x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ბოშა ბავშვების სპექტაკლის პრემიერა შედგა
image


ბოშები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ დედოფლისწყარო ერთ-ერთი ის რაიონია, სადაც ეს ეთნოსი კომპაქტურადაა ჩასახლებული. ისინი, ძირითადად, სოფელ ჭოეთში ცხოვრობენ. სხვათაშორის, ბოშათა გაერთიანების ხელმძღვანელი ვენერა მარტყოფლიშვილიც სწორედ დედოფლისწყაროდანაა. მახსოვს, ჩემი ჟურნალისტური კარიერის საწყის ეტაპზე დედოფლისწყაროელი ბოშები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსაც არ ფლობდნენ, რის გამოც ვერც სახელმწიფო დახმარებას იღებდნენ, რადგან არსად არ იყვნენ რეგისტრირებულნი. ბავშვობაშიც, ხშირად მინახავს, უბან-უბან საკვების სათხოვნელად მოსიარულე ე.წ. „ლენინოვკელი“ ბოშები, მაგრამ ბოლო წლებში ისინი ასე მოსიარულე აღარ მინახავს. როგორც ჩანს, მკითხაობასა და ამგვარ ჩვევებს გადაეჩვივნენ. ალბათ ეს იმის დამსახურებაა, რომ რამდენიმე წლის წინ ბოშების ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი ჩემმა მშობლიურმა სკოლამ შეიტანა. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა პირველი იყო, რომელმაც განათლების გარეშე დარჩენილ ბოშებს და მათ ბავშვებს კარი გაუღო და განათლების მიღების გარდა, საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებაც მისცა. ბოშების დედოფლისწყაროში ყოველდღიურად ტრანსპორტირებისთვის მათ სპეციალური სასკოლო ავტობუსიც გამოეყოთ, რომელიც დღემდე მოქმედებს. ტრადიციულად, დედოფლისწყაროს #2 სკოლა მხოლოდ გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამით არ შემოიფარგლა და ბოშა ბავშვების მეტი ინტეგრაციისა და განვითარების ხელშესაწყობად სხვა პროექტებიც განახორციელა, რომელიც განათლების სამინისტრომ დააფინანსა.


ბოლო ხანს სკოლაში ხელგარჯილობისა და თეატრის კლუბები ფუნქციონირებდა. ხელგარჯილობის წრეზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს, რომელთა გამოფენაც ახლახან თბილისში, განათლების სამინისტროში მოეწყო. თეატრალების შრომის შედეგი კი 21 დეკემბერს, დედოფლისწყაროს კულტურის სახლის სცენაზე აჩვენეს, რომელიც რეჟისორმა ცარო მარტიაშვილმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით ბოშათა ცხოვრებაზე დადგა.


ლალი იაკობიშვილი-ჩერქეზიშვილი (ქ. დედოფლისწყაროს #2 სკოლის დირექტორი): „ჩვენი სკოლისთვის ბოშების ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და საამისოდ ძალებს არ ვიშურებთ. ისინიც ძალიან აქტიურად და ენთუზიაზმით არიან ჩართულნი ამ აქტივობებში. ხშირად ნაადრევად უწევთ სკოლიდან გასვლა. ისინი, ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა კლასში არიან. მათთან ინდივიდუალური გეგმით უნდა ვიმუშაოთ, რომ შესაბამის კლასში გადავიყვანოთ და 9 კლასი დაამთავრონ. ამჟამად დიდებიც კი პირველ, მესამე და მეხუთე კლასებში დადიან...ეს სპექტაკლიც მათ სოციალიზაციას ბევრად დაეხმარება. სამთვიანი პროექტი იყო, რომელიც გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა და დასკვნით ეტაპზე ვაჩვენეთ სპექტაკლი. პროექტი სრულდება, თუმცა გაისად აუცილებლად ვგეგმავთ, როგორც კი გამოცხადდება პროექტების მიღება, ჩვენც წარვადგინოთ და იმედი გვაქვს, კიდევ მოვიპოვებთ დაფინანსებას. მზადების პერიოდში, კვირაში სამი გაკვეთილი იყო და მათი ტრანსპორტირება და კვებაც ფინანსდებოდა. ახალი პროექტის დაფინანსებამდე ეს წრეები ვეღარ იმუშავებს, მაგრამ ქალბატონმა ცარომ უკვე გამოთქვა მზაობა, რომ რამდენიმე ბოშა ბავშვი თეატრ „ბერიკონში“ მიიღოს და ისე გააგრძელონ მუშაობა“.



ცარო მარტიაშვილი (რეჟისორი): „პატარა ვიყავი, როცა პირველად ბოშებთან შეხება მომიწია და გულწრფელად გითხრათ, მას შემდეგ ბავშვობაში სულ მინდოდა ბოშა ვყოფილიყავი. ძალიან მომწონდა მათი ცხოვრების სტილი, ტრადიციები, ჩაცმულობა... მსოფლიოში არ დარჩენილა არცერთი დიდი კლასიკოსი მწერალი, რომელიც ბოშების ცხოვრებას არ შეხებოდა. ამიტომაც მთელი მსოფლიოსთვის ბოშები საკმაოდ ნაცნობი თემაა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მათთან მემუშავა და ამავე თემაზე სპექტაკლი დაგვედგა. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ისიც იყო, რომ ისინი დედოფლისწყაროში ცხოვრობენ, აქვე, ჩვენს გვერდით არიან და ჩვენ ერთი მზის შვილები ვართ. ენობრივი ბარიერი ბრწყინვალედ დაძლიეს, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, თავიდან ორი-სამი რეპეტიციის შემდეგ დავაპირე, ჯგუფისთვის თავი დამენებებინა. ბავშვები რაღაცნაირად შებოჭილები იყვნენ და ვერ შემოდიოდნენ კონტაქტში, მაგრამ ახლა, მაყურებელმაც იხილა, რომ საოცრად ლაღები და ენერგიულები არიან. რა ვიცი, მე მგონია, რომ ჩვენ აღარ დავშორდებით ერთმანეთს. თეატრი ისეთი რამაა, რომ ძალიან აახლოვებს ადამიანებს.“


