x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
როგორ დააინვალიდა 9 წლის შვილმა დედა - გოგილაშვილების საინტერესო ისტორია წითელწყაროდან
image


რედაქციაში წერილი მოვიდა. მისი ავტორი ლილი გოგილაშვილი თხოვნით მოგვმართავდა, მისი ოჯახის შესახებ მკითხველისათვის მოგვეთხრო, რადგან ის, რაც მისი ბავშვობისას მოხდა, ძალიან აწუხებს და უნდა, საქვეყნოდ მოინანიოს: „შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ, როცა ჩემი ხელით დავაინვალიდე სრულიად ჯანმრთელი დედა, მაშინ ბავშვი ვიყავი და არ მქონდა იმდენი განცდა და პასუხისმგებლობა. ახლა კი, სიბერეში მთელი დღეები საშინლად განვიცდი სინდისის ქენჯნას და სინანულს. სწორედ ამ ფიქრებმა გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა, იქნებ ამან შემიმსუმბუქოს ეს ტკივილი. გთხოვთ, დამეხმაროთ და გამოაქვეყნოთ ჩემი ოჯახის ისტორია, რომელიც, ჩემი აზრით, არ არის ჩვეულებრივი“.


როცა წერილს გავეცანი, გავოცდი, ერთი შეხედვით ასეთი ბედნიერი ადამიანები, თურმე რამხელა ტკივილს და სევდას ატარებენ გულით. ამიტომ, გადავწყვიტე, შემომეთავაზებინა თქვენთვის.


„მე ვარ ლილი გოგილაშვილი, ჩემი მამა იყო ავთანდილ გოგილაშვილი, ის ყოფილა ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ჰყვარებია ჭიდაობა. ერთხელ მამას უჭიდავია იმ დროის ლეგენდარულ მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილითან და დაუმარცხებია კიდეც. მამა მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 1938 წელს, ცუდი ამინდის გამო, მოსავალი არ მოსულა. ხალხი შიმშილით რომ არ დახოცილიყო, მამას კოლწევრებისათვის სარეზერვო ფონდიდან გაუნაწილებია ხორბალი. ყოველ დროში ხომ არსებობდნენ ცრუ დამსმენები. ჰოდა, მამას უჩივლეს, თითქოს მან მიითვისა ეს მოსავალი, რის გამოც დაიჭირეს და მიუსაჯეს დახვრეტის მუხლი. მამიდაჩემ მარგოს მოსკოვში, ი.ბ. სტალინთან გაუგზავნია ბარათი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. პასუხის მოლოდინში განაჩენის აღსრულება შეჩერებულა. პატიმრობიდან შვიდი თვის შემდეგ მოსულა პასუხი მის უდანაშაულობაზე და გაანთავისუფლეს ციხიდან. მამა ამის შემდეგ მუშაობას აგრძელებდა კოლმეურნეობაში ფერმის გამგედ. 1941 წლის 22 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, მამა და ერთი მისი მეგობარი საკუთარი ინიციატივით წასულან წნორში გამანაწილებელ პუნქტში და იქიდან – პირდაპირ ფრონტზე _ სამშობლოს დასაცავად! მამამ სახლში დატოვა 25 წლის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი: 9 წლის ვლადიმერი, 6 წლის ლილი და 3 წლის მიმოზა.


image

1943 წელს, მარტში, სოხუმიდან მივიღეთ მამაჩემის თხოვნით სხვისი ხელით დაწერილი ბარათი, საიდანაც შევიტყეთ, რომ მამა მოხვდა ქუჩის ბრძოლაში და მძიმედ დაჭრილი წევს სოხუმის ჰოსპიტალში. წერილის მიღებისთანავე დედაჩემი ელენე და მამიდაჩემი მარიამი წავიდნენ სოხუმში მამაჩემის სანახავად. მამას ცალი ხელი და ფეხი მოკვეთილი ჰქონია. მათი ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ მამა გარდაიცვალა. მამიდას და დედას მოუხერხერბიათ სასახლის გაკეთება და იქვე დაუკრძალავთ, ვინაიდან წითლწყაროში ჩამოსვენება იმ დროს ზღაპარი იყო. ომის დამთავრების შემდეგ დაიკარგა მამას საფლავი, მაგრამ ჩემი ბიძა მიხეილ გოგილაშვილი განაგრძნობდა ძმის საფლავის მოძიებას. 1990 წლის სექტემბერში ბიძაჩემს მოუვიდა ბარათი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ სოხუმში არის სასაფლაო, სადაც აღმართულია ობელისკი. იქ დასახელებულ 176 კაცში იყო ავთანდილ დავითის ძე გოგილაშვილიც. იმ დროისთვის ჩემი ძმა ვალიკო მუშაობდა ორჯინიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში აგრონომად. გამოიწერა ავტობუსი და 19 კაცი - შვილები, დები, ძმები, დისშვილები, ძმისშვილები დავბარგდით და გავუდექით სოხუმის გზას, სადაც გავჩერდით ორი დღე და ღამე. იმ დროს სოხუმში უკვე დაწყებული იყო არეულობა. გადავიღეთ სურათები ობელისკთან. ჩემმა ძმამ დათქვა, რომ ყოველ 9 მაისს ჩავიდოდით საფლავზე, მაგრამ მას შემდეგ სოხუმში ჩასვლა დღემდე აღარ მოხერხდა.


