x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
არ გჯერათ საახალწლო სასწაულების? - მაშინ წაიკითხეთ ეს ისტორიები

არ გჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება? - მაშინ მოდით, წამით დავბრუნდეთ ბავშვობაში და იმის ნაცვლად, რომ ეს ლამაზი დღესასწაული ჩვეულ რუტინად გადავაქციოთ და მხოლოდ საცივისა და გოზინაყის მირთმევით კი არ შემოვიფარგლოთ, არამედ სულ ცოტათი მაინც გადავეშვათ ოცნებების სამყაროში....აი მაშინ აუცილებლად დავიჯერებთ, რომ ამქვეყნად სასწაულებიც ხდება. მერე რა, რომ ამ სასწაულებს ხშირად ჩვენ თავადვე ვქმნით.




image



მოდით, მოვისმინოთ რამდენიმე ისტორია, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ახალ წელს სასწაულები მართლაც ხდება - მთავარია, ირწმუნო სიკეთისა და სიყვარულის ძალა. ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, თუ რა სიხარული განაცდევინათ მოულოდნელმა სიურპრიზებმა, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულზე მათ მიიღეს.


image


თეა, 29 წლის: " მოგეხსენებათ, ახალი წლის წინა დღეებში ყველა ფაციფუცშია, ემზადებიან ამ ჯადოსნური დღესასწაულის შესახვედრად, იმარაგებენ პროდუქტებს, არჩევენ საჩუქრებს, ყიდულობენ ლამაზ ტანსაცმელს საახალწლო წვეულებებზე ჩასაცმელად, მაგრამ ჩემს ოჯახში სულაც არ იგრძნობოდა ეს სადღესასწაულო მზადება და სასიამოვნო ორომტრიალი, რადგან სათანადო ფინანსები არ გაგვაჩნდა დღესასწაულის მოსაწყობად. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ნაქირავები ბინა და უამრავი ვალი და კრედიტი ბანკში. ქმარი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ საკუთარი სახლი გვქონოდა, თუმცა უახლოეს მომავალში ამის იმედი არ მქონდა. ჩემი 4 წლის გოგონასთვის რომ გული არ მეტკინა, მასთან ერთად დავწერე წერილი თოვლის ბაბუასთვის. ჩავწერე ჩემი ოცნება, თუ როგორ მინდოდა, რომ ახალ წელს საკუთარ ბინაში შევხვედროდი, ხოლო პატარასთვის თოჯინა ვთხოვე საჩუქრად.

წერილი ბინის შემოსასვლელში დავდეთ და როცა ბავშვმა დაიძინა, მე სოდითა და ძველი ჩექმებით შევიარაღდი, წერილი ავიღე და მის ადგილას ჩემი გოგონას სანატრელი ბარბის თოჯინა დავდე. იატაკზე კი სოდის დახმარებით თოვლის ბაბუას ფეხის ანაბეჭდები დავტოვე. დილით პატარას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სანატრელი თოჯინა ნახა, თუმცა ეს სიხარული არაფერი იყო იმასთან შედარებით, როცა 31 დეკემბერს მეუღლემ გამომიცხადა, რომ ნივთები ჩამელაგებინა, რათა ჩვენს ბინაში გადავსულიყავით. ეს მისი საახალწლო საჩუქარი-სიურპრიზი იყო: თურმე ის მთელი წელი ორმაგად მუშაობდა, რათა კრედიტი დაეფარა და საკუთარი ჭერი გქვონოდა. აი, მაშინ ვიწამე ახალი წლის სასწაულების, როცა ჩვენი ბინის ზღურბლს გადავაბიჯე. კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი ქმარი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სასწაულებს ჩვენივე ხელით ვქმნით.


image



მარი, 37 წლის: "წინასაახალწლო აჟიოტაჟი დიდ ქალაქებში განსაკუთრებით იგრძნობა: საცობები ქუჩებში, ხალხმრავლობა ბაზრობებსა და სუპერმარკეტებში, გადაჭედილი ვაგონები მეტროში... მოკლედ, ამ დროს ისედაც გადატვირთულ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო ძნელი ხდება. უამრავი პაკეტით და საჩუქრით დატვირთული, მეტროთი ვბრუნდებოდი სახლში. მეტროდან ამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ხელჩანთაში საფულე გამქრალიყო. იქ კი პირადობის მოწმობა, სამი საკრედიტო ბარათი და კიდევ უამრავი საჭირო საბუთი მედო. თავზარდაცემულმა საოცარი სისწრაფით მივაშურე პოლიციის უახლოეს განყოფილებას, იქ ყურადღებით მომისმინეს და დამამშვიდეს, რომ ყველაფერს იღონებდნენ ჩემს დასახმარებლად, მაგრამ მე მაინც იმედდაკარგული დავბრუნდი სახლში და ჰოი, საოცრებავ: 2 საათის შემდეგ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემი საფულე მეტროსთან ახლოს იპოვეს სრულიად მრთელი და დაუზიანებელი. მასში ყველა საკრედიტო ბარათი და საბუთი უკლებლივ იდო, მხოლოდ საყიდლებიდან გადარჩენილი ოციოდე ლარი გამქრალიყო. დიდი მადლობა პოლიციელს, რომელიც ჩემთვის ნამდვილ სანტა–კლაუსად იქცა.