როგორც მაყურებელმა, მეც უნდა ვაღიარო, საოცარი ოსტატობით თამაშობდნენ როგორც ბოშა ბავშვები, ისე მათი ქართველი პარტნიორები. მიუხედავად იმისა, რომ პირველად იდგნენ სცენაზე, საოცარი ოსტატობა და არტისტიზმი ჩანდა. ბედნიერი ემოციები მათ ჩვენთან კომენტარშიც გაგვიზიარეს.


„ძალიან მოგვეწონა ამ სპექტაკლში მონაწილეობა და არაფერი არ გაგვჭირვებია, პირიქით. ტექსტიც ადვილად ავითვისეთ. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩვენს მეგობრებთან, ქართველებთან ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ცარო მასწავლებელს და ყველას, ძალიან გახარებულები ვართ, “ _ აღნიშნა სპექტაკლის მონაწილემ ვიშნია დოცენკომ.


image


ეს პირველი სპექტაკლი არ იყო, რამდენიმე წლის წინ ბოშა ბავშვებმა თბილისში, თეატრალურ სარდაფშიც ითამაშეს. მეორე სკოლის ყოფილი დირექტორი ნანა ჭიღიტაშვილი გაზეთ „შირაქთან“ იხსენებს, რომ პირველ ეტაპზე 14 ბოშა მიიღეს და ყველა მათგანი პირველ კლასში დასვეს. - „აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენი სკოლა პირველი იყო, რომელმაც ამ ეთნოსის მოსწავლეები მიიღო. 2008 წელს მივიღეთ ისინი, 6-15 წლამდე ასაკის სულ 14 ბოშა მოვიდა, რომელთაც ჰყავდათ ცალკე კლასის დამრიგებელი. სასკოლო ავტობუსით მოჰყავდა და უკან აბრუნებდა. სკოლაში გარდა განათლების სამინისტროს პროექტებისა, მუშაობდა უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრი კავკასიის პროექტი ბოშური „თემის მხარდაჭერა და განვითარება საქართველოში“. პირველი თაობა იყო: კატია იონენკო, იანა დოცენკო, მიშა იონენკო, დიმა ჩერნიცოვი... ქობულეთის მეოთხე საჯარო სკოლას დავუმეგობრდით, იქაც ბევრი ბოშა სწავლობს. გვქონდა გაცვლითი პროგრამები. სკოლაში სწავლება მიმდინარეობდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და გასაოცარი შედეგი დავდეთ. შეისწავლეს ქართული ენა, თანამედროვე საინფორმაციო კომუნიკაციური საშუალების ელემენტები. პროექტი მუშაობდა მშობლებთანაც. მაგალითად: ჰიგიენის საკითხებზე. ილიაუნის სარდაფში დავდგით სპექტაკლი „ვარსკვლავბიჭუნა“, ამ სპექტაკლმა პირველი ადგილი დაიკავა, სკოლა დასაჩუქრდა პორტატული კომპიუტერით და საკმაოდ ლამაზი პრიზი გადმოგვცეს. ეს იყო ძალიან წარმატებული სპექტაკლი ბოშა და ქართველი ბავშვების მონაწილეობით. დარბაზი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ინტეგრაცია მოხდა მშობლებისაც. მშობლებისათვის მართვის მოწმობის სწავლების კურსები გვქონდა, ხოლო ქალებისთვის ჭრა-კერვის მანქანები ვიყიდეთ და კერვას ვასწავლიდით. ვასწავლეთ ლოგინის თეთრეულის, ტანსაცმლის კერვა. მატერიებით ფონდი გვამარაგებდა. ნამეტი პროდუქციის გაყიდვასაც ვგეგმავდით, რათა დავხმარებოდით მრავალშვილიან ბოშა მშობლებს. ერთხელ, პედაგოგები ბოშურ ტანსაცმელში გამოწყობილები ვსტუმრობდით ჭოეთს ქართველ მშობლებთან ერთად. ზოგადად, ბოშები ძალიან ადრეულ ასაკში ქორწინდებიან და ესაც უშლით ხელს სწავლაში. გოგონები ზრდიან პატარა და-ძმებს, რადგან დედები არიან თბილისში. მათ მშობლებს 5 დეკემბრის ქუჩაზე აქვთ ნაქირავები ბინები და თავს ვაჭრობით ირჩენენ. ვაჟები ამზადებდნენ შეშას და ჩართულები იყვნენ ჯართის ბიზნესში. მაშინ ხშირად მივდიოდი სოფელში. ფაქტია, რომ აქ აღარ მათხოვრობენ“...

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0