x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაული
image
ეს ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ - 1993 წელს რუსეთში მოხდა: მარიამ სოფლად თავისიანების მონახულება გადაწყვიტა.
სადგურზე გზა მიასწავლეს. თანაც ურჩიეს, მგლების ლუკმა რომ არ გამხდარიყო, ტყეში 10 კილომეტრის გავლა დაღამებამდე მოესწრო.

ტყეში შესულს მალევე დაუღამდა. აღარც გამვლელები ჩანდნენ და საბრალო ქალი მარტოდმარტო აღმოჩნდა.

რა უნდა ეღონა? უკან, სადგურში, გამთენიისას თუ ჩააღწევდა; გზა აებნა და ვეღარც წინ მიიწევდა... საგონებელში ჩავარდნილს აღმოხდა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენო, - და ცრემლი წასკდა...

ირგვლივ მდუმარება გამეფებულიყო, ბნელ ცაზე კი მხოლოდ ვარსკვლავები კიაფობდნენ...
უცებ მარიას ურმის თვლების ჭრიალი შემოესმა.
- ეტყობა ვიღაც მოდის! - გაუელვა ქალს და ხმას გაჰყვა.
ხედავს, ბილიკზე ცხენშებმული ურიკა მოჭრიალებს. კოფოზე ბერიკაცი ზის. მისი სახე მარიას არ დაუნახავს, მხოლოდ ზურგი და თავი გაარჩია, რომლის გარშემოც შარავანდედი ბრწყინავდა...
- წმინდაო ნიკოლოზ, ეს ხომ შენ ხარ! - შეჰყვირა ქალმა და ურიკას თავქუდმოგლეჯილი აედევნა. ურიკა კი ტაატით შეერია ღამეულ ტყეს... მისდევდა მარია და მისძახოდა: - მოიცადე, გევედრები, მოიცადე!..


ამ სრბოლა-ძახილში ტყეც მიილია და ქალმა უეცრად აღმოაჩინა, რომ სოფელს მისდგომოდა.
განაპირა ქოხის წინ, მორებზე მოხუცები ჩამომსხდარიყვნენ...
მარიამ იკითხა:
- ამწუთას აქ ბერიკაცს ცხენშებმული ურიკა ხომ არ ჩამოუტარებიაო?
მოხუცებმა გაიოცეს:
- რას ამბობ, საათზე მეტია, აქ ვსხედვართ და სულიერს არ გაუჭაჭანიაო.
გაოგნებულმა ქალმა გზა განაგრძო.

ასე მყისიერად გამოიხსნა და სამშვიდობოს გაიყვანა წმინდა ნიკოლოზმა ტყეში გზააბნეული, რომელმაც მხურვალედ შესთხოვა ხსნა ადამიანთა უდიდეს ქომაგსა და შემწეს.

მუდამ გვეწეოდეს მისი წმინდა ლოცვა!


0
228
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0