მამის გარდაცვალების შემდეგ დედა მუშაობდა კოლმეურნეობაში. ძალიან ჭირდა ცხოვრება. ჩემი ძმა ვალიკო ტყიდან ზურგით ეზიდებოდა შეშას. ტყეში სამნი დადიოდნენ _ ვალიკო და ძმები ოთარ და გივი ბიღიაშვილები. ზამთარში სკოლაში წასვლამდე ტყიდან მოჰქონდათ ერთი გზა შეშა და შემდეგ, იმ სველი ფეხსაცმელებით მიდიოდნენ სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნათესაობა გვეხმარებოდა, მაინც ჭირდა ცხოვრება.


დედამ დაიწყო სარეცხი საპონის გამოხდა, რასაც სჭირდებოდა კაუსტიკური სოდა. აღნიშნული საპონი დედას მიჰქონდა სოფლებში და ცვლიდა ხორბალზე, რათა ბავშვებს პური არ შემოგვკლებოდა. ერთხელაც, კაუსტიკური სოდა მოგვიტანეს ისეთ დროს, როცა მე ვიყავი 9 წლის და სახლში ვიყავი მარტო. ამ ქალს არ გავუფრთხილებივარ, რომ ეს ბოთლი დამედგა უსაფრთხო ადგილას. მე ეს ბოთლი დავდგი ჭურჭლის კარადის გვერდზე და წავედი ბავშვებთან საციგაოდ. იმ დილით დედას შევპირდი, რომ ტყემალს ჩამოვიტან ბიძაჩემიდან-მეთქი. დედა რომ მოსულა სახლში და დაუნახია ბოთლი, უფიქრია, ლილიმ ტყემალი ჩამოიტანაო და გაუსინჯია, რასაც მოჰყვა დიდი უბედურება - დაეწვა საყლაპავი მილი, ერთი წლის და 10 თვის განმავლობაში საჭმელი არ უჭამია გარდა რძის, ჩაის და ბულიონისა. ზოგჯერ კი ისე ვიწროვდებოდა საყლაპავი მილი, რომ ერთ წვეთ წყალსაც ვერ სვამდა. დედის ავადმყოფობის დროს ჩვენ პატარები ვიყავით. თბილისში დედა მიჰყავდა მულისშვილ თინა გონაშვილს. დედას მკურნალობდა პროფესორი მიხეილ ჩაჩავა. უტარებდა პროცედურებს ვეშაპის ულვაშით საყლაპავის გასაფართოვებლად. ამ შემთვევამდე დედა იწონიდა 75 კილოგრამს, იყო მაღალი, მოხდენილი, ლამაზი ქალი, შავი, დატალღული თმით, ავადმყოფობის დროს კი დარჩა 39 კილოგრამი. ცარიელი ძვალი და ტყავი. იმ დროისათვის ამ დაავადების სამკუნალოდ სხვა საშუალება არ არსებობდა.


