x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლებისადმი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები დადებითად არიან განწყობილნი ინკლუზიური განათლებისადმი, თუმცა, სკეპტიკურად უყურებენ საზოგადოების მზაობას ასეთი ბავშვების მისაღებად. ისინი თავიანთი შვილების სკოლაში მიყვანის დიდ სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ საზოგადოების მოუმზადებლობის გამო თავს იკავებენ ამისაგან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ეშინიათ, რომ საზოგადოება მათ შვილებს დაჩაგრავს. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლაში მათი შვილები ნაკლებ განათლებას მიიღებენ, ვიდრე სპეც-სკოლაში, მაგრამ მათ განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად თავიანთი შვილების საზოგადოებაში ყოფნა მიაჩნიათ. მშობლები საუბრობენ იმ დადებით გავლენაზე, რომელსაც მათი შვილების საზოგადოებაში ინტეგრირება იქონიებს. შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების ძირითადი დადებითი ასპექტი - საზოგადოებაში ინტეგრაცია - პოზიტიურად იმოქმედებს როგორც შშმ ბავშვებზე, ასევე საზოგადოების დანარჩენ წევრებზე. ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები მიიღებენ ელემენტარულ განათლებას - სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას მათ სწავლის სტიმული გაუჩნდებათ. ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში, შშმ ბავშვებს შეეძლებათ განათლებისა და არჩევანის უფლების გამოყენება. შშმ ბავშვების მშობელთა აზრით, პრობლემაა, რომ მათი ბავშვების მშობლები არ აქტიურობენ თავიანთი ბავშვების ინტერესების დასაცავად. როგორც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი აღნიშნავს: „ძირითადად, ასეთი ბავშვები სახლში ყავთ ჩაკეტილები და ეს პრობლემაა”. ამის მიზეზად რესპონდენტი საბჭოთა წყობილებას მიიჩნევს, რომელიც თვალს ხუჭავდა შშმ ადამიანების არსებობაზე, რის გამოც ისინი სახლებში ჩაკეტილი და საზოგადოებას მოწყვეტილი იყვნენ. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვის არასპეციალიზებულ კლასში სწავლისადმი დამოკიდებულებას ძალიან კარგად გამოხატავს ფრაზები, რომლებსაც ისინი იყენებენ საუბრისას: „მე მგონი, არ უნდა იყვნენ გონებრივად შეზღუდულები; სხვა ბავშვები ცოდოები არიან და პედაგოგიც. ვინ მოუვლის ასეთ ბავშვს, ვინ ასწავლის? ჩემი აზრით, არ უნდა იყვნენ“.

რაც შეეხება ინდივიდუალურ პროგრამებს, რომლებიც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უნდა შემუშავდეს, ისინი შშმ ბავშვების მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ ინდივიდუალურმა პროგრამამ არ გაამართლოს, უფრო მაღალია. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ამის მიზეზად შემდეგს ასახელებენ: „ჩვენი ჩართვა აუცილებელია ამ პროგრამის შედგენაში. ჩვენ, მშობლებმა, ყველაზე კარგად ვიცით რა უჭირთ და რა შეუძლიათ ჩვენს შვილებს“. შშმ ბავშვების მშობლების აზრით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებისათვის აუცილებელია პედაგოგის სწორად შერჩევა. მშობლები თვლისნ, რომ პედაგოგს თავად ჰქონდეს სურვილი ასეთ ბავშვებთან მუშაობისა. სწორედ ასეთი პედაგოგები უნდა მოამზადოს სკოლამ ინკლუზიური განათლების პროცესში ჩასართავად.

შშმ ბავშვების მშობლები თავიანთი შვილების სკოლაში ტარებას აზრს მოკლებულად მიიჩნევენ. ისინი ვერ ხედავენ თავიანთი შვილების განათლების აუცილებლობას, რადგან შშმ ბავშვები მიღებულ ცოდნას ვერ გამოიყენებენ, ვერსად იმუშავებენ და სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ მოუწევთ საზოგადოებისაგან განცალკევებით ყოფნა. ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები წინააღმდეგნი არიან შვილების სკოლაში ტარებისა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ასე არ არის და ამისი ძირითადი მიზეზი შშმ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. მშობლები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლა მათი საზოგადოებაში ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე ინტეგრირებული შშმ ბავშვი ისევ მოსწყდება საზოგადოებას და სახლში ჩაიკეტება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს შშმ ბავშვის ფსიქიკაზე. შშმ ბავშვების მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების მეშვეობით ბავშვის ინტეგრირება საზოგადოებაში არ უნდა იყოს ერთჯერადი. ამ პროცესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. რესპონდენტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მათი შვილების მხოლოდ სკოლის პერიოდში საზოგადოებაში ინტეგრირება უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ის, რომ მათ საერთოდ არ გაიცნონ საზოგადოება. ამ პრობლემების მოგვარებას შშმ ბავშვების მშობლები შშმ ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავენ.image

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭრიკიშვილი
ნინო ჭრიკიშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0