x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონა, რომელმაც დინოზავრები აღმოაჩინა

მერი ენინგი დაიბადა 1799 წელს, ლაიმ-რიჯისში, ინგლისის სამხრეთში. იმ ადგილს დღეს იურული პერიოდის სანაპიროს უწოდებენ.


image


მერის მამა დურგალი იყო და მის დამატებით შემოსავალს ნამარხი ნაშთების მოძიება-გაყიდვა წარმოადგენდა. სწორედ მამამ ასწავლა მერისა და მის ძმას, როგორ უნდა მიეღწიათ კლდოვანი სანაპიროს ძირამდე ზღვის მიქცევის დროს და აღმოეჩინათ ნამარხი ნაშთები. ეს უნარები მერი ენინგისა და მისი ოჯახის მომავალი საქმიანობისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთვის პურის ფულის შოვნას მერი ნამარხი ნაშთების მოძიებითა და გაყიდვით ახერხებდა.

სწორედ ასე მიაგნო მერიმ დინოზავრების ნეშტებს.

ფოტოზე: მერი ენინგი და მისი ერთგული ძაღლი ტრეი. Photo credit © bbc.com


10 წლის გოგონამ შეძლო ისეთი მასალის მოძიება, რომელმაც საფუძვლიანი გადატრიალებებები მოახდინა 19-ე საუკუნის სამეცნიერო მონაცემებში და ჩვენი სამყაროს ისტორიისა და განვითარების აღქმაში ფუნდამენტური როლი შეასრულა.

1811 წელს მერის ძმამ, ჯოზეფმა, 1.2 მეტრის ზომის იხტიოზავრის - პრეისტორიული ხვლიკის თავის ქალა აღმოაჩინა, რომელიც 200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. თავდაპირველად, აღმოჩენილი თავის ქალა ნიანგისად მიიჩნიეს. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, 12 წლის მერიმ იპოვა იხტიოზავრის სხეულის დანარჩენი ნაწილები, რომელიც ძალიან მალე შეიძინა ადგილობრივმა მუზეუმმა.

Photo credit © The Natural History Museum UKPhoto credit © The Natural History Museum UK

სანამ მოზარდი ბავშვი უძველესი თავის ქალებისა და ნიჟარების აღმოჩენით იყო დაკავებული, ევროპელ მეცნიერეთა უმეტესობას ღრმად სწამდა, რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ 6000 წელს ითვლიდა, ადამიანზე ძველი სახეობების არსებობა კი აბსურდად მიაჩნდათ. მერი ენინგის აღმოჩენილი ზღვის რეპტილიები, მფრინავი დინოზავრი პტეროდაქტილი და უძველესი თევზები, პლეზიოზავრები და დიმორფოდონები მიუღებელი გახლდათ. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო დედამიწის მანამდე უცნობი წარსულის ხელშესახები ფიზიკური მტკიცებულებების, დინოზავრების ჩონჩხების აღმოჩენა. ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი მაშინდელი საზოგადოებისათვის ის იყო, რომ ამ აღმოჩენების ავტორი მერი იყო, გოგონა ძალიან ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ფაქტობრივ, სკოლაშიც კი ვერ ახერხებდა სიარულს.

მიუხედავად იმისა, რომ მერის არ მიუღია სასკოლო განათლება, მან ფაქტობრივ დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა, წერა, ხატვა და ნამარხი ჩონჩხების რეკონსტრუქცია.

აი, რას წერდა მერის შესახებ ლონდონის სასამართლო მოხელის ქვრივი, ჰარიეტ სილვესტერი, რომელმაც 1824 წელს მოინახულა ლაიმ რიჯისი: „ეს ახალგაზრდა ქალი ისე ღრმად არის ჩაფლული მეცნიერებაში, რომ საკმარისია ძვლებისთვის ერთი თვალის შევლება და მაშინვე გეტყვით, რომელი ცხოველის ნამარხთან გაქვთ საქმე“.

მერი გამუდმებით აწარმოებდა საკუთარ ჩანაწერებს და ინიშნავდა ყველა აღმოჩენას. ნაპოვნი ნაწილების მიხედვით იგი აღადგენდა და აღწერდა დინოზავრების ჩონჩხებს.

ისევ ჰარიეტ სილვესტერს თუ დავესესხებით: „პრაქტიკისა და გამოქვეყნებული მასალის შესწავლის შედეგად, ენინგმა ცოდნის ისეთ დონეს მიაღწია, რომ თავისუფლად საუბრობდა ამ თემებზე მეცნიერ მამაკაცებთან, რომლებიც ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ მერი ამ სფეროში ბევრად უკეთ ერკვევა, ვიდრე ნებისმიერი მეცნიერი ბრიტანეთში“.

იმ დროს გეოლოგია და პალეონტოლოგია განვითარების საწყის ეტაპზე იყო და ნებისმიერი აღმოჩენა ექსპერტებში ცხოველ ინტერესს იწვევდა.