ერთხელ ჩემმა ძმამ, ვალიკომ შეინახა „წუმი“ მთელი დღე, საღამოს მხოლოდ პატარა მარილიანი სეფისკვერი შეჭამა. ახლაც თვალწინ მიდგა, მთელი დღე როგორ დადიოდა ოთახებში წყურვილისა და შიმშილის დასავიწყებლად. იმ ღამეს ნახა სიზმარში, რომ სადღაც იდგა დიდი სასწორი, იქ იყო კაცი, რომელმაც გაჰკრა სასწორს ხელი, გაასწორა და უთხრა: ასე გასწორდება ყველაფერი და კარგად იქნებაო. ძალიან გახარებულები ვიყავით და იმედი მოგვეცა. ომის დამთავრების შემდეგ, ვინაიდან თბილისშიც ჭირდა ცხოვრება, ზაფხულობით ჩვენთან ჩამოდიოდა მკერავი ქალი, რომელიც თავის საქმიანობაში იღებდა პროდუქტს. ამ მკერავს ჰყავდა ორი ქალიშვილი, ისინი სწავლობდნენ მოსკოვში. ამ კეთილმა ქალმა შვილებს მისწერა ჩვენი ოჯახის გაჭირვება დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით. 1948 წელს, ზაფხულში მოსკოვიდან მივიღეთ პროფესორ იუდინის ბარათი, სადაც იტყობინებოდა, რომ 6 თვეში ჩამოვიდოდა თბილისში და აქ გაუკეთებდა ოპერაციას. თუ ავადმყოფი მძიმედ იყო და იქამდე არ შეიძლებოდა მოცდა, მაშინ ავადმყოფი უნდა ჩაგვეყვანა თბილისში, იქიდან კი თვითონ წაიყვანდა მოსკოვში თავისი ხარჯებით და გაუკეთებდა ოპერაციას. პროფესორმა იუდინმა ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, ამიტომ საჭირო იყო დედის მოსკოვში წაყვანა. დედის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გავყიდეთ ჩვენი ნაკვეთის ნახევარი 500 მანეთად.


ჩემმა დედის ძმამ, ილო ძიამ, გადაწყვიტა მისი მოსკოვში წაყვანა. თბილისში რომ ჩასულან, დედას გადაუფიქრებია მოსკოვში წასვლა, დედას გადარჩენის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ ძმისთვის უთქვამს, რომ ჩემს შვილებს მამის საფლავი დაკარგული აქვთ, დედის საფლავიც ხომ არ უნდა დაკარგონო. ისევ მიმიყვანე პროფესორ მიხეილ ჩაჩავასთან, თუ რამე მიშველა, თუ არა, აზრი არა აქვს ჩემს მოსკოვში წასვლასო. ჩაჩავასთან რომ მისულან, მას ძალიან გაჰკვირვებია _ კიდევ ცოცხალი ხარო და უთქვამს, რომ ის პროფესორი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ მე ვიყავი მასთან 6 თვე პრაქტიკაზე, მე შემიძლია, ოპერაცია გავუკეთო მას იმ პირობით, თუ ხელწერილს დამიწერეთო. მას დარჩენილი აქვს ორი კვირის სიცოცხლე, იქნებ ოპერაცია გადაიტანოსო. ჩემმა ბიძამ დაწერა ხელწერილი, გაუკეთეს პირველი ოპერაცია, რომელიც 4 საათი გრძელდებოდა. ეს ოპერაცია იშვიათობას წარმოადგენდა, საჩვენებელი იყო და მას ესწრებოდნენ სტუდენტები. 2 კვირის შემდეგ გაუკეთდა მეორე ოპერაცია, რის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე ნერწყვიც კი არ უნდა ჩაეყლაპა. დედას საავადმყოფოში თავისი დედა ედგა თავზე. ერთი კვირის თავზე პროფესორ ჩაჩავას უთქვამს ბებიასათვის: ხვალ, დილის 9 საათისათვის, რძე დამახვედრეო. მეორე დღეს დედას დაალევინა რძე და ნორმალურად წავიდა ყველაფერი. გახარებულ პროფესორს უთქვამს: ჩემო ელენე, ახლა კი მალე გაგაგზავნი შენს შვილებთან კახეთშიო. პროფესორ ჩაჩავას დედისთვის 5 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველებია.


მართლაც, მალე ჩამოიყვანეს დედა წითელწყაროში. არავინ არ დარჩენილა - ნათესავი, ნაცნობი და უცნობებიც კი, რომ არ მოსულიყო დედას სანახავად. რა არ მოჰქონდათ: ღორის ხორცი, ფქვილი, კარტოფილი, ხახვი და, ერთი სიტყვით, ვისაც რა ეშოვებოდა. არავის არ სჯეროდა, რომ დედას ჭამა უკვე შეეძლო, უნდოდათ, თავისი თვალით ენახათ ეს სასწაული. გავიდა წლები. ახალი განსაცდელი მოგვევლინა. 1962 წელს დედას დაემართა ნაწლავების გადახლართვა. იმ დროს სიღნაღის და წითელწყაროს რაიონები შეერთებული იყო და ექიმს არ ჰქონდა უფლება, სიღნაღის ნებართვის გარეშე, ოპერაცია ჩატარებულიყო. დრო არ იცდიდა. მიუხედავად მრავალჯერ ცდისა, დარეკვაც ვერ მოხერხდა. მაშინ ქირურგმა ვასო ღვინიაშვილმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მომაკვდავ ქალს ოპერაცია გაუკეთა. მან ოპერაციაზე ასისტენტებად დაიყენა გამოცდილი ექიმი ლევან ბოსტოღანაშვილი და გინეკოლოგი ნუნუ ღვინიაშვილი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რის შემდეგაც დედამ კიდევ იცოცხლა 10 წელი. დედა ოპერაციების შემდეგ უფალს შევედრებია, რომ 50 წლამდე მაცოცხლე, შვილები დამაზრდევინე და დამაბინავებინეო. მართლაც, დედა გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. სამივენი დაოჯახებულები ვიყავით და სამივეს გვყავდა ორ-ორი შვილი. დედის გარდაცვალების შემდეგ მიმოზას კიდევ შეეძინა ერთი ქალიშვილი _ ია, რომელიც დღეს მრავალშვილიანი დედაა, ჰყავს ხუთი შვილი _ 2 ვაჟი და 3 გოგონა, ერთმანეთზე უკეთესები. 2018 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი ტკივილი განვიცადეთ _ ჩემს ძმას გარდაეცვალა ქალიშვილი მარინა. მას დარჩა 2 შვილი- თეონა და თორნიკე და ერთი შვილიშვილი ანა.


