისთვის ჩაებარებინა. ამასთანავე თემურლენგს, საქართველოს გზების კარგი მცოდნენი საკმაოდ ჰყავდა და თავის არმიას რომელიმე მათგანს აუცილებლად გააყოლებდა.. ბაგრატ V-ეს თემურლენგის ჯარის ვიწრობებსა და გაუვალ ადგილებში შემწყვდევის უფლებას და საშუალებას არავინ მისცემდა.
არაფერი ამის მსგავსი მუსულმანი ისტორიკოსის ნაშრომში არ გვხვდება.. რასაკვირველია, მხოლოდ ეს რათქმაუნდა - თომა მეწოფელის ცნობის უსაფუძვლობის დასამტკიცებლად ვერ გამოდგება, რადგან მუსულმანი ისტორიკოსი თემურლენგის მაქებელ-მადიდებელია და სხვაგანაც ბევრჯერ ყველაფერი ისე არ აქვს გადმოცემული, როგორც სინამდვილეში მოხდა, ზოგი რამ საერთოდ არ აქვს ნახსენები.. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ აქაც თემურლენგის ისტორიკოსმა უსიამოვნო ამბავის მოთხრობას, დადუმება არჩია. მაგრამ თომა მეწოფელის მონათხრობი, რომ დაუჯერებელია, ამას თვით თემურლენგის შემდგომი მოქმედებიდან ვიგებთ:


1387 წლის შემდეგ, როდესაც მან ბაგრატ V გაანთავისუფლა და საქართველოში დააბრუნა, 1393 წლამდე (ბაგრატის გარდაცვალებამდე) მას საქართველოს წინააღმდეგ აღარ გამოულაშქრია. განა დასაჯერებელია, რომ თემურლენგს, რომლის მრისხანე ხასიათი და შურისმაძიებლობა კარგად არის ცნობილი, ან ბაგრატ მეფისა და მისი შვილებისათვის, ანდა თვით საქართველოსთვის თავისი მრავალრიცხოვანი ჯარის ასეთი ვერაგულად გაწყვეტა ეპატიებინოს და ამისი ოდნავ მაინც მაგვარი მარცხი ქართველებისათვის შეენარჩუნებინოს?



თემურლენგი კი, როგორც ცნობილია, სხვაგან მიდის საომრად, 7 წლის განმავლობაში ყველგან ომობს, არავის ინდობს, თვით თავისიანებსაც, მონღოლებსაც-კი. ისე გამოდის, რომ ქართველების გარდა. ცხადია, რომ თომა მეწოფელის მონათხრობი ტყუილია და ბაგრატ მეფეს რომ ამის მსგავსი რამე ჩაედინა, თემურლენგი, უმალ მრისხანებით სავსე თავის ჩვეულ შურისძიებას შეუდგებოდა და არასგზით ისე არ წავიდოდა, რომ სამაგიეროს გადახდა არ ეცადნა მაინც. იმ დროს, როდესაც ეს ამბავი ვითომცდა უნდა იყოს მომხდარი, თომა მეწოფელი 11 წლის ბავშვი იქნებოდა, ამიტომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ამ ამბების აღწერის დროს, მას ზემომოთხრობილი შემთხვევა ზეპირი გადმოცემით ექნებოდა გაგონილი, რაც შესამჩნევია კიდეც, თუნდაც იქ, სადაც ქართველებისაგან თემურლენგის 12.000 ჯარისკაცის ვითომცდა გაწყვეტაზეა საუბარი. იქ ხომ თვით ავტორსავე აქვს დამატებული - ‘’როგორც იტყვიან’’, ამბობენო. ამრიგად, ზოგჯერ თვით უმცროს თანამედროვეთა ზეპირი გადმოცემაც-კი ისტორიკოსისთვის საფრთხილოა ხოლმე!



სინამდვილეში, თემურლენგმა დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდების და ბაგრატ V-ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამორჩილება უკვე დამთავრებულად მიიჩნია და კავკასიიდან დამშვიდებული წავიდა.



1389 წელს თოხთამიშის არმია შუა აზიაში, თემურლენგის სახელმწიფოში შეიჭრა.. თემურლენგი თოხთამიშ-ხანს დაუხვდა, დაამარცხა და თავისი საბრძანებლოდან განდევნა. 1391 წელს კი დიდი არმიით თითონ დაიძრა ''ოქროს ურდოს'' გასანადგურებლად.. მართალია, გზაზე, ტაშკენტის მახლობლად, მას თოხთამიშის მიერ დასაზავებლად გამოგზავნილი ელჩები დახვდნენ, მაგრამ თემურმა მათ არავითარი ყურადღება არ მიაქცია და წინსვლა განაგრძო. 1391 წლის 18-19 ივნისს კანდურჩასთან მომხდარ ბრძოლაში თემურლენგმა სასტიკად დაამარცხა თოხთამიში. რის შემდეგაც მონღოლთა სახელმწიფოს ყველა მიმართულებით სამხედრო ძალა გაგზავნა და მისი ჩრდილოეთიცა და სამხრეთ ნაწილიც აზოვამდე ააოხრებინა.ამრიგად 1391 წლის დამლევს მას ''ოქროს ურდო'' თითქმის მთლიანად ხელში ჰქონდა ჩაგდებული.
1392 წელს თემურლენგი ისევ სპარსეთს შეესია. იქიდან ერაყში შეიჭრა და 1393 წელს ბაღდადი აიღო.



თემურლენგის პირველი შემოსევის შემდეგ, საქართველოს რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლო მშვიდად ეცხოვრა და საშუალება ჰქონოდა მტრისაგან განადგურებული ადგილების აღდგენასა და მიყენებული ზიანის გამოსწორებას შესდგომოდა. ქვეყანა უკვე იმდენად დაწყნარდა, რომ სანაჰინის მონასტერში იმ დროს მყოფ ერთ-ერთ სომეხ გადამწერს ნათქვამი აქვს კიდეც, რომ თავისი ხელნაწერი მან დაწერა დიდი და მძლეველი ბაგრატ მეფის ძის ქართველთა მეფის გიორგის მეფობაში, როდესაც საქართველოში სრული მშვიდობიანობა დამყარდაო.
მაგრამ ეს მშვიდობიანი წლებიც გაწამებულ ქვეყანას მხოლოდ ცოტა ხნით მოევლინა. თუ სიწყნარის დასაწყისად ბაგრატ V-ის 1387 წელს თემურლენგისგან განთავისუფლების თარიღს ვიანგარიშებთ, მშვიდობიანი ცხოვრება მაშინდელ საქართველოს ექვს წელიწადზე მეტ ხანს არ ჰღირსებია.1393 წელს თემურლენგი საქართველოში მეორედ შემოიჭრა.

0
641
1-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0