x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებები პოეზიის შესახებ

პლატონი და არისტოტელე

პლატონი-კლასისკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი მსოფლიო სივრცეში შეიძლება წარმოვიდგინოთ ფილოსოფიური აზროვნებისა და პოეტიკურ-ლიტერატურული კვლევების შეუცვლელ ავტორიტეტად. მის ნაშრომებში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს იკავებს ლიტერატურისმცოდნეობითი ძიებანი. მისი შეხედულებები სოციო-პოლიტიკური და მეტაფიზიკური პრინციპებიდან გამომდინარეობს.
პლატონი წუხდა, რომ ქვეყანა უპრინციპო დემაგოგების მიერ იმართებოდა და თვლიდა, რომ სწორედ მისნაირი ბრძენი მართავდა ქვეყანას სწორად. მას იდეალური სახელმწიფოს შექმნის იდეა ჰქონდა და უპირველესად იგი დაუპირისპირდა პოეტებს.
პოეზია არის ბაძვა- სწორედ ამას აცხადებდა პლატონი. ფიქრობდა, რომ პოეტები მიმბაძველები იყვნენ და ბაძვის ცნებას მექანიკურ პროცესად აღიქვამდა. მისი აზრით რეალური სამყარო არსებობდა არა მატერიალურ საგანთა, არამედ იდეების სფეროში.

imageპლატონი თვლიდა, რომ საგნებს ერთი იდეა გააჩნდათ, რომლის მიბაძვაც ხდებოდა. თუ წარმოვიდგენთ ხელოსანს, რომელიც რაიმე საგნის შექმნას აპირებს, იგი ჯერ კარგად დააკვირდება საგნის მთავარ იდეას და მხოლოდ ამის შემდეგ ქმნის საგანს, კარადის შექმნისას კარადის იდეას დააკვირდება და ა.შ. შესაბამისად, ხელოსანს არ შეუძლია საკუთარი იდეის შექმნა. იდეების შემქმნელად გვევლინება ღმერთი და მატერიალურ სახეს უშუალოდ ოსტატი აძლევს მას. მაგალითად, მხატვარი არის უხეში მიმბაძველი, რადგან სამ საფეხურს გადის-იგი ოსტატის მიერ შექმნილ ნივთს ბაძავს და შესაბამისად იგი ბაძავს ღმერთსაც. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოეტიც და მხატვარიც საგანს ბაძავს არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთს, როგორიც თავად წარმოუდგენია მას. აქედან გამომდინარე, პლატონისთვის ეს სინამდვილისგან შორს დგას, მისთვის ყოველივე ეს თამაშს გავს.
პლატონისთვის აზროვნების საზომი ცოდნაა, რაზეც პოეტები უარს ამბობენ და სწორედ მათ ცოდვად მიიჩნევს ცოდნის არქონას.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პლატონის ბრალდება ეფუძნება დიქოტომიას სიმართლე/ტყუილი, სადაც სიმართლე პირველწყაროს, ხოლო ტყული შეთხზულს, ასლს წარმოადგენს.
პოეტების მბაძველობა არანაირ ზნეობრივ თუ ეთიკურ ნორმას არ ექვემდებარება. პლატონი მიიჩნევს, რომ პოეტები ისეთ მოვლენას ბაძავენ, რომელიც გარკვეული ემოციის გამომწვევი იქნება უმოკლეს დროში, აქედან გამომდინარე მკითხველი უკონტროლო ემოციის მსხვერპლია.
პლატონი დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ თუკი პოეზია უნდა იქმნებოდეს, აუცილებელია გარკვეულ კონტროლს ექვემდებარებოდეს.


არისტოტელე-პლატონის მოწაფის, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელისა და ბერძნული ფილოსოფიური სკოლის დიდებული წარმომადგენლის არისტოტელეს ფილოსოფიური ინტრესები სწორედ პლატონის აკადემიაში ყალიბდება. მას შექმნილი აქვს ტრაქტატი "პოეტური ხელოვნების შესახებ" ანუ "პოეტიკა", სადაც მკაფიოდ აქვს აღწერილი თავისი შეხედულებები.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი ინტერესები აბსოლიტურად განსხვავებულია პლატონის შეხედულებებისა და ინტერესებისგან. ცნობილია, რომ ის თავიდანვე ვერ იზიარებდა პლატონის იდეებს მბაძველობის შესახებ. იმ დროს, როდესაც ათენს პოლიტიკური ძლევამოსილება დაკარგული ჰქონდა, არისტოტელე ლიბერალურობით გამოირჩეოდა და უფრო მეტ ყურადღებას თავის სამეცნიერო ექსპერიმენტებს უთმობდა. ვერ იზიარებდა პლატონის შეხედულებას, რომ ათენი დემაგოგებისგან ეხსნა.