ჩემ ძმას ვალიკოს დარჩა ერთი ვაჟკაცი _ გოჩა, ჩვენი სიამაყე და ყველას პატივისმცემელი, რომელმაც წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საყვარელი დის გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლისათვის, მაგრამ ამაოდ.


ძვირფასო რედაქცია, გმადლობთ, რომ 83 წლის ასაკში მომეცით საშუალება, გულიდან ამომეღო ის ტკივილი, რომელიც ამ ბოლო წლებში უფრო გამიმძაფრდა. გული მტკივა, რომ დედას ახალგაზრდობა გაუმწარდა ჩემი დაუდევრობის და დაუფიქრებლობის გამო. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვწუხვარ ძალიან. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ ყოველი საქმისას გამოიჩინონ წინდახედულება და გაიზიარონ თავისი საქციელის მოსალოდნელი შედეგები“.


image

* * *

ძვიფასო მკითხველო, ცალკე თხრობის თემაა ავთანდილ გოგილაშვილის საბრძოლო გზა და ფიქრები, რომელიც სულ საკუთარ ქვეყანას და ოჯახს ევლებოდა თავს. მე ხელთ მაქვს დროჟამისაგან გაყვითლებული, ქიმიური ფანქრით ნაწერი სამკუთხა ბარათები, რომელსაც მისი შვილები და შვილიშვილები, როგორც ძვირფას რელიქვიას, ისე ინახავენ და უფრთხილდებიან. წითელწყაროს რაიონი, ბულვარის ქუჩა #50 - ამ მისამართზე მოდიოდა სამკუთხა ბარათები, რომელიც ასე იწყებოდა: „დაძმური სალამი საყვარელ დაიკო მარგოს“ „სალამი ჩემ ძვირფას რძალ თინიკოს“, „ძმაო მიხეილ“, „სალამი ელიკოს“... და ყველა წერილში ერთსა და იგივეს იხვეწებოდა: „აბა, თქვენ იცით, როგორც უპატრონებთ ჩემს შვილებს და არ მაამშევთ პურს და გულს არ დაუჩაგრამთ, რაც საშუალება გაქვთ, ერთიმეორეს გაუნაწილეთ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, ამჟამად კარგად ვარ, მარტო თქვენი და შვილების დარდი მაწუხებს. ნეტავ ერთხელ კიდევ ენახა ჩემს თვალებს ყველა შინაური და განსაკუთრებით ნახევრადდაობლებული ჩემი შვილები. თუ ცოცხალი დავრჩი, სამაგიეროს სიკეთით გადაგიხდით. ახლა ერთ პატარა სურათს გიგზავნით, რომელიც 41-ში გადავიღე ნაწილში შრომის წიგნაკისათვის: სანამ ცოცხალი ვარ, წითელი ლენტით შეამკეთ და თუ სამამულო ომმა შემიწირა, შავი ლენტი შეაბით და არ დამივიწყოთ“... სამწუხაროდ, ავთანდილ გოგილაშვილი 1943 წლის მარტში მძიმედ დაჭრილი სოხუმის „გოსპიტალში“ გარდაიცვალა და მისი სახელი ობელისკის ცივ ქვაზე დარჩა ამოტვიფრული. დედოფლისწყაროში კი მისი შვილები - ვალიკო, ლილი და მიმოზა შვილებში, შვილიშვილებში და შვილთაშვილებში გამრავლებულები ცხოვრობენ, მხოლოდ სოხუმი დარჩა შორს...

მოამზადა

ნაირა გორაშვილმა


0
612
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0