image


თემო, 38 წლის: " როცა პატარა ვიყავი, დედას წინასაახალწლოდ ბებია-ბაბუასათან მივყავდი, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. ბაბუამ იცოდა, რომ მე ძალიან მიყვარდა თხილი, ამიტომ ჩვენს ჩასვლამდე მათ სათითაოდ ახვევდა ფერად ქაღალდში და ნაძვის ხეზე კიდებდა, როგორც სათამაშოებს. მე ნაძვის ხესთან მივირბენდი, ჩამოვხსნიდი ამ ბრჭყვიალა ბურთებს და ბაბუასთან მივრბოდი, ის კი თხილს ჩაქუჩით გატეხავდა და გაასუფთავებდა, რომ მე პირი ჩამეტკბარუნებინა. ბაბუა დიდი ხანია ცოცხალი აღარაა, მაგრამ გუშინდელ დღესავით მახსოვს მისი თბილი და სიყვარულით სავსე თვალები და დაკოჟრილი ხელები. ჩემთვის ახალი წელი - ასე შორეული და ბედნიერი ბავშვობაა, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება.


image


ნათია, 32 წლის:" 1 იანვრის დილაა. მე მოწყენილი ვიღვიძებ ჩემს ბინაში, რადგან ახალ წელს მარტო შევხვდი: მეუღლე მივლინებაში გაემგზავრა სხვა ქვეყანაში. შევდივარ სამზარეულოში ყავის ასადუღებლად და უცებ ნაძვის ხის ქვეშ სასაჩუქრე ყუთს ვხედავ. გაოცებისაგან ენა მებმის, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ღამე სრულიად მარტომ გავატარე და ეს კოლოფი წუხელ აქ არ ყოფილა. ვხსნი ყუთს და მასში აღმოვაჩენ ნივთს, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდი, თუმცა ეს სურვილი არავისთვის გამიმხელია. აღმოჩნდა, რომ მეუღლემ მივლინებაში წასვლამდე შეიძინა ჩემთვის საჩუქარი და ჩემ დას ჩვენი ბინის გასაღებთან ერთად დაუტოვა. როცა მე მეძინა, ჩემი და ჩუმად შემოიპარა ბინაში და საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დადო. მე მჯერა სასწაულების და იმის, რომ რასაც გულით ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება.


image


ეთო, 37 წლის:" ეს ამბავი წლების წინ მოხდა. უფულობის, უშუქობის და გაჭირვების წლები იდგა. ჩემმა პატარა ბიჭუნამ მოისურვა, რომ ახალ წელს ბუნებრივი ნაძვის ხე გვქონოდა. წავედი ბაზარში და იქ მივედი, სადაც ცოცხალი ნაძვები იყიდებოდა. გამყიდველი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. როცა მოსაწონი ნაძვის ხის ფასი ვიკითხე, დავღონდი, რადგან მივხვდი, რომ ჩემი მწირი ფინანსებიდან მისი ყიდვის შემთხვევაში არაფერი აღარ დამრჩებოდა. გამყიდველს ვთხოვე, შედარებით იაფფასიანი ნაძვი მოეძებნა ჩემთვის. მოვძებნეთ. როცა მას ფული მივაწოდე და ხურდა დამიბრუნა, ვნახე, რომ იქ გაცილებით მეტი თანხა იყო, ვიდრე მე მივეცი. ყმაწვილს ვუთხარი, რომ შეეშალა და უკანვე გავუწოდე ფული, მან კი გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მითხრა, რომ ეს მისი საჩუქარი იყო. მადლობა გადავუხადე გაწეული სიკეთისათვის და შესანიშნავი განწყობით დავბრუნდი სახლში. მართალია, იმ ფულით ბევრს ვერაფერს შეიძენდი, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცის გულისხმიერებამ და სიკეთემ გული გამითბო და ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. იმ ჭაბუკმა მე ახალი წლის სასწაულების და უბრალო ადამიანური სიკეთის რწმენა მაჩუქა.


image


ელენე, 19 წლის:" მე მჯერა ახალი წლის სასწაულების, რადგან წელს მივიღე ყველაზე ძვირფასი საახალწლო საჩუქარი: ჩემს დედიკოს, რომელიც უკვე 4 წელია სიმსივნეს ებრძვის, ექიმებმა უთხრეს, რომ მან საბოლოოდ დაამარცხა კიბო. სასწაულები ხდება - მთავარია ამის გწამდეს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!



image

დიახ, სასწაულები ხშირად ხდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მას თავადვე ვქმნით.

ყველას გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ სიკეთით, სიყვარულითა და სასწაულებით სავსე დღეებს, თვეებს და წელს!

2
151
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
3 იანვარი, 15:16
მადლობა, გაიხარე! მეც ყოველივე კარგს გისურვებ
3 იანვარი, 12:36
მეც გილოცავ გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს
0 1 2