imageრ. ჰარლანდი აღნიშნავს, რომ არისტოტელეს რეალური საგნების აღწერა და კლასიფიკაცია უფრო მეტად იზიდავდა იმ სახით, როგორითაც რეალურად არსებობდნენ და აბსოლუტიზმისკენ ნაკლებად იყოს მიდრეკილი.
არისტოტელე ლოგიკური თანმიმდევრობის გზას ირჩევს თავის "პოეტიკაში" და ერთი მხრივ ეთანხმება პლატონს ბაძვის გააზრების შესახებ, მეორე მხრივ კი მის ინტერპრეტაციას ვერ იზიარებს.
არისტოტელეს აზრით, რეალური სამყარო მატერიალური საგნების სფეროში არსებობს, რაც ეწინააღმდეგება პლატონისეულ გააზრებას, რომლის მიხედვითაც იგი რეალურ სამყაროს აბსტრაჰირებული საგნების სფეროს მიაკუთვნებს.
არისტოტელე ამტკიცებს, რომ პოეტი რეალობის მიბაძვით ქმნის ახალ რეალობას, რაც წარმოადგენს ყოველი ცოცხალი ინდივიდის თვისებას, მიისწრაფოდეს პოტენციური თვითრეალიზებისკენ.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ პოეტის საქმე ისაა, რომ თქვას თუ რა არის შესაძლებელი, რა მოხდებოდა და არა, ის თუ რა მოხდა. პოეტი რეალობას ბაძავს, მის მიზანს სწორედ პირობითი სურათის შექმნა წარმოადგენს, რაც ვერ გაუტოლდება ისტორიულ ფაქტს.
თუ პლატონის ბრალდება ეფუძნება დიქოტომიას სიმართლე/ტყული, სადაც სიმართლე პირველწყაროს, ხოლო ტყული შეთხზულს, ასლს წარმოადგენს, არისტოტელეს დაცვა ეფუძნება დიქოტომიას რეალური/შემოქმედებითად გარდასახული, სადაც რეალური წარმოადგენს მატერიალურ სამყაროს, ხოლო შემოქმედებითად გარდასახული კი პოეტურ ქმნილებას.
პლატონისეული მოდელისგან განსხვავებით, არისტოტელესეული მოდელი ეფუძნება არა მხოლოდ თხრობისა და ობიექტის, არამედ აღქმის პროცესის ფართო გაგებასაც.
"პოეტიკის" 24-ე თავში არისტოტელე წერს:
"საჭიროა, რათა შეუძლებელი დასაჯერებელი უმალ ვარჩიოთ შესაძლებელ დაუჯერებელს".
არისტოტელეს ამ ციტატას თუ განვმარტავთ, დავასკვნით, რომ მისეულ გამონაგონში უპირატესობა სავარაუდოდ შესაძლებელს ენიჭება, რომელიც რეალურ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სარწმუნოა. საჭიროებისამებრ შესაძლებელი კი რეალურია, სარწმუნო კი არ არის.
პლატონი პოეტებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მათ ტექსტებში უსამართლო ადამიანი ხშირად ბედნიერი, ხოლო სამართლიანი ადამიანი კი უბედური იყო, რაც მისი აზრით ეთიკური სტანდარტებისგან შორს იდგა, არისტოტელე შეეცადა კონკრეტული პოეტიკური განმარტებით ჩაენაცვლებინა ეს იდეა, რომლის მიხედვითაც ტრაგედიის გმირი ვერც კარგი კაცი იქნება, რომელიც უბედურებას გადაეყრება და ვერც ცუდი, რომელიც უბედურებას იმსახურებს, რადგან ეს ყველაფერი გამოიწვევდა სიყვარულს კაცისადმნი და არა შიშსა და სიბრალულს. შიში და სიბრალული არისტოტელეს პოეტიკის მთავარი ეთიკური სამიზნეა, რომელიც პირდაპირ გზას წარმოადგენს მოულოდნელი პერიპეტიებითა და განსაცვიფრებელი ცოდნა/უცოდინრობით გაჯერებული ამბისა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით პლატონისა და არისტოტელეს იდეები, შეხედულებები პოეზიის შესახებ აბსოლიტურად განსხვავებულია, თუმცა ორივე ფილოსოფოსი საკმაოდ მკაფიოდ და მყარი არგუმენტების დახმარებით ასაბუთებს საკუთარ იდეებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი, თბილისი, GCLA Press, 2012.

0
289
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯავახიშვილი
ქრისტინე ჯავახიშვილი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0