მიუხედავად ამისა, მერისთვის სამეცნიერო წრეების კარი ჩაკეტილი იყო.

იგი ცხოვრობდა ისეთ პერიოდში, როდესაც სამეცნიერო საზოგადოების წევრები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ქალს არ შეეძლო მათ წრეებში მოხვედრა. ამის გამო მერი ენინგს არ შეეძლო გამოექვეყნებინა თავისი შრომები.

სამაგიეროდ, მამაკაცი გეოლოგები აქვეყნებდნენ სტატიებს ენინგის აღმოჩენებზე დაყრდნობით, ერთმა მათგანმა კი პლეზიოზავრის ნამარხის თაობაზე დაწერილ სტატიაში საერთოდ არ ახსენა მერი ენინგი.


მერი ენინგის ჩანახატი შენიშვნებთან ერთად,  რომელიც თარიღდება 1823 წლის 26 დეკემბრით და აღწერს მერის ა
1823 წლის დეკემბერში მერიმ აღმოაჩინა თითქოს გველისა და კუს შერწყმის შედეგად მიღებული „ურჩხულის“ ფაქტობრივ მთლიანი ჩონჩხი. ეს მსოფლიოში პირველად აღმოჩენილი პლეზიოზავრი, მეზოზოური ერის გრძელკისერა ზღვის რეპტილია გახლდათ და ნამდვილი სენსაციას წარმოადგენდა. ნამარხი ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო, რომ საუნივერსიტეტო წრეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, თუმცა მამაკაც მეცნიერთა დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა.


მეცნიერთა დიდი ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევდა მერის აღმოჩენების სინამდვილეს და სერიოზულად არ აღიქვამდა, სანამ ცნობილმა ფრანგმა ანატომმა, ჟორჟ კიუვიემ პლეზიოზავრის ნამარხი ავთენტურად არ აღიარა.

ფოტოზე: მერი ენინგის ჩანახატი შენიშვნებთან ერთად, რომელიც თარიღდება 1823 წლის 26 დეკემბრით და აღწერს მერის აღმოჩენილ და რეკონსტრუირებულ პლეზიოზავრის პირველ, თითქმის სრულ ჩონჩხს. Photo credit © www.the-scientist.com

მერის აღმოჩენები უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა არა მხოლოდ მამრობითი სქესის ექსპერტებსა და მეცნიერებს, არამედ ეკლესიის წარმომადგენლებსაც. დინოზავრების არსებობა ეწინააღმდეგებოდა სამყაროს აღქმის მათეულ სწავლებას. თუმცა სიცოცხლის წარმოქმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები მანამდეც ჩნდებოდა, მაგალითად დარვინის შრომებში.

მერის მონაპოვარმა სათავე დაუდო დედამიწის ისტორიის გადააზრებას.

მერის პირადი ჩანაწერების, მისი მოსაზრებების, ასევე პოტენციურ მყიდველებისთვის, მუზეუმებისა და სწავლულებისთვის, ტურისტებისა და კოლექციონერებისთვის გაგზავნილი ესკიზების შესწავლის საფუძველზე დღეისათვის მერი მრავალმხრივ ექსპერტადაა მიჩნეული და მას პალეონტოლოგიის დედად მოიხსენიებენ.

დღესდღეობით, მერი ენინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება დიდ ბრიტანეთში. თუმცა სიცოცხლე მან სიღარიბეში გაატარა. მერის მოძიებული ნამარხების საფუძველზე გაკეთებული მრავალი სამეცნიერო აღმოჩენის მიუხედავად, იგი ყოველთვის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნამარხი ნაშთების ძიება საკმაოდ სახიფათო საქმიანობა გახლდათ. მთებში არცთუ იშვიათია მეწყერი, რომელიც ერთი მხრივ მაძიებლებს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ - შეიძლება მათი დაღუპვა გამოიწვიოს. მერი არაერთხელ გადაურჩა სერიოზული დაზიანებების მიღებას, ერთ დღეს კი კინაღამ ემსხვერპლა მეწყერს. მერის გაუმართლა, მაგრამ მისი ერთგული ძაღლი, ტრეი, რომელიც ყველა ექსპედიციაში თან დაჰყვებოდა, დაიღუპა.

მერი ენინგი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის მშობლიურ ქალაქში. მისი ნეკროლოგი გამოქვეყნდა გეოლოგიური საზოგადოების ყოველკვარტლურ ჟურნალში. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მას მერე კიდევ 57 წლის განმავლობაში ახლოს არ იკარებდა ქალებს. როგორც ჩანს, მერის ბოლომდე უგულვებელყოფა მაინც ვერ შეძლეს, ის ხომ ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური აღმოჩენების ავტორი იყო.

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის "გზაზე ერთი ქალი მოდიოდა" ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი
პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით

0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:სოციალური შუქნიშანი
სოციალური შუქნიშანი
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0